ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 24 თებერვალს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებულ სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის მორიგი გვერდითი ეფექტი გამოვლინდა - „აცრის შემდეგ რამდენიმე საათში 63 წლის მამაკაცს [ბიძინა მამუკაშვილი] ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა“, რის შემდეგაც ის ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ობიექტივის“ კიდევ ერთ გადაცემაში მამუკაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა აცრამდე არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარეს და 45 წუთის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.

მოცემული ფაქტის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MoH) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. უწყებები 63 წლის მამაკაცის შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკის განვითარებას არ ადასტურებენ. NCDC-მ „ფაქტ-მეტრს“ განუცხადა, რომ მამაკაცის კომატოზური მდგომარეობა ვაქცინასთან ასოცირებული არ იყო, შესაბამისად, ცენტრში AstraZeneca-ს გვერდით ეფექტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. როგორც აღმოჩნდა, პაციენტი მძიმე ქრონიკული დაავადებების გამო კლინიკაში ხშირად ხვდებოდა, ბოლო ეპიზოდიც მის მძიმე დიაგნოზს უკავშირდება.

რაც შეეხება პაციენტის მეუღლის მტკიცებას, რომ აცრის წინ არანაირი გამოკვლევა არ ჩატარებულა და ექიმები მხოლოდ სიტყვიერი კონსულტაციით შემოიფარგლნენ, NCDC-ის თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის წინასწარი კვლევების ჩატარება ან მედიკამენტოზური მომზადება ვაქცინების არცერთი მწარმოებლის მიერ მოწოდებული არ არის. გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი კვლევის აუცილებლობაზე არც ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებულ გზამკვლევშია საუბარი.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი