სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

ონლაინ საინფორმაციო სააგენტო - iNews • აინიუსი - სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის, ყალბ ციტატას ავრცელებს. გავრცელებული პოსტის თანახმად, პაატა იმნაძემ ვაქცინის შემადგენლობები დაასახელა და განაცხადა, რომ „ვაქცინები დამზადებულია 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონებისგან. ჩინური ვაქცინა სინოფარმი კი დამზადებულია მაიმუნის ქსოვილისგან“. საინფორმაციო სააგენტოს წყაროდ NCDC-ის მიერ მედიებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის ვიდეო მოჰყავს.

სინამდვილეში, iNews • აინიუსი -ის მიერ გავრცელებული ციტატა ყალბია - პაატა იმნაძეს არ უთქვამს, რომ ვაქცინები 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონებისგანაა დამზადებული. საინფორმაციო სააგენტოს მიერ წყაროდ მოყვანილ ვიდეოშიც მსგავსი ფრაზა არ ისმის. პაატა იმნაძემ, რეალურად, განაცხადა, რომ: „ვაქცინების ძალიან დიდი ნაწილი არის, რომელიც არ შეიცავენ, ეს არის ხაზგასასმელი, არ შეიცავენ აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს, მაგრამ მათი დამზადების ტექნოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოიყენება 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის ქსოვილოვანი კულტურის ხაზები, რომლებიც არის მთელი მსოფლიოს ლაბორატორიებში. ანუ ეს არის კლონი, 1973 წელს რომ მოხდა ლეგალური აბორტი, იმ აბორტირებული ნაყოფის კლონი, რომელიც დღემდე გამოიყენება“.

რაც შეეხება ციტატას, რომ ჩინური ვაქცინა სინოფარმი მაიმუნის თირკმლის ქსოვილისგანაა დამზადებული, აღნიშნული ინფორმაციაც ყალბია და იმნაძის განცხადების დამახინჯებულ ვარიანტს წარმოადგენს. სინამდვილეში, NCDC-ის შეხვედრის ვიდეოში იმნაძე ამბობს, რომ: „ ჩინური ვაქცინა ტექნოლოგიურად დამზადებულია მაიმუნის ქსოვილისგან, ასე ვთქვათ, გამოყენებულია [მაიმუნის თირკმლის ქსოვილი] ადრეულ ეტაპებზე. ანუ საბოლოო პროდუქტში, ვაქცინებში, ის არ არის“.

შესაბამისად, საინფორმაციო სააგენტო iNews • აინიუსი -ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ ვაქცინების შემადგენლობა დაასახელა და განაცხადა, რომ ფაიზერი 1973 წელს აბორტირებული უჯრედებისგან, ხოლო სინოფარმი მაიმუნის თირკმლის ქსოვილებისგანაა დამზადებული, არის ყალბი.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი