გიორგი ხოჯევანიშვილი: ჩემი გუბერნატორობის პერიოდში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის NGO-ები არ აქტიურობდნენ

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადება არის მცდარი

რეზიუმე:

გიორგი ხოჯევანიშვილი გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. მანამდე ის შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

რეგიონში, სადაც ხოჯევანიშვილი გუბერნატორად 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, საოკუპაციო ხაზთან 56 სოფელი მდებარეობს.

შიდა ქართლში ამ დროისთვის ძირითადად 15 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომლებიც ამ რეგიონის მუნიციპალიტეტებში წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ, მათ შორის ახალგაზრდული მიმართულებით. ამ მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურობით გამოირჩევიან - „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, გორის სათემო რადიო „მოზაიკა“ , საზოგადოება „ბილიკი“, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, კარალეთის „ქალთა სოლიდარობის ცენტრი“ და ა.შ. გარდა ადგილობრივი ორგანიზაციებისა, ცენტრში მომუშავე ორგანიზაციებიც აქტიურობენ, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან პერიოდულად სხვადასხვა სახის ახალგაზრდულ პროექტებს ახორციელებენ.

ანალიზი:

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გიორგი ხოჯევანიშვილმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებზე ისაუბრა.

გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ახალგაზრდებზე ორიენტირებული აქტივობების მხარდაჭერა მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებას არ უნდა წარმოადგენდეს.

„საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს მხარდაჭერა სჭირდებათ და ეს მხოლოდ სახელმწიფოს გასაკეთებელი არ არის. საჭიროა ისეთი აქტივობების მხარდაჭერა, ისეთი პროექტების, არაფორმალური განათლების მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული. ამაში მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. ამ მხრივ ნამდვილად არ იყო აქტიურობა იმ პერიოდში, როდესაც შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ვიყავი. ამ ტრიბუნიდან მინდა მოვუწოდო გააქტიურებისკენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც რეალურად საქმის კეთება უნდათ, რომლებსაც დეოკუპაციის კუთხით რეალური ნაბიჯის გადადგმა და ისეთი კარგი პრაქტიკის შექმნა სურთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე", - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ახალგაზრდული მიმართულებით 2018-2020 წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, რასაც იმ ორგანიზაციების ანგარიშები ადასტურებს, რომლებიც ადგილზე წლების განმავლობაში სწორედ კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებთან მუშაობენ. ამიტომ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის მხრიდან ყოფილი გუბერნატორის და ახლა უკვე გორი-კასპის მაჟორიტარის აღნიშნული განცხადების ადრესატებისგან მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას მათ კონკრეტულად იმ პროექტების ნუსხა წარმოადგინეს, რაც სწორედ საოკუპაციო ხაზთან, ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში განახორციელეს.

რადიო „მოზაიკა“

ადგილობრივმა მედიაორგანიზაციამ 2018-2020 წლებში 3 პროექტი განახორციელა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებას, არაფორმალურ განათლებას და ჩართულობისთვის ხელშეწყობას ითვალისწინებდა. რადიო „მოზაიკა“ პროექტების დასრულების შემდეგაც ბენეფიციარ ახალგაზრდებთან კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე აგრძელებს თანამშრომლობას და საჭიროების მიხედვით მათ სხვადასხვა სახის აქტივობაში მონაწილეობისთვის ეხმარება. აღსანიშნავია, ისიც, რომ რადიო „მოზაიკას“ პროექტების შეჯამების ღონისძიებას, 2019 წლის ბოლოს, მაშინდელი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი პირადად ესწრებოდა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობის შედეგებსაც აფასებდა. განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი განათლების პროგრამის ფარგლებში, თავად გორის მერიის მიერ იყო მხარდაჭერილი.

„ჩვენ მუდმივად ვურთიერთობთ გამყოფი ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რადგან მათი გაძლიერების და განვითარების ხელშეწყობა „მოზაიკას“ ერთ-ერთი მიზანია. მედიასაქმიანობით მათი საჭიროებების და პრობლემების მუდმივი ადვოკატირების გარდა, ბოლო წლებში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რომლის უშუალო ბენეფიციარები სწორედ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის - „ევროპა მითების გარეშე“, „გორელი ახალგაზრდა ჟურნალისტები დემოკრატიული განვითარებისთვის“, „გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის“ - ყველ ეს პროექტი ამ ახალგაზრდებს სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას აძლევდა“,- ამბობს გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორი, გვანცა დოლუაშვილი.

„მეგობრობის ხიდი ქართლოსი“

ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში ყველაზე ბევრი პროექტი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ორგანიზაცია „ქართლოსმა“ განახორციელა. მათ შორის იყო ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში, რომლებშიც 4-ვე მუნიციპალიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები 400-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. ისინი პროექტის ფარგლებში გახსნილ საგამოფენო სივრცეში გამართულ საჯარო ლექციებში მონაწილეობდნენ, რომლებსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

„ყველა პროექტში, რომელიც 2018-2020 წლებში განვახორციელეთ, მონაწილეობდნენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ მათ გააქტიურებასა და ჩართულობის გაძლიერებისთვის ხელშეწყობაა. მათ შორის იყო შინდისის, ასევე ხურვალეთის თემებში და სკრის დევნილთა დასახლებაში საგანმანათლებლო ადგილობრივი ცენტრების ჩამოყალიბება. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო 80-მდე ახალგაზრდამ. ეწყობოდა ტრენინგები, ფილმის ჩვენებები,საინფორმაციო შეხვედრები, სპორტული ჩემპიონატი, დასუფთავების აქციები და სხვა. პროექტის დასრულების შემდგომ „მეგობრობის ხიდი ქართლოსის მოხალისეები“ კვლავ ჩადიან და ახორციელებენ საგანმანათლებლო აქტივობებს. ახალგაზრდები ამჟამადაც ჩართულნი არიან „ქართლოსის“ სხვადახვა პროექტებში“,- ამბობს „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ ხელმძღვანელი, მეგი ბიბილური.

საზოგადოება „ბილიკი“

ახალგაზრდების გააქტიურების მიზნით USAID-ის მხარდაჭერით პროექტი „მომავლის თაობა“ წლებია ხორციელდება, რომლის ფარგლებში საზოგადოება „ბილიკი“ სკოლის მოსწავლეებთან სხვადასხვა აქტივობებს აწყობს.

„პროგრამის მიზანია გაუმჯობესდეს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამა და მოხდეს მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის. სკოლებში შექმნილია სამოქალაქო კლუბები, მოსწავლეები ახორციელებენ საკლასო და საკლუბო პროექტებს სკოლის, თემის პრობლემების მოგვარების მიზნით მონაწილეობას იღებენ ტრენინგებში, დისკუსიებში, დებატებში, სასწავლო ვიზიტებში, შეხვედრებში მოწვეულ სტუმრებთან, ახალგაზრდულ ფორუმებში თანამშრომლობენ თემთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან პროექტების და ინიციატივების ფარგლებში. სკოლების შერჩევისას რა თქმა უნდა განსაკუთრებულ აქცენტს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებზე ვაკეთებთ“,- ამბობს „ბილიკის“ პროექტების კოორდინატორი, ლია გორელიშვილი.

კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

შიდა ქართლში ბოლო წლებში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა 15-ზე მეტი სოფელი მოიცვა. აქტივობებში ჩართულ 300-ზე მეტ ახალგაზრდას შორის, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უმრავლესობა სწორედ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან იყო.

„15-ზე მეტი სოფლის სკოლაში 300-ზე მეტ ახალგაზრდასთან ჩავატარეთ ტრენინგები და საკმაოდ დიდი მიღწევებიც გვაქვს. მაგალითად, მეჯვრისხევის და შინდისის ახალგაზრდები უკვე თავად ატარებენ ტრენინგებს საკუთარ თემში თანატოლებთან და უზიარებენ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც ჩვენი პროექტებიდან მიიღეს. ძირითადი საკითხები მედიაწიგნიერებას და კრიტიკულ აზროვნებას ეხება“,- აცხადებს კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელი, ფიქრია გელაშვილი.

ქალთა სოლიდარობის ცენტრი

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონების გააქტიურებისთვის პროექტები გიორგი ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში განახორციელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, აქტივობებში სრულწლოვანებთან ერთად სკოლის მოსწავლე გოგონებიც იყვნენ ჩართულები.

„გორის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი მოვიცავით ჩვენი პროექტებით, სადაც მონაწილე ქალებს შორის დიდი ნაწილი ახალგაზრდა გოგონები იყვნენ. გარდა საკუთარი უფლებებისა, კვალიფიციური ექსპერტებისგან ისინი ეცნობოდნენ - ვიდეოგადაღების პრინციპებს, ლაივ ჩართვების რისკებს, კიბერუსაფრთხოების შედეგებს, სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენებას და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც აქტივობების დროს გამოიკვეთა ისაა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ინტერნეტიზაცია ამ დრომდე არ მომხდარა და ახალგაზრდები მობილური ტელეფონის ბარათზე გააქტიურებული ინტერნეტპაკეტით ცდილობენ თანამედროვე გამოწვევებს ფეხი აუწყონ, თუმცა ეს შესაძლებლობა მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ“,- ამბობს კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ თედლიაშვილი.

შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით, მოქმედი არასამთავრობო ორგანზიაციებისთვის გიორგი ხოჯევანიშვილის კრიტიკა მიუღებელია და ყოფილ გუბერნატორს ურჩევენ მსგავსი განცხადების გაკეთებამდე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განხორციელებული პროექტების შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის გარდა, ახალგაზრდულ პროექტებს ისეთი ორგანიზაციებიც ახორციელებენ, რომლებიც შიდა ქართლში არ არიან რეგისტრირებულები. მათ შორისაა, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ , რომელმაც ახალგაზრდა გოგონების გააქტიურებისთვის კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე არაერთი აქტივობა დააორგანიზა და ადგილობრივთა საჭიროებები საკანონმდებლო დონეზე არაერთხელ დააყენა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადება, იმის შესახებ, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არ აქტიურობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება, რასაც ზემოთ დასახელებული აქტივობების სულ მცირე ჩამონათვალიც კი ადასტურებს.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადება არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი