დეზინფორმაცია: 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია კორონავირუსის წინასწარ დადგმულ სცენარს წარმოადგენს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 27 მარტს, Facebook-მომხმარებელმა Khatia Sichinava-მ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ამსახველი ორი ვიდეო და ფოტომასალა გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია პანდემიის წინასწარ დადგმულ სცენარს წარმოადგენს. სიჭინავას თქმით, ეს სცენარი დიდი ხნის წინ დაიდგა, რომელიც ძირითად აქცენტს ბავშვებზე აკეთებს. Facebook-პოსტებში გავცრელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოციალურ ქსელებში არაერთი შეთქმულების თეორია და დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია წინასწარ დადგმულ კორონავირუსის პანდემიის სცენარს განასახიერებდა.

რეალურად, ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ოსკაროსანმა კინორეჟისორმა დენი ბოილმა შექმნა, როგორც ბრიტანული ისტორიისა და კულტურის ოდა. მეორე აქტი ბოილმა NHS-ს მიუძღვნა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამაა. შესაბამისად, ამ სცენაში ექიმები, მედდები და საავადმყოფოს საწოლებია გამოყენებული. ოლიმპიადის მედიის ხელმძღვანელის თანახმად, გახსნის ცერემონიით პატივი მიეგო ბრიტანეთის ორ უდიდეს მიღწევას - საბავშვო ლიტერატურას და ეროვნული ჯანდაცვის პროგრამას (NHS).

კონსპირაციული შეტყობინებები ვიდეოში

ერთ-ერთ ვიდეოში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიიდან სხვადასხვა კადრია შეკრებილი, რომლებზეც ინგლისური და რუსული წარწერებია დატანილი. ეს წარწერები ერთგვარი მინიშნებებია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასა და გახსნის ცერემონიალს შორის არსებულ კავშირს წარმოადგენს. ამ წარწერებზე დაყრდნობით ვიდეო ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია წინასწარ დაიდგა და ის კონკრეტული სცენარის მიხედვით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ბევრი კადრი ხელოვნურად დამუშავებული/დამახინჯებულია.

მაგალითად, დეზინფორმაციული ვიდეოს ერთ-ერთ კადრში ჩანს, რომ მთელი სტადიონი კორონავირუსის გამოსახულებით არის გადაფარული. რეალურად, მსგავსი კადრი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ვიდეოში არ არსებობს. შესაბამისად, კადრი დამონტაჟებულია და მასზე კორონავირუსის გამოსახულება გამიზნულად არის ასახული.

კადრი კონსპირაციული ვიდეოდან

კადრი გახსნის ცერემონიიდან

ვიდეოში ასევე რამდენიმე კადრში ნაჩვენებია, თუ როგორ აჩუმებენ ექთნები ბავშვებს ტუჩებზე თითის მიტანით და დასაძინებლად აწვენენ. ამ კადრებს პარალელურად თან ერთვის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას, ბილ და ჰილარი კლინტონებისა და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოები მსგავსი ჟესტებით. გაჩუმების ჟესტი (ტუჩებთან თითის მიტანა) ვიდეოში მასონურ „სიჩუმის ვალდებულების“ სიმბოლოდ არის წარმოჩენილი.

გახსნის ცერემონიის ვიდეოს ერთ-ერთ კადრში, სავარაუდოდ, აზიური წარმომავლობის ქალი ჩანს, დეზინფორმაციულ ვიდეოში კი ეს ქალი ჩინელად არის წარმოჩენილი და კადრს შესაბამისი წარწერაც ახლავს - „ვუჰანი, ჩინეთი“. რეალურად, ორიგინალ ვიდეოში ჩინეთი და ვუჰანი საერთოდ არ არის ნახსენები და არც ეს კონკრეტული პერსონაჟია მათთან დაკავშირებული.

ვინაიდან მთელი ცერემონიალი ბრიტანულ ისტორიასა და კულტურას ეძღვნება, მთელი დადგმის განმავლობაში მასში წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა წიგნის პერსონაჟის გმირები, მაგალითად მერი პოპინსი, ლორდი ვოლდემორტი და სხვ. გახსნის ცერემონიის ერთ-ერთ კადრში „ალისა საოცრებათა ქვეყანაშის“ პერსონაჟი „გულების დედოფალიც“ მოჩანს. დეზინფორმაციულ ვიდეოში კი „გულების დედოფლის“ პერსონაჟი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონად არის წარმოჩენილი/გაშარჟებული (წარწერა - „ჯონსონი საავადმყოფოშია, ეს დამთხვევაა?“). რეალურად, პრემიერი საავადმყოფოში კორონავირუსის გამო გასული წლის აპრილში ნამდვილად მოათავსეს. ვიდეოს შემქმნელებმა კი ამ ფაქტით მათი დებულების განმტკიცება სცადეს, რომ თითქოს ჯონსონის საავადმყოფოში მოთავსება წინასწარ დადგმული პანდემიის სცენარის ერთ-ერთი გამოვლინება იყო.

კადრი კონსპირაციული ვიდეოდან - კადრი გახსნის ცერემონიიდან

კონსპირაციულ ვიდეოში ასევე ვხვდებით კორონავირუსსა და 5G ინტერნეტთან დაკავშირებული დეზინფორმაციას. მაგალითად, ერთ-ერთ კადრში ატრაქციონთან მდებარე კოშკი მოჩანს, რომელიც 5G ანტენად არის მოხსენიებული. მომდევნო კადრებში კი იგივე კოშკი ოცფუნტიან კუპიურაზე არის დატანილი ( კუპიურებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ადრეც აქტიურად ვრცელდებოდა). რეალურად, ფოტოებზე გამოსახული კოშკი არა 5G ანტენა, არამედ ბრიტანეთში მდებარე Margate-ის შუქურაა.

ამრიგად, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კორონავირუსის პანდემია წლების წინ იყო დაგეგმილი და ეს გეგმები ჯერ კიდევ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე იყო გაცხადებული, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

-----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი