დეზინფორმაცია: ინდოეთში მორიგი კორონააფიორა თამაშდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ინდოეთში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად სოციალურ ქსელში საკითხთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელება აქტიურად დაიწყო. 28 აპრილს Facebook მომხმარებლებმა შორე შანიძემ და ლევან ნავიმ გაავრცელეს ვიდეო, სადაც ვიდეოს ავტორი ინდოეთიდან მიმართავს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში, ამ ეტაპისთვის, კოვიდსიტუაცია ნორმალურია. ქუჩებში არავინ კვდება და ყველა ფოტო თუ ვიდეომასალა, სადაც ამას აჩვენებენ, არის ტყუილი. ვიდეოს ავტორის თქმით, ინდოეთის ქალაქებში ისედაც ხშირად შეხვდებით ხალხს, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩები მიცვალებულებითაა სავსე. მისი თქმით, მედია მანიპულაციურად აშუქებს სიტუაციას, სინამდვილეში ინდოეთში „ყველაფერი კარგად არის“. Facebook-მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმა ინდოეთში მიმდინარე მოვლენებს ქუჩაში მოწყობილი კრემატორიუმებით სპექტაკლის გაგრძელება უწოდა. მის პოსტს Facebook-ზე 1,4 ათასზე მეტი გავრცელება აქვს. ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე კი საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ინდოეთში მიმდინარე მოვლენებს ხალხის დასაშინებლად დადგმულ სცენარის ნაწილს უწოდებს, სადაც ამჯერად მთავარ როლში ჩინეთის მაგივრად ინდოეთია. ტომარაძის თქმით, ინდოეთში კორონამდე ქუჩებში სხვადასხვა მიზეზის გამო უამრავი ადამიანი იღუპებოდა და მათ კრემაციას მდინარე განგის ნაპირებზე უტარებდნენ. შესაბამისად, მისი თქმით, ინდოეთში ახლა მორიგი კორონააფიორა თამაშდება.

ეპიდსიტუაცია ინდოეთში - კორონავირუსის ახალი ინდური შტამი

ინდოეთი ამჟამად COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღას ებრძვის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის ისტორიაში, ბოლო დღეებში, კორონავირუსის გავრცელების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. 24 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში ვირუსის 350 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, რაც ერთი ქვეყნის შემთხვევაში, მსოფლიოში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების აზრით, რეალური მონაცემები გაცილებით მაღალია, რადგან სტატისტიკის ზუსტი აღრიცხვა ვერ ხერხდება.

ვირუსები მუტაციას მუდმივად განიცდის. COVID-19-ის ვირუსმაც რამდენიმე სახის მუტაცია უკვე განიცადა. ინდოეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.617 -ის სახელითაა ცნობილი, მას ინდურ, ან „ორმაგი მუტაციის“ ვარიანტსაც უწოდებენ, რადგან B.1.617-ს ამ დროისთვის ცნობილ ორ მუტაციას – E484Q-სა და L452R-ს შეიცავს. პირველი მათგანი სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური მუტაციის E484K-ს მსგავსია. რაც შეეხება მეორე მუტაციას, L452R კალიფორნიაში აღმოაჩინეს.

ინდური შტამის შესახებ ინფორმაცია ვირუსების გენომების გლობალურ მონაცემთა ბაზაში (GISAID) ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2021 წლის მარტის ბოლოს განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული შტატის, მაჰარაშტრას კოვიდტესტების ნიმუშების ანალიზისას 15-20%-ში ახალი, „ორმაგი მუტაციის“ შტამი დაფიქსირდა. აპრილში კი ეს მაჩვენებელი - 60%-მდე გაიზარდა.

დღეისთვის ზუსტად არ არის ცნობილი, არის, თუ - არა ინდური ვარიანტი უფრო გადამდები, ან აქვს, თუ - არა უნარი, მოერიოს დღეს არსებულ ვაქცინებს. ახალ შტამზე კვლევები ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს. თუმცა ვირუსოლოგი შაჰიდ ჯამილი BBC-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ვირუსის სპაიკ ცილაში მომხდარმა ორმაგმა მუტაციამ, შესაძლოა, რომ ვირუსი უფრო მეტად გადამდები და იმუნური სისტემისთვის ძნელად დასაძლევი გახადოს“. ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგ ჯერემი კამილის განცხადებით, „სავარაუდოდ, ინდური ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბრიტანული, თუმცა მსოფლიო არ უნდა აჰყვეს პანიკას“.

ინდური ვარიანტის შესახებ არსებული ამჟამინდელი მცირე ინფორმაციის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ინდოეთში ახალი ვარიანტის დასადგენი ტესტირება და კვლევები სისტემატურად ვერ ტარდება.

ინდოელი ინფექციონისტების განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის რეკორდული ტემპით გავრცელება დიდ რელიგიურ შეკრებებს, საჯარო თავშეყრის ადგილების გახსნასა და რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდება. მათი განცხადებით, მეორე ტალღის დაწყების ნიშნები ჯერ კიდევ თებერვალში იყო, თუმცა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. ექსპერტების შეფასებით, ვირუსის სწრაფად გავრცელებას მოსახლეობის სიღარიბე და სიმჭიდროვეც უწყობს ხელს.

BBC-ის ცნობით, ქ.დელიში არსებული ყველა საავადმყოფო სავსეა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე მოქალაქეები თავიანთ რიგს ქუჩაში ელოდებიან. საავადმყოფოები ახალი პაციენტების მიღებას ვერ ახერხებს. ამასთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში ჟანგბადის სასუნთქი აპარატების დეფიციტია, რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტების დაღუპვის მიზეზი ხდება. ქვეყანაში სრული დატვირთვით მუშაობს კრემატორიუმებიც.

შექმნილი რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გაერთიანებულმა სამეფომ ინდოეთს 495 ჟანგბადის ბალონი და 140 სასუნთქი აპარატი გაუგზავნა. ამ დრომდე აშშ-დან სხვა ქვეყნებში ვაქცინების შესაქმნელად საჭირო პირველადი მასალების ექსპორტი აკრძალული იყო. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ისინი ნებას რთავენ ვაქცინების ინდურ მწარმოებლებს, რომ აღნიშნული მასალები ინდოეთში შეიტანონ. საფრანგეთი ინდოეთს ჟანგბადის მარაგით დაეხმარება. ჟანგბადისა და წამლების მარაგს გააგზავნის ევროკავშირიც.

შესაბამისად, ინდური, „ორმაგი მუტაციის“ შტამის სწრაფად გავრცელებამ ბოლო ორი კვირის მანძილზე ინდოეთში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გააუარესა. დეზინფორმატორების მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებები, თითქოს ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება და ავტორიტეტული მედიები ხალხის დასაშინებლად დადგმულ სცენარებს აშუქებენ, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი