როგორ მუშაობს ახალციხის გენდერული თანასწორობის საბჭო

2021 წლის 27 იანვარს ახალქალაქში შუახნის ქალი სამხედრო დასახლებასთან მდებარე ხიდიდან გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ადიგენში მცხოვრებმა 75 წლის ქალმაც, იგი 2020 წლის 3 ივლისს საკუთარ ეზოში გარდაცვლილი შვილმა ნახა.

ამავე წლის თებერვალში მეუღლის მხრიდან სისტემატურ ძალადობაზე საუბრობდა ახალციხეში მცხოვრები 32 წლის ქალი. იგი 10 თებერვალს სისხლჩაქცევებით ახალციხის კლინიკა „იმედში“ შეიყვანეს. მეორე დღეს ქალის მეუღლე ტყეში გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

ეს იმ შემთხვევების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში ბოლო პერიოდში დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, რეგიონში ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ბოლო ორი წლის განმავლობაში, გაორმაგებულია. 2019 წელს რეგიონში ძალადობის მსხვერპლი 110 ქალი და 10 კაცი გახდა, 2020 წელს კი - 182 ქალი და 43 კაცი. მათზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც ძალადობენ.

რეგიონში მომუშავე უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათთან მიმართვიანობა გაზრდილია. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ დახმარებას ათობით მსხვერპლს უწევენ. ეს ეხება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. „სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი მარინა მოდებაძე „ფაქტ-მეტრთან“ აცხადებს, რომ, ძალადობის შემთხვევებმა ახალქალაქში, ადიგენსა და ახალციხეში მოიმატა. მიუხედავად აღნიშნულისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოში განცხადებები გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე არ შესულა.

გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობის, დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, 2018 წლიდან მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოები შეიქმნა.

„ფაქტ-მეტრი“ გაგაცნობთ, როგორ მუშაობს ახალციხის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭო და რა შედეგები აქვს.

ახალციხის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც 11 ქალისა და 5 კაცისგან არის დაკომპლექტებული, 2018 წლის 14 მარტიდან ფუნქციონირებს. საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე ხელმძღვანელობს.

2018 წლის 15 თებერვლის დადგენილების მიხედვით, საბჭოს მიზანი მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პროცესის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა. ამისთვის საბჭოს წევრებმა ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისთვის უნდა განახორციელონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები. განიხილონ მათთან შესული განცხადებები, რომლებიც გენდერული თანასწორობის დარღვევას ეხება და მოამზადონ შესაბამისი რეკომენდაციები. გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, საბჭომ რეკომენდაციით საკრებულოს, ან საქართველოს პარლამენტს უნდა მიმართოს. მსგავსი საბჭოები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოშია შექმნილი.

საბჭო უფლებამოსილია გენდერული თანასწორობის საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგინოს ახალციხის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები, ჩაერთოს ბიუჯეტის გენდერულად დაბალანსებულად დაგეგმვის პროცესში და ა.შ.

2018 წლის 14 მარტიდან დღემდე საბჭომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი ანგარიში ჩააბარა, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბჭოს: სამართლებრივი აქტების პროექტებზე ანალიზი და საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა არ განუხორციელებია; არ შეუმუშავებია გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა; ასევე არ წარუდგენია წინადადებები და რეკომენდაციები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში. გარდა ამისა, გენდერული თანასწორობის საბჭოში განცხადებები არ შესულა გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე.

ეს ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ საბჭოს მიზნებისა და საქმიანობის შესახებ მოსახლეობას მწირი ინფორმაცია აქვს და მისი ფუნქციონირება ფორმალურია. მაშინ, როცა ახალციხეში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელის, მარინა მოდებაძის განმარტებით, მიმართვიანობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ახალციხის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე, ასეთ პასიურობას მათ გამოუცდელობას უკავშირებს. იგი „ფაქტ-მეტრთან“ ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაგეგმეს, მაგრამ მათ განხორციელებას ამჯერად ხელი პანდემიამ შეუშალა.

2019 წლის ანგარიშის დიდი ნაწილი საბჭოს წევრების ტრენინგებზე დასწრებას და მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ეთმობა, საუბარია ახალციხის მერიაში არსებული მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებასთან და „ქალთა ოთახთან“ ერთად გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზეც.

დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს საბჭოს და ახალციხის მერიაში არსებული მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებასთან ერთად, მუნიციპალიტეტში დაინერგა გენდერული სტატისტიკა. თვითმმართველობის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა სტატისტიკა განხორციელდა, სოფლებში კი გენდერულ ჭრილში მოსახლეობის რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა. ძალადობის წინააღმდეგ, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი გაიმართა.

2020 წლის ანგარიშიც, გასული წლის მსგავსად, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ეთმობა, დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ კორონავირუსის გამო, მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებასთან ერთად დაგეგმილი ესეების და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი ვერ ჩატარდა. ამავე მიზეზით, ვერ განხორციელდა მხიარული სტარტები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა შვილებს“ ჩართულობით დაიგეგმა (იხილეთ დანართი).

საინფორმაციო შეხვედრები შემდეგ თემებზე ჩატარდა: გედერული თანასწორობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური შევიწროება, დისკრიმინაცია და ქალთა უფლებები, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით, გენდერული საბჭო და გენდერული თანასწორობის განყოფილება თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია

„დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან“, შედეგად, 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის სექტემბრამდე, სხვადასხვა თემაზე, ჯამში 40-მა ქალმა გაიარა სატრენინგო კურსი და საჭირო უნარ-ჩვევები მიიღო. საბჭოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ვერ იხსენებს, დასაქმდა, თუ - არა გადამზადებული ქალებიდან რომელიმე.

გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით, გენდერული თანასწორობის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში 2019-2020 წლებში ჩატარებული ღონისძიებების, ბუკლეტების და საჩუქრებისთვის 17 090 ლარი დაიხარჯა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლიდან დღემდე 11 შეხვედრა გამართა, აქედან, 2018 წელს - 2, 2019 წელს - 4, 2020 წელს - 5.

სახალხო დამცველმა გენდერული თანასწორობის საბჭოების მუშაობა შეისწავლა, 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ბოლო წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისკენ მიმართული არაერთი აქტივობის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ქვეყნის გენდერულ პოლიტიკაში რეგიონების განსხვავებული საჭიროებების ასახვა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ სისტემატიზებული და საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმების და პროგრამების შემუშავება. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში ნაკლებად პრიორიტეტულია გენდერული თანასწორობის მისაღწევად მიმართული ღონისძიების გატარება.

ახალციხის გენდერული თანასწორობის მუშაობის შესახებ აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშიც. არასამთავრობო ორგანიზაციამ საბჭოს 2018-2019 წლების მუშაობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ საკვლევ პერიოდში საბჭოს არც სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი განუხორციელებია, არც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგ-შეფასების სისტემა შეუმუშავებია და არც რეკომენდაციები მოუმზადებია.

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი