ნიკოლოზ სამხარაძე: უსამართლოა, იმიტომ, რომ იქ [აშშ-ის საელჩოს განცხადებაში] შინაარსზე არ არის არაფერი, თვითონ კანონმდებლობის შესახებ არ წერია, არის პროცედურაზე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში კანონმდებლობის შინაარსზე არაფერი წერია, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საელჩო მხოლოდ ცვლილებების მიღების პროცედურულ მხარეს მიიჩნევს პრობლემურად, შინაარსს კი - არა. ეს კი მთლიანი განცხადების კონტექსტისა და სულისკვეთების დამახინჯებული ინტერპრეტაცია და მანიპულირებაა, რამდენადაც საელჩო ცვლილებების მიღების მიზანს ეჭვქვეშ აყენებს.

ლოგიკურია, რომ საელჩო ცვლილებების დაჩქარებულად მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობაზე არ მიუთითებდა, ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით ეჭვები რომ არ არსებობდეს.

ანალიზი

29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

ცვლილებები უარყოფითად შეაფასეს როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ისე სამოქალაქო სექტორმა. მათი შეფასებით, კანონმდებლობის გამკაცრება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე მსუსხავ ეფექტს იქონიებს.

კოდექსის ნორმების გამკაცრებას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოხატა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ უსამართლო უწოდა. „ვფიქრობ, უსამართლოა, იმიტომ, რომ იქ შინაარსზე არ არის არაფერი, თვითონ კანონმდებლობის შესახებ არ წერია, არის პროცედურაზე“, - განაცხადა სამხარაძემ.

„ფაქტ-მეტრმა“ ნიკოლოზ სამხარაძის აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

რას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები

166-ე მუხლი

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული და უკვე მიღებული ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

მანამდე მოქმედი ნორმა წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენაზე არაფერს ამბობდა.

173-ე მუხლი

ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის (და კანონით გათვალისწინებული სხვა პირების) კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება პირველ ჯერზე დაისჯება 2000-დან 3000-მდე ლარამდე ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით.

მანამდე მოქმედი ნორმა პასუხისმგებლობის სახედ ითვალისწინებდა ჯარიმას 1000-დან 4000 ლარამდე თანხის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.

რაც შეეხება ქმედების განმეორებით ჩადენას, აქამდე მოქმედი ნორმა მას არ ითვალისწინებდა, მიღებული ცვლილებით კი ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

247-ე მუხლი

ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს სასამართლოს.

მანამდე მოქმედი რედაქციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა ყოფილიყო 12 საათზე მეტი.

რა წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში

აშშ-ს საელჩომ განცხადება 29 აპრილს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო:

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით“.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა:

„საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს, ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ქართულ ოცნებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა“.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში ცვლილებების შინაარსზე საუბარი არაა, გასათვალისწინებელია, რომ საელჩო ეჭვქვეშ აყენებს ცვლილებების მიზანს და აღნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება. ლოგიკურია, რომ საელჩო ცვლილებების დაჩქარებულად მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობაზე არ მიუთითებდა, ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით ეჭვები რომ არ არსებობდეს.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში კანონმდებლობის შინაარსზე არაფერი წერია, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს საელჩო მხოლოდ ცვლილებების მიღების პროცედურულ მხარეს მიიჩნევს პრობლემურად, შინაარსს კი - არა. ეს კი მთლიანი განცხადების კონტექსტისა და სულისკვეთების დამახინჯებული ინტერპრეტაცია და მანიპულირებაა, რამდენადაც საელჩო ცვლილებების მიღების მიზანს ეჭვქვეშ აყენებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი