COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ეფექტურობის განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლები აქვთ. მაგალითად:

მხოლოდ ამ პროცენტულ მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ „ასტრაზენეკას“ ან „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინები „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინებთან შედარებით ნაკლებად ეფექტურად მუშაობს. თუმცა მეცნიერების თანახმად, მსგავსი მიდგომა არასწორია. ვაქცინების ეფექტურობის მაჩვენებლის განსაზღვრაზე ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები მოქმედებს, როგორებიცაა: ვაქცინების კლინიკური კვლევების ჩატარების დრო, ადგილი და გარემო-პირობები. თუ ორი ვაქცინის შემთხვევაში ეს ფაქტორები ერთი და იგივე არ არის, მაშინ ამ ვაქცინების ეფექტურობის მაჩვენებლების შედარება არ არის სწორი.

"ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ სტატიაში მიმოიხილავს, თუ რას ნიშნავს და როგორ გამოითვლება ვაქცინების ეფექტურობის მაჩვენებელი და რატომ არ არის გამართლებული მხოლოდ ამ რიცხვებზე დაყრდნობით ვაქცინების მოქმედების ეფექტურობის განსჯა.

ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი დიდი კლინიკური კვლევების დროს გამოითვლება, სადაც მონაწილეობას ათი ათასობით ცდის პირი იღებს. ცდის პირები ორ ჯგუფში არიან განაწილებული: ერთ ჯგუფს უკეთებენ ვაქცინას, მეორეს კი - პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე). ამის შემდეგ ცდის პირები ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას უბრუნდებიან, მეცნიერები კი რამდენიმე თვის მანძილზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან. „ფაიზერის“ ვაქცინის კლინიკურ კვლევებში 43 000 მოხალისე მონაწილეობდა. იმუნიზაციიდან 7 დღის პერიოდში 170 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ჩვენთვის საინტერესოა, 170 კოვიდინფიცირებულიდან რამდენ მათგანს ჰქონდა გაკეთებული ვაქცინა და რამდენს პლაცებო.

თუ 170 ადამიანიდან 85 დაინფიცირებული პლაცებო ჯგუფიდან იქნებოდა, დანარჩენი 85 კი ვაქცინირებულთა ჯგუფიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინამ საერთოდ ვერ იმუშავა და ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში ვირუსით დაინფიცირების ალბათობა იგივეა, რაც ვაქცინის გაკეთების გარეშე. შესაბამისად, ვაქცინას 0%-იანი ეფექტურობა ექნებოდა. მეორე მხრივ, თუ აღმოჩნდებოდა, რომ 170-ვე დაინფიცირებული პირი პლაცებო ჯგუფიდან იყო, ანუ არცერთ მათგანს ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, მაშინ ვაქცინების ეფექტიანობა 100%-ის ტოლი იქნებოდა.

ამ კონკრეტული კვლევის შედეგების თანახმად, 170 დაინფიცირებულიდან 162 - პლაცებო ჯგუფს, 8 კი ვაქცინირებულთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, ჯამური ინფიცირებულებიდან დაახლოებით 4,7% იყო ვაქცინით იმუნიზებული, 95,3%-თვის კი ვაქცინა საერთოდ არ გაუკეთებიათ. აქედან გამომდინარე, ვაქცინამ ინფიცირების შემთხვევების 4,7%-ში ვაქცინირებული პირების დაინფიცირებისგან დაცვა ვერ მოახერხა. აქედან დგინდება „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი, დაახლოებით 95%. ეს ნიშნავს, რომ „ფაიზერით“ ვაქცინირებულ პირებს 95%-ით ნაკლები შანსი აქვთ კორონავირუსით დაინფიცირების, იმათთან შედარებით, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებიათ. ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობის მაჩვენებელი არ გულისხმობს იმას, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან 5 მათგანი კორონავირუსით მაინც დაინფიცირდება. ეს მონაცემი (95%) ინდივიდზე ვრცელდება და გულისხმობს, რომ ვაქცინირებული პირი 95%-ით დაცულია ვირუსით დაინფიცირებისგან.

წყარო: Vox

ყველა ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი იგივე გზით გამოითვლება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ციფრების ანალიზის დროს უნდა გავითვალისწინოთ არის რეგიონი და დრო, როდესაც ეს კლინიკური კვლევები ჩატარდა.

„ფაიზერის“ ვაქცინის კვლევები ზაფხულში აშშ-ში მიმდინარეობდა. რაც შეეხება „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინას, კლინიკური კვლევების გარკვეული ნაწილი აშშ-ში, დიდი ნაწილი კი სხვა ქვეყნებში, კერძოდ სამხრეთ აფრიკის რეგიონში და ბრაზილიაში ჩატარდა და ძირითადად შემოდგომის პერიოდში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონებში ცდების მიმდინარეობის დროს კორონავირუსის ახალი, უფრო ძლიერი შტამები (რომლებსაც ცდის პირთა დაავადების უფრო მაღალი ალბათობა ჰქონდათ) უკვე ცირკულირებდა. სამხრეთ აფრიკაში „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის კვლევების შედეგებში უმეტესად ცდის პირები ვირუსის ახალი ვარიანტით იყვნენ დაინფიცირებულები და არა იმ თავდაპირველი შტამით, რომელიც აშშ-ში ზაფხულში ჩატარებული კვლევების დროს ცირკულირებდა. მიუხედავად ამისა, „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინამ საგრძნობლად შეამცირა დაინფიცირების შემთხვევები.

წყარო: Vox

წყარო: Vox

„თუ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების კლინიკური კვლევები იმ დროს ჩატარდებოდა, როდესაც „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის კვლევები მიმდინარეობდა, მაშინ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების შემთხვევაშიც განსხვავებულ ეფექტურობის მაჩვენებლებს მივიღებდით“,- განაცხადა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა დებორა ფულერმა. შესაბამისად, ვაქცინების ეფექტიანობის მაჩვენებელი ასახავს იმას, თუ რა მოხდა კლინიკური ცდების დროს და არა იმას, თუ რა მოხდება რეალურ ცხოვრებაში.

ამასთან ერთად, ექსპერტების თანახმად, მსოფლიო პანდემიის დროს ვაქცინების ეფექტურობის მაჩვენებლისთვის ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭება არ არის გამართლებული. „COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამის მიზანი აუცილებლად COVID-19-ის ვირუსის გაქრობა არ არის. ვაქცინის მიზანი, პირველ რიგში, ვირუსის დამორჩილება და მისი შესუსტებაა, რათა ვირუსმა ვეღარ შეძლოს სერიოზული დაავადების გამოწვევა, ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია საჭირო აღარ გახდეს და ვირუსით გამოწვეული სიკვდილი თავიდან იქნას აცილებული”,- განაცხადა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარმა ამეშ ადალიამ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ფაიზერის“ ვაქცინა ვაქცინირებულ პირს 95%-ით იცავს. თუმცა რჩება 5% შანსი იმისა, რომ ვაქცინირებულს ვირუსი მაინც შეხვდეს. ასეთ შემთხვევაში, დაავადება გაცილებით მსუბუქ ფორმებში, გაციების სიმპტომებით მიმდინარეობს. ვაქცინირებული პირი ვირუსს ადვილად უმკლავდება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. ამას კი COVID-19-ის ყველა ვაქცინა, მიუხედავად მათი ეფექტურობის მაჩვენებლისა, 100%-ით ართმევს თავს. არცერთი ვაქცინის კლინიკური ცდების დროს ცდის პირთა არათუ გარდაცვალების, არამედ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც კი, არ დაფიქსირებულა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საუკეთესო ვარიანტში ვაქცინას შეუძლია, ადამიანი ვირუსის შეყრისგან დაიცვას, მაგრამ იმუნიზაციის მიზანი ეს არ არის. ვაქცინაციის მთავარი დანიშნულება ინფექციის გართულებისგან დაცვაა, რაც ჰოსპიტალიზებისა და, უკიდურეს შემთხვევებში, გარდაცვალებისგან დაცვას გულისხმობს. ამას კი COVID-19-ის ყველა ვაქცინა ერთი და იგივე ეფექტურობით ართმევს თავს. პანდემიის დასრულება ვაქცინაციის დონესთან პირდაპირაა დაკავშირებული. ვაქცინის თითოეული ინექცია პანდემიის დასასრულთან გვაახლოებს.

სტატია მომზადებულია ამერიკული ახალი ამბების პლატფორმა - Vox-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს („რატომ ვერ შევადარებთ COVID-19-ის ვაქცინებს ერთმანეთს?“) მიხედვით.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი