დეზინფორმაცია: ვაქცინები მოსახლეობის მასიურად შემცირებისთვის შეიძლება გამოიყენონ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქართულ Facebook სივრცეში სხვადასხვა ანგარიშის მიერ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ყოფილი მეცნიერის, მაიკლ იედონის ვაქცინების საწინააღმდეგო განცხადება გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2). Facebook-პოსტების მიხედვით, იედონმა განაცხადა, რომ ვაქცინები, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას „მოსახლეობის მასიურად შემცირებისთვის“.

მაიკლ იედონმა, რომელიც LinkedIn-ის პერსონალური გვერდის მიხედვით, 2005 წლიდან 2011 წლამდე Pfizer-ის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, 2021 წლის მარტში COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილ ორგანიზაცია American Frontline Doctors-თვის მიცემულ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, აღნიშნულ ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ ვაქცინების გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ხოლო ვაქცინების მასობრივი გამოყენების მიმართულებით მუშაობა კი, სავარაუდოდ, „ბოროტ მიზნებს” ემსახურება. იედონის მტკიცებით, მსგავსი „ბოროტი მიზანი“ მომავალში ადამიანთა დიდი რაოდენობისთვის ზიანის მიყენება და მასობრივი დეპოპულაციის გამოწვევა შეიძლება იყოს.

მტკიცება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დედამიწაზე მოსახლეობის შესამცირებლად შეიძლება გამოიყენებოდეს, პოპულარული შეთქმულების თეორიაა. ამჟამად საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული ვაქცინები Pfizer და AstraZeneca გამოიყენება. აღნიშნულ ვაქცინებს ავტორიზაცია მხოლოდ მკაცრი შემოწმების შემდეგ მიენიჭათ.

აღსანიშნავია, რომ იედონის მიერ საფუძველს მოკლებული ანტივაქსერული მტკიცებები ადრეც გავრცელებულა. კერძოდ, 2020 წლის ოქტომბერში ის ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის პანდემია დიდ ბრიტანეთში დასრულებული იყო და შესაბამისად, ვაქცინების გამოყენების საჭიროებაც არ არსებობდა. მოგვიანებით კი, 2020 წლის დეკემბერში, მან ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიმართა, რომ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დამატებითი კვლევების ჩატარებამდე შეჩერებულიყო, რადგან მისი მტკიცებით, Pfizer-ის ვაქცინა, შესაძლოა, ქალთა უნაყოფობას იწვევდეს. იედონის ეს მტკიცებები მეცნიერთა მიერ უკუგდებულ იქნა.

ბრიტანელმა მაიკლ იედონმა, რომელიც პროფესიით ბიოქიმიკოსი და ფარმაკოლოგია, კომპანია Pfizer 9 წლის წინ დატოვა. Reuters-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ ის ვაქცინების მიმართ ყოველთვის კრიტიკულად განწყობილი არ იყო. იედონის Twitter-ის ანგარიშის შესწავლის შემდეგ Reuters-მა დაადგინა, რომ 2020 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი ტალღის გავრცელების პარალელურად, ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და/ან ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას პანდემიის დასრულების საშუალებად მიიჩნევდა. მალევე, ბრიტანელმა მეცნიერმა ვაქცინის შექმნის მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება Twitter-ის მეშვეობით გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ უკეთეს შემთხვევაში, ვაქცინა 2021 წლის ბოლოსთვის შესაძლოა შექმნილიყო. თუმცა 2020 წლის აპრილში მან პანდემიასა და ვაქცინებთან დაკავშირებით პოზიცია მკვეთრად შეიცვალა. კერძოდ, იედონი ამტკიცებდა, რომ პანდემიის არსებობის მიუხედავად, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მსოფლიო პანდემიას მეტისმეტ ყურადღებას უთმობდა და კორონავირუსი სხვა ვირუსებივით გაქრებოდა. 2021 წლის თებერვალში იედონმა Twitter-ის ანგარიში საერთოდ გააუქმა, ხოლო LinkedIn-ზე მის ანგარიშში მითითებულია, რომ ის პენსიაზე გავიდა.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი