როგორც ცნობილია, „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“ დაწყებული მშენებლობების უდიდესი ნაწილი, რომელშიც კლიენტებს თანხა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი, ვერ დაასრულა და შედეგად, თითქმის 6 200-მა ოჯახმა (დაახლოებით 30 000 ადამიანმა) დაპირებული ბინები ვერ მიიღო.

„ცენტრ პოინტის მიერ“ დაზარალებული პირების პრობლემის მოგვარება წლებია ვერ ხერხდება. თბილისის მერიის მხრიდან გარკვეული მცდელობები იყო, თუმცა მშენებლობები დღემდე დაუსრულებელია.

გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიას, „ცენტრ პოინტ ჯგუფსა“ და შპს „სიემს“-ს შორის, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (დანართი). მემორანდუმს ხელს თბილისის მერი - კახი კალაძე, „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ წარმომადგენელი მაია რჩეულიშვილი და შპს „სიემსი“-ს დირექტორი გიორგი ქარაზანაშვილი აწერს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გიორგი ქარაზანაშვილი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე აცხადებენ, „ქართული ოცნების“ სიის 70-ე ნომრის გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესპარტნიორია. მათივე განცხადებით, ბარვენაშვილი ქართული ოცნების წარმომადგენლების „ძვირადღირებულ ვოიაჟებს“ აფინანსებს. გიორგი ბარვენაშვილს „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 120 000 ლარი აქვს შეწირული.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი, „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე მხარეთა თანამშრომლობაა. მემორანდუმი - კონკრეტულად 6 ლოკაციაზე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებას შეეხება.

მემორანდუმის მიხედვით, შპს „სიემსის“ აღნიშნული დაუმთავრებელი ობიექტები სამშენებლოდ უნდა მოემზადებინა, ანუ წინასამშენებლო მომსახურება განეხორციელებინა. ასევე, შპს „სიემსიმ“ მემორანდუმით გათვალისწინებულ ობიექტებზე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც გამოავლინა. ამ სამშენებლო სამუშაოებისთვის ზედამხედველობის გაწევაც „სიემსის“ ევალება.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მემორანდუმის მიხედვით, მერიამ შპს „სიემსი“ შუამავალ კომპანიად იქირავა, რომელსაც უნდა მოეძებნა ბიზნესმენი, რომელიც „ცენტრ პოინტის“ გაჩერებულ მშენებლობებს დაასრულებდა და საშუამავლო მომსახურებაში 750 000 ლარი გადაუხადა. რატომ არ გამოაცხადა თვითონ მერიამ კონკურსი და თვითონვე არ მოიძია შესაბამისი კომპანია, გაუგებარია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 7 თებერვალს ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის ქუჩა #6 და ჩუბინიშვილის ქუჩა #52-ში მდებარე 15 913 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარის ოდენობის საპრივატიზაციო თანხის გადახდის სანაცვლოდ, შპს „სითი ლოფტს“ - თემურ უგულავას კომპანიას გადაეცა და ერთ-ერთ საპრივატიზაციო პირობად კომპანიის მიერ 18 700 000 ლარის გადახდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე განისაზღვრა. დასახელებული თანხა „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას უნდა მოხმარდეს. ასევე, ინვესტორი ტერიტორიაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, რისთვისაც დამატებით 1.6 მლნ ლარს გამოყოფს.

ბოლოს, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ თბილისი მერიამ შუამავალ კომპანიას, რომელსაც „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად ინვესტორი უნდა მოეძიებინა, 750 000 ლარი გადაუხადა და იგივე ინვესტორის მოსაძიებლად თავად არ გამოაცხადა კონკურსი. შპს „ლოფტს“ თბილისის ორ ლოკაციაზე მდებარე 15 913 კვ.მ მიწის ნაკვეთი საპრივატიზაციო პირობით (18.7 მლნ ლარი „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებას უნდა მოხმარდეს), სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი