ელენე ხოშტარიამ, ევროპული საქართველოს დატოვების შემდეგ, ახალი მოძრაობა დააფუძნა. მოძრაობის სახელია „დროა“. ორგანიზაციის ვებგვერდზე ელენე ხოშტარიამ ვიდეომიმართვა განათავსა. ვიდეოში პოლიტიკოსი ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას მიმოიხილავს. „ფაქტ-მეტრმა“ ვიდეომიმართვაში მოყვანილი ძირითადი ფაქტები გადაამოწმა.

მტკიცება: 2012 წლის შემდეგ საგარეო ვალი 3-ჯერ გაიზარდა

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

2020 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 24.7 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით, 3.4-ჯერ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა პოლიტიკოსი ყურადღების მიღმა ტოვებს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, შედეგად - რეალობას დამახინჯებული სახით წარმოაჩენს.

საგარეო ვალი მხოლოდ 2020 წელს 8.2 მლრდ ლარით გაიზარდა, რაც პანდემიის გავლენით არის განპირობებული. შესაბამისად, ამ კონტექსტის გამოყოფისა და გათვალისწინების გარეშე 2020 წლის მაჩვენებლის სხვა მონაცემთან შედარება მანიპულაციას წარმოადგენს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. შეცდომაში შემყვანი და მონაცემთა ანალიზის არაოპტიმალური გზაა ვალზე მსჯელობა აბსოლუტურ სიდიდეში. 2012-2020 წლებში იზრდებოდა ეკონომიკა და, შესაბამისად, ვალის ის მოცულობა რომლის უმტკივნეულოდ მომსახურებაც ეკონომიკას შეუძლია. სწორედ ამიტომ ვალის დინამიკის ანალიზისას მიზანშეწონილია ფარდობითი მაჩვენებლის (ვალის ფარდობა მშპ-სთან) და არა აბსოლუტურის გამოყენება. 2012 წელს საგარეო ვალი მშპ-ს 27%-ს, 2019 წელს კი 33%-ს შეადგენდა ანუ მხოლოდ 6 პროცენტული პუნქტით იყო გაზრდილი. მაჩვენებელმა სწორედ პანდემიის პირობებში მიაღწია 50%-ს თუმცა 2012 წელთან შედარებით 3-ჯერადი ზრდა არც ამ შემთხვევაში ფიქსირდება.

ამავდროულად, პოლიტიკოსი ყურადღების მიღმა ტოვებს ფაქტს, რომ ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტი ლარის გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებით მერყეობაა. საგარეო ვალის ლარში გამოსახულ მოცულობაზე კურსის მერყეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამავდროულად, 2014 წლის შემდეგ, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში პასუხისმგებლობა სრულად მთავრობას ვერ დაეკისრება.

გრაფიკი1: სახელმწიფო ვალის დინამიკა 2012-2020 წლებში (მლნ ლარი, მშპ-ს %)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კურსის მერყეობის გავლენას თვალსაჩინოდ ასახავს გრაფიკი 2. სადაც ნათლად ჩანს ზრდის ტემპში განსხვავება დოლარში და ლარში გამოსახულ სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობას შორის.

გრაფიკი 2: სახელმწიფო საგარეო ვალი, გამოსახული ლარში და დოლარში, 2012-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მტკიცება: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ევროპის 46 ქვეყნიდან 44-ე ადგილზე ვართ

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე.

2019 წლის მონაცემებით საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 73.7-ის ტოლია, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარების დონეა, რასაც შემდეგ მოსდევს ისეთი პრობლემები როგორიცაა, სრულფასოვანი ჯანდაცვის ნაკლებობა, არასრულფასოვანი კვება და ა.შ.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპაშია, სადაც ეკონომიკის განვითარების დონე შედარებით უფრო მაღალია ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში. სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობით საქართველო ევროპის 46 ქვეყანას შორის მართლაც 44-ე ადგილზეა, შესაბამისად ელენე ხოშტარიას განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.

მტკიცება: 3.7 მილიონიანი მოსახლეობიდან 400 ათასი სოციალურად დაუცველია, 300 ათასი მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული, 600 ათასს ლომბარდის ვალი აქვს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ელენე ხოშტარიას მიერ დასახელებული მონაცემები არაა ზუსტი, თუმცა ის ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე სწორად აპელირებს. შესაბამისად, მისი განცხადების კონტექსტი სიმართლეა.

საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, ფულადი სოციალური დახმარების [საარსებო შემწეობის] მიმღები არის 532,242 მოქალაქე (148,653 ოჯახი). სოციალურად დაუცველთა [საარსებო შემწეობის მიმღებთა] რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ელენე ხოშტარია ასახელებს.

2021 წლის 9 მარტის მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში სულ 288,065 ჩანაწერი იძებნება. აღნიშნული მაჩვენებელი ფიზიკური და იურიდიული პირების რეგისტრირებულ საქმეების რაოდენობას ასახავს, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უნიკალურ რაოდენობას არ ასახავს, ერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე რამდენიმე საქმე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. შესაბამისად, მტკიცება, რომ 300 ათასი ადამიანი არის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული, სიმართლეს არ შეესაბამება.

ლომბარდების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგებს საქსტატი აქვეყნებს, ბოლო მონაცემი 2017 წლის მაჩვენებელს ასახავს. 2017 წელს ლომბარდებში მსესხებელთა რაოდენობამ [გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები] 609 358 შეადგინა, აქედან 99.6%, ანუ 606 875 ხელშეკრულება, ფიზიკური პირებზე იყო გაფორმებული. საქსტატი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ მსესხებელთა მაჩვენებელი ფიზიკური და იურიდიული პირების უნიკალურ რაოდენობას არ ასახავს, არამედ ლომბარდებთან გაფორმებული ხელშეკრულებების რიცხვს. შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილიც ბოლომდე ზუსტი არ არის.

მტკიცება: 2012-2019 წლებში 760 ათასია ქვეყნიდან წასული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის ტყუილი

საქსტატის მონაცემებით, 2012-2019 წლებში მიგრაციული სალდოს ჯამი (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) - 63,453-ია. ანუ, ამ პერიოდში, დაახლოებით 63.453 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა.

პოლიტიკოსმა, სავარაუდოდ, 2012-2019 წლებში ემიგრანტების რაოდენობა დააჯამა, რაც 758,098-ს შეადგენს. ემიგრანტების ყოველწლიური მონაცემების დაჯამება არამართებულია, რადგან, შესაძლოა, ემიგრანტების რიცხვში ჩაითვალოს პირი, რომელიც აღარ იმყოფება ემიგრაციაში. მეორე მხრივ, შესაძლოა, მონაცემების დუბლირება მოხდეს. აღნიშნულ პერიოდში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ ან მეტჯერ წავიდა ემიგრაციაში.

მტკიცება: 2018 წლის Unicef-ის დასკვნით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 69% ღარიბია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის მეტწილად მცდარი

Unicef-მა „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევის შედეგები 2018 წელს გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის მონაცემებს ასახავს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს (რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება). ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში (რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება).

Unicef-ის ბოლო კვლევის, 2017 წლის მონაცემებით, ზოგად სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 21.7%-ია, მოსახლეობის 5% კი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაიზარდა, როგორც ზოგად, ისე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თუმცა ის არ შეესაბამება იმ მონაცემებს, რასაც პოლიტიკოსი აჟღერებს.

საქსტატის 2019 წლის მონაცემებით კი, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 19.5% ცხოვრობდა.

2016 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლებზე სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2011-2014 წლების მონაცემებს ასახავს. აღნიშნული კვლევის თანახმად, 2014 წელს მოსახლეობის 32% უკიდურეს სიღარიბეში, ხოლო მოსახლეობის 37% ზომიერი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. ელენე ხოშტარია სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას, სავარაუდოდ, ამ ორ მაჩვენებელს აჯამებს, თუმცა დღეს ის უკვე არარელევანტურია. ამასთან პოლიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Unicef-ის მონაცემებზე საუბრობს, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა.

მტკიცება: კოვიდით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, შესაძლოა, დამატებით 169 000 ადამიანი აღმოჩნდეს სიღარიბეში, ხოლო 400 000 ადამიანს შეუმცირდეს შემოსავალი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე.

პოლიტიკოსი განცხადებისას, მსოფლიო ბანკის ანგარიშს ეყრდნობა. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით შემცირდებოდა, შედეგად, დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს.

მტკიცება: ბოლო 8 წლის განმავლობაში სურსათზე ფასი 48 %-ით, მედიკამენტებზე 65-70 %-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში (2021 წლის იანვარი შედარებულია 2013 წლის იანვართან) სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ინფლაციის მაჩვენებელმა 48.7% შეადგინა. ამავე პერიოდში, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 55.4%-ით, ხოლო „მედიკამენტების, თერაპიული ხელსაწყოებისა და სხვა“ ქვეჯგუფში ფასები 101.5%-ით არის გაზრდილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი