დეზინფორმაცია: ბელარუსში პირბადეების ტარება სავალდებულო არაა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი Izolda Tsindeliani, ბელარუსში Covid-19-ის საწინააღმდეგო აკრძალვებთან დაკავშირებით ნაწილობრივ მცდარი ინფორმაციის შემცველ პოსტს ავრცელებს. „ბელორუსია, რომელმაც არ გაყიდა თავისი მოსახლეობა 950 მილიონ ევროზე, არ ამოწყვეტილა, თუმცა არც პირბადე, არც ლოქდაუნი, არც კარანტინი არ გამოცხადებულა, გამოფხიზლდით ხალხო! ტიკარაძე სიკვდილის ცელით დაჰქრის მოსახლეობაში!”,- აღნიშნულია 20 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც დღემდე 399 გაზიარება აქვს.

პოსტის დასაწყისში გავრცელებულ ინფორმაციაში, Facebook-მომხმარებელი, სავარაუდოდ, ბელარუსისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 940 მილიონი ევროს დახმარებას გულისხმობს, რომელზეც მისივე თქმით ალექსანდრე ლუკაშენკომ უარი განაცხადა. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 940 მილიონი დოლარით დახმარების სანაცვლოდ მას ქვეყანაში კარანტინის, იზოლაციისა და კომენდანტის საათის შემოღება მოსთხოვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კომუნიკაციების განყოფილების დირექტორი, გერი რაისის განცხადებით კი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის კარანტინის, იზოლაციის და კომენდანტის გამოცხადება არ მოუთხოვია. ის სასწრაფო ფინანსური დახმარების მექანიზმი (Rapid Financing Instrument), რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი იყენებს, ქვეყნებისგან დახმარების ხარჯვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მოითხოვს. მექანიზმი მიმართულია იმისკენ, რომ კოვიდპანდემიასთან გასამკლავებლად გამოყოფილი დახმარება, ბუნებრივია, ვირუსთან ბრძოლას და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მოხმარდეს. რაისის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბელარუსისგან იმის გარანტიები მოითხოვა, რომ გამოყოფილი თანხა პანდემიასთან ბრძოლას (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციების შესაბამისად) მოხმარდებოდა. ეს კი, რაისის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტული მიდგომაა ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

რაც შეეხება განცხადებას, რომ ქვეყანაში პირბადეების სავალდებულო ტარება, ლოქდაუნი და კარანტინი არ გამოცხადებულა, აღნიშნული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. სიმართლეა, რომ ქვეყანაში კარანტინი და მკაცრი ლოქდაუნი არ გამოცხადებულა. თუმცა ბელარუსში პირბადეების სავალდებულო ტარების რეჟიმი მინსკსა და სხვა დიდ ქალაქებში, საჯარო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ოფიციალურად 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების შედეგად შემოიღეს. 12 ნოემბრიდან მოყოლებული, დღემდე, პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა.

ამასთან ერთად, ბელარუსში მოქმედებს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შემდეგი აკრძალვები და მითითებები:

• რესტორნებსა და კაფეებში მაგიდები განლაგებული უნდა იყოს ერთმანეთისგან 1.5 მეტრის დაშორებით,

• სასტუმროებში მობინადრეთა ტემპერატურა უნდა გაკონტროლდეს ყოველდღიურად,

• დამსაქმებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ შეუძლოდ მყოფი დასაქმებული პერსონალი სამუშაო ადგილას არ გამოცხადდება,

• მოსახლეობის მიმართ არის მოთხოვნა, რომ დაიცვან სოციალური დისტანციის წესები, განსაკუთრებით სატრანსპორტო ჰაბებში,

• ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტები ფუნქციონირებს, თუმცა შეზღუდული ფრენებით.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბელარუსს რამდენჯერმე მიმართა რეკომენდაციებით ისეთი ზომების გატარებასთან დაკავშირებით, როგორიცაა დიდი სპორტული და კულტურული ღონისძიებების გადადება, სასწავლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების შემოღება, არააუცილებელი გადაადგილების შეზღუდვის შემოღება და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის კარანტინის დაწესება.

ამ ეტაპზე, ბელარუსში კორონავირუსით დაინფიცირების 331 808 და გარდაცვალების 2324 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც ქვეყანაში მეორე კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, პრეზიდენტმა დაინფიცირებულთა მონაცემების სტატისტიკის გასაჯაროება გარკვეული დროით აკრძალა. აპრილიდან მოყოლებული, აქტიურად ისმის წუხილი იმის შესახებ, რომ მთავრობა დაინფიცირებულთა და ვირუსით გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას მალავს. სხვადასხვა კვლევის თანახმად, ბელარუსში სავარაუდოა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურად გამოცხადებულ მონაცემებზე 9-ჯერ მეტია. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, მარტიდან ივნისის ჩათვლით, ბელარუსში კორონავირუსით 392 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა გაეროს მონაცემების თანახმად, რომელიც ბელარუსში საერთო ჯამში გარდაცვლილთა სტატისტიკის წინა წლებთან შედარებით ანალიზს ეყრდნობა, სავარაუდოა, რომ იგივე დროის პერიოდში კორონავირუსით 5000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. გაეროს განცხადებით ეს მონაცემები 10-15 ჯერ მეტია მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკაზე.

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი