„ფაქტ-მეტრის“ (Factcheck.ge) რედაქციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დეპუტატ შალვა პაპუაშვილის მხრიდან „ფაქტ-მეტრის“, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) მიუკერძოებელი და საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი მედია-პროექტის, დისკრედიტაციის მცდელობა. დეპუტატის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, (ბმული: https://bit.ly/3gWvHt7) „ფაქტ-მეტრის“ რეპუტაციის შელახვის მცდელობის მიღმა, არაერთ უზუსტობას შეიცავს. კერძოდ:

„ევროპული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების თხოვნით დეპუტატმა საჯარო პოსტისა და პირადი შეტყობინების გამოყენებით, შესაბამისად 3 და 4 მარტს მოგვმართა. „ფაქტ-მეტრმა“ (Factcheck.ge) აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება გაცილებით ადრე დაიწყო, რასაც ადასტურებს 4 თებერვლით დათარიღებული წერილი, რომლითაც Factcheck.ge-მ, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ცესკოს მიმართა. შესაბამისად, ბ-ნი პაპუაშვილის მტკიცება, რომ „ფაქტ-მეტრი“ "არ იმჩნევდა" აღნიშნულ ინფორმაციას, მცდარია.

ცესკომ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადის დარღევით, ერთი თვის შემდეგ - 4 მარტს, მოგვაწოდა პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ცესკო ცხრილში მოცემულ მონაცემებს არ ითვლიდა. ერთ-ერთი მომდევნო კომუნიკაციის დროს შალვა პაპუაშვილს დამატებით მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცესკომ მოთხოვნილი მონაცემები არ მოგვაწოდა და, ამასთან, დეპუტატს აქვე განვუმარტეთ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში მოცემული ინფორმაციის ნაწილი (გაკონტროლებული ხმები) არ იყო გადამოწმებადი, ხოლო ნაწილს (ცარიელი კონვერტები და დისბალანსი) რედაქცია ხელით გადათვლიდა. დეპუტატს „ევროპულ საქართველოსთან“ ინფორმაციის გადამოწმების შემოთავაზების პასუხად ვაცნობეთ ისიც, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას „ფაქტ-მეტრი“ ვერ ჩათვლიდა საკმარის დასაბუთებად.

უბნების ხელით გადათვლა კი გულისხმობს 3500-ზე მეტი უბნის, შესაბამისად, ორჯერ მეტი ოქმისა და შესწორების ოქმების ანალიზს. ამდენად, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ცდება „ფაქტ-მეტრის“ სტანდარტული სტატიის გამოქვეყნების ჩვეულ ვადებს და რედაქციის მხრიდან გაცილებით დიდ რესურსს მოითხოვს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უამრავი განცხადება გაკეთდა, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. არჩევნების კონტექსტში, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საჯარო დისკუსია მიმდინარეობდა, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებსა და ცესკოს შედეგებს შორის არსებულ ცდომილებას უკავშირდებოდა. „ფაქტ-მეტრმა“ ამ საკითხს არაერთი სტატია მიუძღვნა. პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტების შესახებ ISFED-მა განცხადება 11 დეკემბერს გამოაქვეყნა (იხილეთ ბმული: https://bit.ly/2QVbpWr). განცხადებაში აღნიშნულია: „გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.“ ამ განცხადების საფუძველზე, „ფაქტ-მეტრმა“, როგორც პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ, ცვლილება შეიტანა სტატიებში, რომლებიც ამ დასკვნას ეყრდნობოდა და სპეციალური განცხადებაც მიუძღვნა აღნიშნულ საკითხს (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3xKB58E). ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის პროცესში გამოვლენილი ხარვეზის მანდატების განაწილებაზე შესაძლო გავლენის შესახებ შალვა პაპუაშვილის განცხადება „ფაქტ-მეტრის“ მიერ შეფასდა ვერდიქტით - სიმართლე (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3gRVdjk).

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფაქტ-მეტრის“ მხრიდან სტატიების მომზადების ვადების შესახებ მკითხველის კრიტიკა ლეგიტიმურიც რომ იყოს, უსაფუძვლოა ამ მიზეზით მოცემული საკითხის პოლიტიზირება და ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა, თითქოს მან მიზანმიმართულად გააჭიანურა სტატიის გამოქვეყნების პროცესი. ამასთან, არჩევნების პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებით წარმოქმნილმა უთანხმოებამ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რომლის სწრაფად მოგვარება უპრეცედენტო საერთაშორისო ჩართულობამაც ვერ შეძლო. ამის ფონზე, „ფაქტ-მეტრის“ (რომელიც არჩევნების დამკვირვებელ ორგანიზაციას არ წარმოადგენს) დადანაშაულება, რატომ ვერ მოხერხდა დროის მცირე მონაკვეთში არჩევნების პროცესსა და შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის მიერ გამოქვეყნებული მასალის გადამოწმება, მინიმუმ, არარაციონალურია.

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ 2012 წელს დაფუძნდა, მათ შორის სერგი კაპანაძისა და ელენე ხოშტარიას მიერ. მათ გარდა, დამფუძნებელთა კრებაში შედიოდა 9 ადამიანი. ჩვენს ვებგვერდზე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, როგორც მისი დამფუძნებლების, ასევე ამჟამინდელი გუნდის შესახებ, სრულად ხელმისაწვდომი და საჯაროა. სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია 2016 წელს, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ჩამოშორდნენ ორგანიზაციას და ისინი აღარ მონაწილეობენ მის საქმიანობაში. ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები იურიდიულად რჩებიან დამფუძნებლებად, მიგვაჩნია, რომ განმარტებას აღარ საჭიროებს და ელემენტარული ჭეშმარიტებაა.

შალვა პაპუაშვილი განცხადებაში ასევე წერს, რომ ვერ იპოვა ისეთი სტატია, რომელშიც სერგი კაპანაძესა და ელენე ხოშტარიას „ვამხელთ“. დეპუტატის მტკიცების უზუსტობის საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოვიყვანთ:

1. ელენე ხოშტარიამ დააფუძნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომლის საპრეზენტაციო ვიდეოში მოცემული ფაქტებიც გადავამოწმეთ. სულ გადამოწმდა 7 მტკიცება. აქედან აღმოჩნდა: 1 ტყუილი, 1 ფაქტებით მანიპულირება, 1 მეტწილად მცდარი, 1 ნახევრად სიმართლე, 3 სიმართლე (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3vyNFGj);

2. უარყოფითი ვერდიქტით შეფასებულია სერგი კაპანაძის განცხადებაც (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3xKXu5S)

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფაქტ-მეტრის“ მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკოსის ან თანამდებობის პირის „ტყუილში გამოჭერა“. „ფაქტ-მეტრი“ ამოწმებს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკოსების განცხადებებს და მათ გამონათქვამებში მცდარ ფაქტებს არ ეძებს ხელოვნური ბალანსის მისაღწევად. ბუნებრივია, საჯაროდ გაჟღერებული ყველა განცხადება და „ყველა სიტყვის სისწორე“, როგორც ამას ბატონი პაპუაშვილი აცხადებს, ვერ შემოწმდება. გადასამოწმებელი განცხადების შერჩევისას, „ფაქტ-მეტრი“ მათემატიკური სიზუსტით არ ხელმძღვანელობს. მით უმეტეს, „ფაქტ მეტრი,“ პოლიტიკოსების მიკერძოებული აღქმების გასანეიტრალებლად, ხელოვნური ბალანსის უზრუნველყოფას, არ ახდენს.

„ფაქტ-მეტრის“ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და გამჭვირვალობას ადასტურებს საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ქსელის (IFCN) დასკვნები. Factcheck.ge IFCN-ის დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან ყოველწლიურად გადის აუდიტს (იხილეთ ბმული: https://bit.ly/3tgLB49), რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის მიუკერძოებლობის, მათ შორის - პარტიული მიუკერძოებლობის, შემოწმება ერთ-ერთი კრიტერიუმია.

სამწუხაროა და, შეიძლება ითქვას, სამარცხვინოც, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იმ ორგანიზაციის დისკრედიტირებას და დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებას ცდილობს, რომელიც 2019 წელს სწორედ საქართველოს პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ თემატური მოკლევის პროცესის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან იკითხება, რომ ის დაინტერესებულია არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციითა და მის წინააღმდეგ ბრძოლით. მოვუწოდებთ მას, გაეცნოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართ“ და დაინტერესდეს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხით. ანგარიში მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD) ფინანსური მხარდაჭერით.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ დეპუტატი, რომლის ვალდებულებაცაა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით იყენებს კარგად ნაცნობ პროპაგანდისტულ მეთოდს, დონორი ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ის, მიერ გაწეულ მხარდაჭერას ცინიკურად მოიხსენიებს, როგორც „ნაჩუქარ ფულს,“ რომელიც პარტიული დღის წესრიგის შექმნაში იხარჯება. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც შალვა პაპუაშვილს, მისი ბიოგრაფიის თანახმად, აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება.

IFCN-ის პრინციპებისა და მედიასტანდარტების ერთგულებისა და ზედმიწევნით შესრულების საფუძველზე, „ფაქტ-მეტრი“ 2020 წლის სექტემბრიდან Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია, რაც გულისხმობს სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. „ფაქტ-მეტრმა“ ფეისბუქზე გავრცელებული მილიონობით ყალბი ამბის შემცველი, მათ შორის საარჩევნო თემატიკაზე, ბმული მონიშნა, როგორც ყალბი ამბავი და მათი გავრცელება, შესაბამისად, საზოგადოებაზე მავნე გავლენა, შემცირდა. პანდემიის პირობებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობა არსებითად გაზრდილია და „ფაქტ-მეტრი“ კორონავირუსთან და ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა.

და ბოლოს, „ფაქტ-მეტრი“ ტრადიციულად მზადაა, ყველა დაინტერესებულ პირს დეტალურად გააცნოს ორგანიზაციის საქმიანობა, ის პრინციპები, მეთოდოლოგია და სარედაქციო კოდექსი, რომლითაც „ფაქტ-მეტრი“ ხელმძღვანელობს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი