დეზინფორმაცია: პოლიციის უნიფორმაზე დატანილი შავ-თეთრი კვადრატები მასონური სისტემის სიმბოლოა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი Goria Shiva Facebook-ზე მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, პოლიციის უნიფორმაზე გამოსახული თეთრი და შავი კვადრატები მასონური სისტემის სიმბოლოა. პოსტის ავტორის თანახმად, „თავსმოხვეული ლგბტ კანონები, იუვენალური იუსტიცია, მიწების გაყიდვა“ და სხვა მრავალი იმ სისტემის ნაწილია, რომლის სიმბოლოც პოლიციის უნიფორმაზე დატანილი შავ-თეთრი კვადრატებია. 27 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტს ამ ეტაპზე 25 გაზიარება აქვს, მათ შორის პოსტი გაზიარდა Facebook- ჯგუფში „ანტი-მასონობა; „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“, რომელსაც პლატფორმაზე 5000 წევრი ჰყავს.

რეალურად, მსგავსი კუბების გამოყენების ისტორია პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შოტლანდიაში დაიწყო მაშინ, როცა პოლიციელების შავ ქუდებს თეთრი კუბური ფიგურები დაემატა, რადგან მათი უნიფორმის საშუალებით პოლიციელებისა და ავტობუსის მძღოლების ერთმანეთისგან გარჩევა ადვილი ყოფილიყო. ეს კუბური ფორმები სამართალდამცავი ორგანოების სფეროში შოტლანდიელმა ოფიცერმა, პერსი სილიტომ შემოიტანა და ამის გამო კონკრეტულ ფორმებს დღემდე „სილიტოს ტარტანები“ (Sillitoe’s Tartans) ეწოდება.

ეგრეთ წოდებულ Sillitoe’s Tartans- ის ვარიაციები, მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის პოლიციური ძალებისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების სიმბოლოდ იქცა და მრავალ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა. შესაბამისად, ფორმები მსგავსი ინსტიტუტების მანქანებზე ან უნიფორმაზე გვხვდება დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, ისლანდიაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში. ძირითად შემთხვევებში ის კვლავ შავ-თეთრი ან ლურჯ-თეთრ ფერებში გამოისახება, თუმცა უამრავი სხვა ფერის კომბინაცია არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ადგილის მიხედვით განსხვავდება.

Sillitoe’s Tartans-ს ხშირად იყენებენ საგანგებო სამსახურების მანქანებზე და ოფიციალურ სამოსზე, მათ შორის, ქუდებსა და ჟილეტებზე. სიმბოლოები საქართველოს პოლიციის სამსახურის უნიფორმაშიც არის გამოყენებული.

აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად, პოლიციის უნიფორმაზე გამოსახული თეთრი და შავი კვადრატები სასწრაფო და გადაუდებელი სამუშაოების სიმბოლოა, რომლის ისტორიაც მეოცე საუკუნეში იწყება და მას არანაირი კავშირი არ აქვს Goria Shiva-ს მიერ ნახსენებ „მასონურ სისტემასთან“.

----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი