შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, რომლის 100%-იან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს, მიმდინარე წლის 6 იანვარს ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT210000155) გამოაცხადა. კომპანია 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების საფეხბურთო სტადიონისთვის ბუნებრივი ბალახის ზრდის ხელოვნურ სანათ მოწყობილობას ყიდულობს. შესყიდვა მონტაჟსა და თანმდევ მომსახურებასაც მოიცავს.

ტენდერში ოთხი კომპანია ჩაერთო და შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი შპს softmaster-მა შესთავაზა. თუმცა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. როგორც სხდომის ოქმშია აღნიშნული, კომპანიამ ტექნიკური დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში არ წარადგინა/დააზუსტა.

მომდევნო პრეტენდენტი, რომელსაც სხვა მონაწილეებზე დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული, შპს „მაიჯიპიესი“ იყო. „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ 2021 წლის 4 მარტს 1 465 000-ლარიანი ხელშეკრულება სწორედ მასთან გააფორმა.

სახელშეკრულებო პირობის თანახმად, საქონლის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა 12 მარტს ვადები შეიცვალა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მაიჯიპიესი“ შემსყიდველს სანათ მოწყობილობას 26 მარტის ჩათვლით პერიოდში მიაწოდებს. როგორც ჩანს, პროექტების მართვის კომპანია ცდილობს, რომ მიმდინარე წლის მაისისთვის სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის საფეხბურთო მატჩებისთვის მოამზადოს. შემოდგომაზე კი, როგორც ორგანიზაციის დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ განაცხადა, ეროვნული ნაკრების მატჩების გამართვა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში სხვა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გამარჯვებული შპს „მაიჯიპიესს“ ( ს/კ 205216176 ), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სამი მფლობელი ჰყავს: თემურ მატუა, მიხეილ ჩაკაბერია და დავით ჭიჭინაძე.

თემურ მატუამ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 60 000 ლარი შესწირა.

კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს. მან ორმოცდასამ ტენდერში გაიმარჯვა, აქედან ოცდარვა ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო ოთხ შემთხვევაში ხელშეკრულება სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.

ცხრილი 1. სახელმწიფო ტენდერები, რომლებშიც შპს „მაიჯიპიესმა“ გაიმარჯვა

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, შპს „მაიჯიპიესმა“, ჯამში, 25 610 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც უკონკურენტოდ მიღებული ხელშეკრულებების ღირებულება 12 670 300 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“, ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად შპს Boulevard Trading-ი ეწოდებოდა. კომპანიის სახელი რამდენჯერმე შეიცვალა, ჯერ შპს „ვეტერინარი“ ეწოდა, ხოლო მოგვიანებით - შპს „სტადიონი“.

შპს „სტადიონს“ აჭარის ა/რ მთავრობამ ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება მიანდო, როგორებიცაა ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია), ბათუმში ახალი სპორტკომპლექსისა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია) და UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების 20 000 მაყურებლზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია) მშენებლობები. არც ერთი პროექტი თავდაპირველად დადგენილ ვადებში არ დასრულდა და მათ შესახებ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენ ზემოთ მითითებულ სტატიებში ვცადეთ.

2020 წელს კომპანიას სახელი კიდევ ერთხელ შეეცვალა და შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ეწოდა. ამ ეტაპზე მისი დირექტორი ბაქარ ჩიტაიაა, რომელიც მანამდე აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც ბათუმის არჩეულმა მერმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, მერის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი დაინიშნა.

ფოტო:აჭარის პროექტების მართვის კომპანია

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი