ნიკა ობოლაძე: 20 მილიარდი ლარით გაიზარდა საგარეო ვალი ჯამში და ეკონომიკასთან მიმართებით, გახდა 60%-ზე მეტი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა ობოლაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ განცხადება ტექნიკურ ხარვეზს შეიცავს. კერძოდ, ნათელია, რომ საუბარია მთლიანი, ანუ ქვეყნის შიდა და საგარეო ვალის, ჯამურ სიდიდეზე, რომელსაც განცხადების ავტორი საგარეო ვალად მოიხსენიებს. აღნიშნული შეცდომა, პოლიტიკოსებს შორის, საკმაოდ გავრცელებულია.

2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 22.4 მლრდ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 10.2 მლრდ ლარით. 2020 წელს, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელმა 63% შეადგინა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლად გამოყენებულია საქართველოს ბიუჯეტის ბოლო ოფიციალური მონაცემი. ეკონომიკა, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელზე მეტად შემცირდა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი. შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2012 წელთან შედარებით, ფარდობითი მაჩვენებელი მინიმუმ 31 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, მინიმუმ 21 პროცენტული პუნქტით.

განცხადებაში იკითხება რეალობა, რომ 2020 წელს ვალის მაჩვენებლების მკვეთრი მატება Covid-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება. პანდემიამდე, 2020 წლის მთავრობის ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-თან 45%-ს შეადგენდა, რაც ასევე არსებითად გაზრდილ სიდიდეს წარმოადგენდა. თუმცა ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტი ლარის გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებით მერყეობაა. მთლიანი სახელმწიფო ვალის ზრდა, ძირითადად სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდაზე მოდის. საგარეო ვალის ლარში გამოსახულ მოცულობაზე კურსის მერყეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამავდროულად, 2014 წლის შემდეგ, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს.

ანალიზი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, ნიკა ობოლაძემ განაცხადა (ვიდეო): „საგარეო ვალი იყო 36%, მშპ-სთან მიმართებით, 20 მილიარდი ლარით გაიზარდა საგარეო ვალი ჯამში და ეკონომიკასთან მიმართებით, გახდა 60%-ზე მეტი. მათ შორის, 10 მილიარდი ლარი ავიღეთ ბოლო ერთ წელიწადში და ეს არის თითო ოჯახზე 10 000 ლარი და თითოეულმა ოჯახმა გადაწყვიტოს, ეს ათი ათასი ლარი დახმარება იგრძნო, თუ ვერ იგრძნო. ეს ყველაფერი ხდებოდა კოვიდის დამარცხების ეგიდით”.

სახელმწიფო ვალი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ინტერესი განსაკუთრებით ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის პირობებში გაიზარდა. სახელმწიფო ვალი შიდა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული და საგარეო, შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალისგან შედგება. აღნიშნულ ნაწილში, განცხადება ტექნიკურ ხარვეზს შეიცავს. კერძოდ, საუბარია მთლიანი ვალის სტატისტიკაზე, რომელსაც განცხადების ავტორი საგარეო ვალად მოიხსენიებს. აღნიშნული შეცდომა პოლიტიკოსებს შორის საკმაოდ გავრცელებულია.

საჭიროა, მთავრობის ვალი და სახელმწიფო ვალი განვასხვავოთ. სახელმწიფო ვალი მთლიან სამთავრობო (შიდა+გარე) ვალისა და ეროვნული ბანკის ვალდებულებების ჯამურ მაჩვენებელს წარმოადგენს. კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის დასაშვებ ზღვრად, მთავრობის ვალის მშპ-თან 60%-ს განსაზღვრავს. თუმცა, დადგენილ მაჩვენებელზე მეტი ვალის აღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია. ამავდროულად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს ამ კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმასაც წარუდგენს. პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. წარსულში, დასახელებული კანონი ვალის ფარდობითი მაჩვენებლის ჭერად სახელმწიფო ვალის 60%-ს განსაზღვრავდა. განცხადებაში, ნიკა ობოლაძე არ საუბრობს კანონით განსაზღვრულ ვალზე, შესაბამისად, რელევანტურია სახელმწიფო ვალის მაჩვენებლების ანალიზი.

2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 22.4 მლრდ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წელთან შედარებით, 10.2 მლრდ ლარით. ნიკა ობოლაძე ფარდობით მაჩვენებლებსაც აანალიზებს, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით, მართებული მიდგომაა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია, იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე, შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ხშირად პოლიტიკოსებს სათვალავს მიღმა რჩებათ. 2020 წელს, სახელმწიფო ვალის მოსალოდნელ მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელმა 63% შეადგინა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლად გამოყენებულია საქართველოს ბიუჯეტის უკანასკნელი ოფიციალური მონაცემი. ეკონომიკა, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაზრდილია. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2012 წელთან შედარებით, ფარდობითი მაჩვენებელი მინიმუმ 31% პუნქტით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით - მინიმუმ 21%-ით.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის დინამიკა 2012-2020 წლებში (მლნ ლარი, მშპ-ს %)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განცხადებაში იკითხება რეალობა, რომ 2020 წელს ვალის მაჩვენებლების მკვეთრი მატება Covid-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება. პანდემიამდე, 2020 წლის მთავრობის ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-თან 45%-ს შეადგენდა. თუმცა ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტია, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა დოლართან მიმართებით. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც (წარსულში აღებული ვალის გადაუხდელი ნაწილი). სახელმწიფო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია. მთლიანი სახელმწიფო ვალის ზრდა, ძირითადად სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდაზე მოდის. გრაფიკ 2-ზე, წარმოდგენილია საგარეო სახელმწიფო ვალი, გამოსახული როგორც ლარში, ასევე დოლარში, ვალუტის კურსით გამოწვეული მერყეობის საილუსტრაციოდ. მეორე მხრივ, 2014 წლის შემდეგ, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება, მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გრაფიკი 2: სახელმწიფო საგარეო ვალი, გამოსახული ლარში და დოლარში, 2012-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი