სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე თინა თოფურიას ვიდეოგავრცელდა შემდეგი სათაურით: „ეს ვაქცინები არის ექსპერიმენტული და მათი გამოცდა დასრულდება 2023 წელს" - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ თოფურია“. თინა თოფურია კოვიდვაქცინების შესახებ დეზინფორმაციულ გზავნილებსა და ყალბ ამბებს აჟღერებს.

მტკიცება: ეს ვაქცინები არის კანდიდატები, არის ექსპერიმენტული, ექსპერიმენტი დამთავრდება მხოლოდ 2023 წელს, როცა რომელიღაც მათგანს მიეცემა პრე-კვალიფიკაცია, ახლა არის ავტორიზებული. ახლა არის ექსპერიმენტი, შენც ქალბატონო ნინო, ხარ ექსპერიმენტის ნაწილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ კოვიდვაქცინები არის ექსპერიმენტული და ადამიანები, ვინც აიცრნენ ან აპირებენ ვაქცინაციას, ექსპერიმენტის ნაწილი არიან, არის ყალბი ამბავი.

სინამდვილეში, კოვიდვაქცინები, რომლებიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც გამოიყენება [ფაიზერი, ასტრაზენეკა], მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის დამტკიცებული და ავტორიზებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ მან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა.

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ იმუნური რეაქციის გამოსაწვევად, რომელი ანტიგენი უნდა იქნას გამოყენებული. პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ამ დროს ხდება ვაქცინის გამოცდა. უსაფრთხოების და დაავადების პრევენციის შესაძლებლობის შემოწმების მიზნით, ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება.

პირველ ფაზა - მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებს, ვაქცინის უსაფრთხოების შეფასების, იმუნური პასუხის წარმოქმნის დადასტურების და სწორი დოზის განსაზღვრის მიზნით, აცრა უტარდებათ. აღნიშნულ ფაზაში ვაქცინების გამოცდა ახალგაზრდა და ჯანმრთელ, სრულწლოვან მოხალისეებზე ხდება.

მეორე ფაზა - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, რამდენიმე ასეულ მოხალისეს აცრა უტარდება. ამ ეტაპზე, რამდენიმე გამოცდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და ვაქცინის განსხვავებული შემადგენლობების შესაფასებლად ტარდება. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებელი ჯგუფის სახით გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. აღნიშნულ საფუძველზე დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს.

მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. უმეტეს შემთხვევაში, გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი. გამოცდების მეორე და მესამე ფაზის დროს, მოხალისეებმა და კვლევაში ჩართულმა მეცნიერებმა არ იციან, რომელმა მოხალისეებმა მიიღეს შესამოწმებლად გამოტანილი ვაქცინა და რომელმა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო). ამას მხოლოდ ყველა შედეგის მიღების შემდეგ იგებენ.

კოვიდვაქცინებმა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, მათი ავტორიზაცია მოხდა.

ვაქცინაციის დაწყების დღიდან, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, რეგულარული შეფასებები და დამტკიცების შემდგომი კლინიკური კვლევები ტარდება, რომლის მიზანი ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის პარამეტრების მონიტორინგია.

მტკიცება: აღმოჩნდა, რომ [კოვიდვაქცინები] ფერტილობაზე მოქმედებს, ანუ შობადობაზე და გაფრთხილება წამოვიდა, თუ კი მამაკაცი აპირებს შვილის ყოლას, ამ შემთხვევაში უნდა გაყინოს სპერმა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ ვაქცინა უნაყოფობას ან სტერილიზაციას იწვევს, არის ყალბი ამბავი.

დღემდე საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტების მიერ აღიარებული არცერთი ვაქცინის ანოტაციაში, მოწოდება სპერმის გაყინვის შესახებ არ არსებობს (წყარო 1; წყარო 2; წყარო 3; წყარო 4). ამასთან ერთად, პოტენციური უშვილობის საფრთხეები არც ერთი მათგანის გვერდით ეფექტი არ არის.

“ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოების“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაციის“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) ცნობით, აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება და არც თეორიული მიზეზი არსებობს იმისა, რომ რომელიმე კოვიდვაქცინას ქალის ან მამაკაცის ნაყოფიერებზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19 ვაქცინაცია იწვევს ორსულობასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას, მათ შორის პლაცენტის განვითარებას. ამასთან, ვაქცინები, მათ შორის COVID-19 ვაქცინები, ნაყოფიერების პრობლემებს არ იწვევს.

(ამ თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

რედაქტორის შენიშვნა: ტელეკომპანია „იმედის“ Facebook პოსტები უკვე ჩასწორდა და შეიცავს შესაბამის მითითებას, რომ თინა თოფურიას მიერ ვიდეოში მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი