დეზინფორმაცია: COVID-19-ის ვაქცინის AstraZeneca-ს ეფექტურობა 10%-ია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. პოსტის ავტორი წერს, რომ COVID-19-ის ვაქცინის AstraZeneca-ს ეფექტურობა 10%-ია.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა მასობრივი გამოყენებისთვის დიდ ბრიტანეთში 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა. Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა 25-ზე მეტი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის ავტორიზებული, მათ შორის, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 2021 წლის იანვრის ბოლოს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის აღიარებული. ჯანმომ გამოყენების ავტორიზაცია Oxford-AstraZeneca-ს ორი სხვადასხვა წარმოების ვაქცინაზეც (კორეა, ინდოეთი) გასცა და COVAX პლატფორმაზე განთავსდა, რაც სხვადასხვა ქვეყნისთვის COVID-19-ის ვაქცინების ხელმისაწვდომობას გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის კლინიკურ კვლევებში ხანდაზმულთა მცირე ნაწილი იყო ჩართული. შეზღუდული მონაცემების გამო, ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. თუმცა არსებული კვლევებისა და მონაცემების შესწავლის საფუძველზე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA), ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია 65 წელს ზევით ჯგუფშიც გასცა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტების შეფასებით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა 63%-ია.

ჟურნალ The Lancet-ში დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კლინიკური კვლევის ეტაპზე AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექიტიანობა 70.4% იყო. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში 17 000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, დაცვა 76% იყო, მეორე დოზის მიღების შემდეგ კი - ვაქცინის ეფექტიანობა 82%-მდე გაიზარდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინას აქვს უნარი, რომ COVID-19 გავრცელება არსებითად შეამციროს.აქვე აღსანიშნავია, რომ დასახელებული ვაქცინა შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს, რაც სხვადასხვა ქვეყნისთვის მის ხელმისაწვდომობას ზრდის.

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ AstraZeneca-ს ვაქცინა დაბალეფექტიანია. კვლევის პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ მისი ეფექტიანობა დაახლოებით 10%-ია. შესაბამისად, სამხრეთ აფრიკამ ვაქცინაციის პროცესში AstraZeneca- ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველო მარტის თვეში სწორედ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანას გეგმავს. COVID-19-ის პანდემიის შეჩერება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი. ამ ფონზე ვაქცინის დაბალეფექტიანობაზე გავრცელებული ყალბი ამბები ვაქცინისადმი მოსახლეობის ნდობას მნიშვნელოვნად აზარალებს.

მტკიცება, რომ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა 10%-ია, ყალბია. მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დადასტურებული და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილებმა, სალომე ტოლიაშვილმა, ანა აბრამიძემ და ქეთი დოდაშვილმა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი