ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის მასშტაბური განახლება იწყება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი პროგრამა დააანონსა, რომლის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. პრემიერმა დაანონსებულ პროექტს ქვეყნის მასშტაბური განახლების დასაწყისი უწოდა.

როგორც ვიცით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები რეგიონული ფონდიდან ფინანსდება, რომლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში 300-450 მლნ ლარს შორის მერყეობს. დაანონსებული პროგრამის ბიუჯეტი დასახელებულ მონაცემს მცირედით აღემატება (იმ შემთხვევაში, თუ 500 მლნ ლარის ათვისება ერთ წელიწადში მოხდება). აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ 500 მლნ ლარის 63 მუნიციპალიტეტში დახარჯვა, რაც ყოველწლიურად ისედაც თითქმის იხარჯება, ქვეყნის განსაკუთრებულ და მასშტაბურ განახლებას ვერ გამოიწვევს. ამის დასტურად ისიც შეიძლება მოვიყვანოთ, რომ 2013 წლიდან დღემდე რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის ფონდიდან 3 მილიარდ ლარამდე უკვე დაიხარჯა და „მასშტაბური განახლება“ არ მომხდარა.

„ფაქტ-მეტრი“ ჯერ მხოლოდ დაანონსებული პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასებაში ვერ შევა, მხოლოდ იმის ჩვენება გვინდა, რომ 500 მილიონი საქართველოსავით ღარიბი ქვეყნისთვისაც კი, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი თანხა, რამაც შეიძლება 63 მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული განახლება გამოიწვიოს. მით უმეტეს, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით ამდენი თანხა ყოველწლიურად 63 მუნიციპალიტეტზე ისედაც იხარჯება. „ფაქტ-მეტრი, რა თქმა უნდა, მიესალმება რეგიონებზე ყურადღების ფოკუსირებას, უბრალოდ სასურველია, მოსახლეობას გადაჭარბებული მოლოდინი არ შევუქმნათ და ზედმეტი ზარ-ზეიმის გარეშე დავაანონსოთ, თუნდაც ძალიან კარგი პროექტის დაწყება.

აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის ტყუილი

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა რეკრეაციული ზონები და რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება.

„მე მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარი იქნება და პროექტის ფარგლებში 15 000 ადამიანი დასაქმდება. პროგრამის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, ოთხწლიან პერიოდს მოიცავს.

როგორც აღინიშნა, პროგრამის ოთხწლიანი ბიუჯეტი 500 მლნ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთ წელზე 125 მლნ ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პროგრამა 63 მუნიციპალიტეტზე არის გათვლილი, თითოეულ მუნიციპალიტეტს წელიწადში დაახლოებით 2 მლნ ლარი მოუწევს. პროგრამის ბიუჯეტი მთლიანად ერთ წელშიც რომ დაიხარჯოს, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში დაახლოებით 8 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება. ბოლო წლების რეგიონული ფონდის ბიუეტი ისედაც იძლეოდა საშუალებას, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტზე საშუალოდ 7 მლნ ლარზე მეტი დახარჯულიყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტები საქართველოს ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

რეგიონული ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის #23 დადგენილებაში არის გაწერილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტები მოიცავს მუნიციპალიტეტ(ებ)ში გზების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციას; წყალგაყვანილობას, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას; ხიდების რეაბილიტაციას; გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციას; სასმელი წყლის ჭაბურღილების და სისტემების მოწყობას; საკანალიზაციო სისტემების და მუნიციპალური ნარჩენების მართვას; საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთებას/რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურულ, აგრეთვე მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარებისთვის საჭირო პროექტებს.

რეგიონული პროექტების დაფინანსების წინა წლების სტატისტიკა შემდეგნაირია:

ცხრილი 1:2013-2020 წლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა

როგორც მონაცემებიდან ჩანს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი, ბოლო წლების განმავლობაში, 300-450 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს. 2013-2020 წლებში ფაქტობრივმა ხარჯმა 3 მილიარდი შეადგინა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ 500 მილიონი ლარი 1 წელიწადში დაიხარჯება, ფაქტია, რომ ეს 63 მუნიციპალიტეტის „მასშტაბური განახლებისთვის“ საკმარისი თანხა არ იქნება.

„ფაქტ-მეტრი“ ჯერ მხოლოდ დაანონსებული პროგრამის საბოლოო შედეგის შეფასებაში ვერ შევა. თუმცა უკვე არსებული რეალობიდან გამომდინარე ფაქტია, რომ თუნდაც წელიწადში, 500 მლნ ლარად, 63 მუნიციპალიტეტში „მასშტაბური განახლება“ ვერ მიიღწევა. აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი