ირაკლი ქარსელაძე: [მუნიციპალური ტრანსპორტი] ექვს ქალაქს 146 ავტობუსი გადაეცა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქარსელაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას (GUTEP) ახორციელებს, რომლის დამფინანსებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია (EBRD). პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის 175 ერთეული ევრო-5 სტანდარტის ავტობუსის შესყიდვა და 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილება იგეგმება. ამ ეტაპისთვის 111 ერთეული ავტობუსი, და არა 146 ერთეული, როგორც მინისტრობის მაშინდელი კანდიდატი აცხადებდა, უკვე მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. დარჩენილი ავტობუსებიც, მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, საქართველოშია და მათი გადაცემის პროცესი გაზაფხულის განმავლობაში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ირაკლი ქარსელაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ, სხვა საკითხებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტზე ისაუბრა და აღნიშნა: „მუნიციპალური ტრანსპორტი 2020 წლის ბოლოს გარღვევა იყო. საკანონმდებლო ხარვეზიც მოწესრიგდა, რომელიც უფლებას აძლევს მუნიციპალიტეტს და არა მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს, იყოლიონ მუნიციპალური ტრანსპორტი. უკვე ექვს ქალაქს, მათ შორის სამ თვითმმართველ ქალაქს და კიდევ სამ ქალაქს (ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი, გორი, რუსთავი და თელავი) 174-დან 146 ავტობუსი უკვე გადაეცა. დანარჩენი ყველა ჩამოსულია და განბაჟებას გადის“.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის (GUTEP) განსახორციელებლად დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიიღო, პროექტი საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის - ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის, ახალი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 19 მილიონი ევროა.

გასული წლის 27 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.-თან ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ მუნიციპალიტეტებისთვის 175 ერთეული ავტობუსი უნდა შეიძინოს. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ეტაპობრივად, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში, ასჩვიდმეტი 8.5-მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10-მეტრიანი ავტობუსის მოწოდება უზრუნველყოს. პროექტის ფარგლებში გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი უნდა გადაეცეს.

2020 წლის 16 დეკემბერს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ფოთს EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსები გადასცა. პირველ ეტაპზე, ფოთს 50 მგზავრზე გათვლილი 5 ახალი ავტობუსი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში დარჩენილი 5 ავტობუსის გადაცემა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეტაპობრივად განხორციელდება. ახალი ავტობუსები ევრო სტანდარტის შესაბამისია, მათ შორის, თანამედროვე ვენტილაციის სისტემით არის აღჭურვილი და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის სრულად არის ადაპტირებული.

15 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდს EURO 5-ის სტანდარტის 15 ავტობუსი, ქალაქ თელავს - 5 ავტობუსი, ქალაქ ქუთაისს, ჯამში, 36 ერთეული (30 - 50 მგზავრზე გათვლილი 8-მეტრიანი და 6 – 83 მგზავრზე გათვლილი 10-მეტრიანი ავტობუსი), ქალაქ გორს - 25 ერთეული, 22 ერთეული (10-მეტრიანი, 83 მგზავრზე გათვლილი) ავტობუსი ქალაქ რუსთავს გადაეცა.

მუნიციპალიტეტების ექვს დასახელებულ ქალაქში ჯამში 111 ერთეული ავტობუსი უკვე შეყვანილია და არა 146, როგორც მინისტრობის კანდიდატი განცხადებაში ასახელებს. დარჩენილი ავტობუსები მუნიციპალიტეტებს გაზაფხულზე გადაეცემათ (მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, 175-ვე ერთეული ავტობუსი საქართველოშია შემოსული).

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ თელავს აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავდა. 1998 წლის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი არც ქალაქ გორს ჰყოლია. ქალაქისთვის განკუთვნილი 30 ერთეული ავტობუსის ღირებულება მთლიანობაში 3 800 500 ევროა, ერთი ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვა დაახლოებით 106 000 ევრო ჯდება.

გორის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასულ წელს დააანონსა, რომ 2020 წლის შემოდგომიდან გორს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლებოდა და მას საჩუქრად სახელმწიფოსგან მიიღებდა. ამის ნაცვლად, სპეციალურად შექმნილი ორგანიზაციის შენახვა და სესხად აღებული თანხების დაფარვა 2030 წლამდე, საკუთარი გადასახადებიდან, თავად გორელებს მოუწევთ (იხილეთ: სტატია).

რაც შეეხება საკანონმდებლო ხარვეზს, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ (ძალადაკარგულია 2014 წლის 5 თებერვლიდან), მუნიციპალიტეტებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების უფლება არ ჰქონდათ. 2014 წლის 5 თებერვალს ძალაში შევიდა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომლის მიხედვითაც მათ აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭათ (თავი III, მუხლი 16, ქვეპუნქტი 2 (ლ)).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ირაკლი ქარსელაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი