2020 წლის 16 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით, თუ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში, ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს, ცესკოს განკარგულებით, საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება. აღნიშნულ საკითხზე ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის უფლება საარჩევნო სუბიექტს და რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას აქვს. დაუშვებელია ცესკოსთვის შესაბამისი საჩივრით მიმართვა, თუ კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარულ დღეზე მეტია გასული. ცესკო საჩივარს 2 დღის ვადაში განიხილავს. ცესკოს გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს 2 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, რომელიც საჩივარს 2 კალენდარული დღის ვადაში იხილავს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ცესკოს გადაწყვეტილება საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ამოწურვის ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან შედის ძალაში. ამასთან, თუ ცესკო საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციას გააუქმებს, საარჩევნო ბიულეტენში ამ საარჩევნო სუბიექტის შეტანის ან კენჭისყრის დღის შემდეგ, არჩევნების შედეგები ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამდება.

კანონპროექტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი პარტიის აკრძალვას არ გულისხმობს. პარტიის აკრძალვის უფლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს და პროცედურა კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. აქ საქმე მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

26 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნა, რომელმაც მოსაზრება 2021 წლის 20 მარტს გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისიას მიიჩნევს, რომ საშინაო პოლიტიკაში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევის პრევენციის მიზნით, შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მხოლოდ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება შეეზღუდოს და არა პოლიტიკური პარტიის წევრობა. კანონპროექტთან დაკავშირებით, კომისია აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური ლიდერის რანგში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის გამო, ამ პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება არაპროპორციული სანქციაა. აღნიშნულმა, შეიძლება შეზღუდოს საარჩევნო სუბიექტის წევრთა პასიური საარჩევნო უფლება და ამომრჩეველთა არჩევნის თავისუფლება. ამასთან, კომისიის შეფასებით, საყურადღებოა, რომ კანონპროექტი პოლიტიკური ლიდერის განსაზღვრისთვის საჭირო გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებს არ ითვალისწინებს. ტერმინის ბუნდოვანებამ შეიძლება, ამ ტერმინის ზედმეტად სუბიექტური და ორაზროვანი ინტერპრეტაცია და, შესაბამისად, სამართლებრივი გაურკვევლობა გამოიწვიოს. ასევე, კომისია ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის სიმცირეს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვენეციის კომისიის კარგი პრაქტიკის კოდექსის მიხედვით, გასაჩივრების ვადა - პირველი ინსტანციისთვის, საშუალოდ 3-5 დღემდე უნდა იყოს. მათი შეფასებით, ასევე, პრობლემურია ის ფაქტი, რომ კანონპროექტით განსაზღვრული დარღვევის შემთხვევაში, პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებამ შეიძლება კეთილსინდისიერი ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმების გაუქმება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, აქტიური საარჩევნო უფლების გაფლანგვას ნიშნავს.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით, შემოთავაზებული კანონპროექტის გადახედვაა საჭირო. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრების თანამონაწილეთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მოცემული კანონპროექტი - არა ზოგადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, არამედ კონკრეტული ადამიანის, კერძოდ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავს საკანონმდებლო პრაქტიკას ვენეციის კომისია მწვავედ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მოცემული კანონპროექტი და ზოგადად, კანონმდებლობის ამგვარი გამოყენება, კანონის უზენაესობის პერსპექტივისთვის ძალიან პრობლემურია.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი