კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ახალი კონსპირაციული თეორიის სახით ვრცელდება

Facebook-მომხმარებელი მიხეილ ბერიძე 1 აპრილს კორონავირუსისა და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას კონსპირაციული თეორიის სახით ავრცელებს. 1 აპრილს გამოქვეყნებული პოსტის, რომელსაც დღემდე 214 გაზიარება აქვს, კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ მრავალ დეზინფორმაციას შეიცავს.

პოსტის თანახმად, კორონავირუსის პანდემია ხელოვნურადაა შექმნილი, მის საბოლოო მიზანს კი ვაქცინების დახმარებით ადამიანის იმუნიტეტის განადგურება წარმოადგენს, რის შედეგადაც მსოფლიო მოსახლეობა „ოქროს მილიარდამდე“ შემცირდება.

დეზინფორმაცია 1: დედამიწის მმართველი ელიტების მიერ მშრომელი ხალხის დასამორჩილებლად და მოსახლეობის შესამცირებლად იდეა პირველად საჯარო 2019 წელს, „დავოსის ეკონომიკური ფორუმის“ დროს დაფიქსირდა. შემდეგ ამ იდეის საფუძველზე 2020 წლის მარტიდან, „ე.წ. კოვიდ-19 პროექტი გამოცხადდა პანდემიად“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია კორონავირუსის ხელოვნურად წარმოშობასთან დაკავშირებით აქამდეც ხშირად ვრცელდებოდა. გავრცელებული დეზინფორმაციების გასაქარწყლებლად, 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერმა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მეცნიერების მტკიცებით, COVID-19-ის წარმოშობას ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აქედან გამომდინარე, არასწორია მტკიცება, თითქოს ვირუსის გავრცელება დაგეგმილი იყო.

რაც შეეხება პოსტში ნახსენებ „დავოსის ეკონომიკურ ფორუმს“, ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში 22-25 იანვარს გაიმართა, სადაც პოლიტიკურმა ლიდერებმა, ბიზნესის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი, რათა გლობალიზაციისა და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის კონტექსტში, გლობალური და რეგიონალური ინდუსტრიის განვითარების გზების შესახებ ემსჯელათ. დისკუსიები ისეთ თემებზე გაიმართა, როგორებიცაა: მულტიკონცეპტუალურ მსოფლიოში კრიზისებთან გამკლავება, ასევე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობა, როგორებიცაა: ჯანდაცვა, კომუნიკაცია, ტრანსპორტი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ დეზინორმაციის ტალღა ვირუსის ხელოვნურად შექმნასთან დაკავშირებით,სხვადსახვა კონტექსტში, აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები:

• დეზინფორმაცია: კორონავირუსი ბილ გეითსისა და ენტონი ფაუჩის მიერ კარგად დაგეგმილი აფიორაა

• დეზინფორმაცია: კოვიდპანდემია არის AGENDA 2030 ნაწილი, რომლიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს მსოფლიო მმართველობის დასამყარებლად

• დეზინფორმაცია: СOVID-19-ის პანდემია მსოფლიო ფინანსური ელიტების, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციაა ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად

დეზინფორმაცია 2: მოსახლეობს მასიური ტესტირების დროს შეგროვდა მოსახლეობის დნმ, რის შედეგადაც შეძლეს მასზე მოერგოთ ნანოტექნოლოგიებით შექმნილი „მაშველი“ ვაქცინა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დღეისათვის, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, PCR მეთოდი მიიჩნევა . PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების ჩხირზე ადამიანის დნმ-იც ხვდება, ტესტირებისთვის მხოლოდ ადამიანის რნმ გამოიყენება. ამასთან ერთად, ტესტირების შემდეგ აღებული ნაცხები ლაბორატორიაში 1-დან 4 კვირის განმავლობაში ნადგურდება. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ ტესტირებით მოსახლეობის დნმ-ის ინფორმაციის შეგროვება ხდება, რომელსაც შემდეგ ნანოტექნოლოგიებით შემქნილი ვაქცინა ეფუძნება, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

დეზინფორმაცია 3: არსებობს ორი სახის ვაქცინა. ერთი „ე.წ. VIP -ვაქცინა“, რომელიც არ შეიცავს ნანონაწილაკებს, ხოლო მეორე „მაშველი ვაქცინა“ რომელიც „გაჯერებულია ნანონაწილაკებით და მგრძნობიარეა ელექტრო-მაგნიტური 2G; 3 G; 4 G 5 G გამოსხივების მიმართ.

ამ ეტაპზე, WHO-ის მიერ აღიარებულია შემდეგი ოთხი ვაქცინის ეფექტურობა

ამასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვა მარეგულირებელი ორგანოების მიერ აღიარებული ვაქცინებიც გამოიყენება. მაგალითად, ჩინეთში გამოიყენება უნგრეთის მარეგულირებლის მიერ აღიარებული CanSino. რუსეთში გამოიყენება რუსული ვაქცინა Sputnik-V და ა.შ. ნებისმიერი ვაქცინის გადანაწილება, აღიარებულია, თუ - არა ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ხდება სახელმწიფოების მიერ და ის თუ რომელი ვაქცინით აიცრება ინდივიდი, დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ კონკრეტულ ქვეყანაში დაშვებულ და გამოყენებაში მყოფ ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე.

რაც შეეხება, იმ მტკიცებას, რომ ვაქცინები გაჯერებულია ნანონაწილაკებით, სოციალურ ქსელში იდენტური დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. ნანონაწილაკები მინიმალური ზომის, 100 ნანომეტრზე ნაკლები მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომელთაც ნანოკომპიუტერებთან კავშირი არ აქვს. Griffith University-ის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ნაიჯელ მაკმილანმა, საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციასთან, AFP FactCheck-თან განაცხადა, რომ ამ დროისთვის, ისეთი ტექნოლოგია, რომელიც რობოტებს ან კომპიუტერებს საშუალებას მისცემს ლიპიდური ნანონაწილაკების მეშვეობით მოხვდეს ვაქცინაში, არ არსებობს. ვაქცინები ნანორობოტებს ან სხვა სახის ტექნოლოგიურ ნაწილაკებს არ შეიცავს. ამდენად, მტკიცება, რომ ვაქცინები ადამიანებსა და 2G; 3 G; 4 G 5 G ქსელებს ერთმანეთთან აკავშირებს, მცდარია.

დეზინფორმაცია 4: ვაქცინაციის საბოლოო მიზანი ადამიანის იმუნიტეტის დასუსტება და მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირებაა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ადამიანში ვაქცინაციის მოქმედების მთავარ მექანიზმს ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერება წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვაქცინით ტარდება ინექცია.

ტრადიციული ვაქცინის შემთხვევაში, ეს ორგანიზმში დასუსტებული ანტიგენის ანუ დაავადების გამომწვევი აგენტის შეყვანით ხერხდება. ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის შემდეგ, იმუნური სისტემა მას, როგორც უცხო ორგანიზმს აღიქვამს, ანტისხეულებს გამოყოფს, და ამასთან ერთად, მომავლისთვის ანტიგენს იმახსოვრებს. ვაქცინაციის შემდგომ, იმ შეთხვევაში, თუ იგივე ანტიგენის შემცველი ვირუსი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, იგი მას ცნობს და წინააღმდეგობას უწევს მანამ, სანამ ის ადამიანის სხეულში მოასწრებს გავრცელებას. ამ პროცესს ადამიანის ხელოვნური იმუნიზაცია ეწოდება. ამ დროს დასუსტებული ანტიგენის მეშვეობით, ადამიანის ორგანიზმში კონკრეტული ტიპის ანტიგენის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება ხდება. იმუნიზაციის შედეგად ადამიანი დაცულია იმ დაავადებისგან, რომლის დასუსტებული ან მკვდარი ანტიგენების შეყვანაც მის ორგანიზმში ვაქცინაციის საშუალებით მოხდა.

რაც შეეხება ი-რნმ ვაქცინებს, ისინი ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს და ის ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. წვეტოვანი ცილა (Spike protein) ვირუსის უჯრედში შეღწევისთვის მნიშვნელოვანი რეცეფტორს წარმოადგენს. ი-რნმ-ზე დაფუძნებული Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ადამიანის ორგანიზმში შეყვანის დროს ადამიანის ორგანიზმი COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილის ხელოვნურად წარმოებას იწყებს, რასაც ანტისხეულების წარმოქმნა მოჰყვება. როდესაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედები ამ წვეტოვანი ცილების გასანეიტრალებლად ანტისხეულებს ასინთეზებს. ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმშივე სინთეზირებულ წვეტოვან ცილებს ანადგურებს და COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წარმოიქმნება.

ამასთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იმუნიტეტის გამომუშავება ვირუსულ- ვექტორული ვაქცინითაც არის შესაძლებელი, რომელსაც წარმოადგენს Oxford/AstraZeneca-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ შემთხვევაში სხვა ვირუსის მოდიფიცირება ხდება, კერძოდ, კორონავირუსის ე.წ. სპაიკ ცილის გენის გადატანა სხვა ვირუსთან. ვირუსულ ვექტორად შესუსტებული ადენოვირუსია აღებული, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. მოდიფიცირებული ვირუსი ადამიანის უჯრედებში არ მრავლდება და საფრთხეს არ წარმოადგენს. ვექტორული ტექნოლოგია აპრობირებული მეთოდია. აღნიშნული პროცესი უჯრედის ძლიერ იმუნურ რეაქციას იწვევს, რაც ანტისხეულების წარმოქმნით გამოიხატება. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგ, თუ ადამიანი კორონავირუსით დაავადდება, მისი იმუნური სისტემა ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას უკვე ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულებით შეძლებს.

სხვადასხვა ტიპის ვაქცინების და მათ მიერ იმუნიტეტის გამომუშავების გზების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მიხეილ ბერიძის პოსტი შემდეგ Facebook-გვერდებსა და პირად პროფილებზე გავრცელდა: Секрет гриффита Griffith's secret გრიფით საიდუმლო; Spec Rekkr Tator;

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი