დეზინფორმაცია: 1916 წელს უიდრო უილსონმა ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა ინანა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სტატია:

Facebook-ანგარიში Lasha Modebadze სოციალურ ქსელში მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერალური სარეზერვო სისტემა (Federal Reserve System) კერძო საკუთრებაში მყოფი დაწესებულებაა, რომლის მიზანიც უხილავი მთავრობის ფორმირებაა. Lasha Modebadze-ის თანახმად, ფედერალური სარეზერვო სისტემის დამტკიცებიდან სამი წლის შემდეგ პრეზიდენტმა უილსონმა სისტემის აქტის ხელმოწერა ინანა, რის დამადასტურებლადაც მისი გაყალბებული ციტატა მოჰყავს:

სინამდვილეში, ფედერალური სარეზერვო სისტემა არა კერძო საკუთრებაში მყოფი დაწესებულება, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკია. ის რეგიონალურ სარეზერვო ბანკთა სისტემებს შეიცავს და ფედერალური რეზერვის საბჭოს მიერ იმართება. საბჭოსა და მის თავმჯდომარეს პრეზიდენტი ნიშნავს, სენატი კი - ამტკიცებს. ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის აქტს პრეზიდენტმა უიდრო უილსონმა ხელი 1913 წლის 23 დეკემბერს მოაწერა. მის შექმნამდე აშშ-ის ეკონომიკა ხშირ რყევებსა და ჩავარდნებს განიცდიდა, მათგან გამორჩეული 1907 წლის ფინანსური პანიკა იყო. ფედერალური სარეზერვო სისტემის მიზანი აშშ-ის ეკონომიკის ეფექტური ფუნქციონირება და საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელების უზრუნველყოფაა. დაარსების დღიდან სარეზერვო სისტემას მონეტარული პოლიტიკის სამი ძირითადი მიმართულება აქვს: დასაქმების მაქსიმიზაცია, ფასების სტაბილიზაცია და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების მართვა.

რაც შეეხება Lasha Modebadze-ის მტკიცებას, რომ 1916 წელს უიდრო უილსონმა ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა ინანა, გაყალბებულ ციტატას ეფუძნება. აღნიშნული ციტატა სარეზერვო სისტემის დისკრედიტაციისთვის უცხოურ მედიაშიც აქტიურად ვრცელდება.

სინამდვილეში, გავრცელებული ტექსტის უმეტესი ნაწილი 1912 წელს უილსონის წინასაარჩევნო კამპანიისას გაკეთებული განცხადებების კრებულში გვხვდება. აღნიშნული კრებული, რომლის სახელიცაა „ახალი თავისუფლება“ (The New Freedom), 1913 წელს გამოიცა. მას ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ფრაზები, რომლითაც თითქოს უილსონმა სარეზერვო სისტემის შექმნა ინანა, რეალურად, მან საარჩევნო კამპანიისას ქვეყნის ფინანსურ რესურსებზე, მონოპოლიებსა და სოციალურ სამართლიანობაზე საუბრისას გააჟღერა. უფრო კონკრეტულად:

რაც შეეხება სიტყვებს - „მე ყველაზე უბედური ადამიანი ვარ. მე უნებურად გავაფუჭე ჩემი ქვეყანა“, - არცერთ ღია და სანდო წყაროში უიდრო უილსონის მსგავსი განცხადება არ იძებნება.

შესაბამისად, Lasha Modebadze-ის მტკიცება, თითქოს უიდრო უილსონმა 1916 წელს ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა ინანა, ყალბია. ციტატა, რომელსაც დეზინფორმაციის ავტორი იშველიებს, გაყალბებულია: პირველი ორი წინადადება ღია და სანდო წყაროებში საერთოდ არ იძებნება, ხოლო შემდეგი ნაწილები კრებულის - The New Freedom - მე-8 და მე-9 თავებიდანაა ამოღებული. კრებული უილსონის მიერ 1912 წელს წინასაარჩევნო კამპანიისას გაკეთებულ განცხადებებს აერთიანებს, როცა ფედერალური სარეზერვო სისტემა შექმნილიც კი არ იყო.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი