ლევან ვასაძე: საქართველოში საშუალოდ 40-60 ათასი აბორტი კეთდება

„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ვასაძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: ლევან ვასაძის მიერ დასახელებული რიცხვი სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში აბორტების რაოდენობა ყოველწიურად მცირდება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, ხელოვნური აბორტის ჯამობრივმა კოეფიციენტმა (TIAR) 1999 წელს 3.7, 2005 წელს - 3.1; ხოლო 2010 წელს - 1.6, 2018 წელს კი 0.9 შეადგინა.

მიუხედავად აბორტების შემცირების ტენდენციისა, საქართველოში ცოცხალშობილთა რაოდენობასთან მიმართებით აბორტების მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ მაღალია.

ანალიზი

2021 წლის 6 მაისს, „ღამის კურიერში“, ბიზნესმენმა და ახალდაფუძნებული მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ განაცხადა: „30-წლიან პერიოდში ჩვენ მოვკალით 1.5 მილიონი ბავშვი. საქართველოში საშუალოდ 40-60 ათასი აბორტი კეთდება, გადაამრავლეთ ეს 30 წელიწადზე და მინიმუმ 1.5 მილიონით მეტი ბავშვი გვეყოლებოდა... ეს არის ლიბერალური პროპაგანდის შედეგი“.

ბოლო წლებში (2013-2019) საქართველოში აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2019 წელს რეგისტრირებულია 21,599 აბორტი, რაც წინა წლის მონაცემებზე 5%-ით ნაკლებია. 2012 წლის შემდეგ აბორტების რიცხვი 45%-ით არის შემცირებული.

2013 წლამდე პერიოდში [2002-2012 წლებში] რეგისტრირებული აბორტების მკვეთრი ზრდის ტენდენცია იყო, თუმცა აღნიშნული აბორტების აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით იყო განპირობებული. უფრო ადრე, პოსტ-საბჭოთა პერიოდში, აბორტების რეგისტრაცია პრაქტიკულად არ ხდებოდა.

გრაფიკი 1: აბორტების რაოდენობა 2002-2019 წლებში (ათასი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში [2012 წლის შემდგომ] 1000 ცოცხალშობილზე აბორტების რაოდენობა ასევე მკვეთრად შემცირდა (იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი).

წყარო: NCDC

მიუხედავად აბორტების შემცირების ტენდენციისა, საქართველოში ცოცხალშობილთა რაოდენობასთან მიმართებით აბორტების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის რეგიონში, დსთ-სა და ევროკავშირში.

წყარო: NCDC; ჯანმოს მონაცემთა ბაზა

30 წლიან პერიოდში აბორტების მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, რასაც ადასტურებს შესაბამისი კვლევები. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) MICS კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2018 წელს საქართველოში ხელოვნური აბორტის ჯამობრივი კოეფიციენტი (TIAR) 0,9-ს შეადგენდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ ქალზე, ცხოვრების მანძილზე, საშუალოდ, ერთ აბორტზე მცირედით ნაკლები მოდის. სხვადასხვა წლებში ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების მონაცემებით: 1999 წელს ხელოვნური აბორტის ჯამობრივმა კოეფიციენტმა (TIAR) 3,7 შეადგინა, 2005 წელს - 3,1; ხოლო 2010 წელს - 1,6. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ხელოვნური აბორტების რაოდენობის კლების ტენდენცია აღინიშნება.

აბორტების შემცირება პირდაპირ კავშირშია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდასთან, ასევე უსაფრთხო და ეფექტიანი კონტრაცეფციის საშუალებების ხელმისაწვდომობასთან.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს სახელმწიფოს მხრიდან აბორტების წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ: აიკრძალა სელექციური აბორტები (ბავშვის სქესის მიხედვით), რაც იმას გულისხმობს, რომ ბავშვის სქესის გაგება იმ ვადამდე აიკრძალა, სადამდეც კანონით აბორტი დასაშვებია (აბორტი დასაშვებია ორსულობის 12 კვირამდე). აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3-დან 5-დღემდე გაიზარდა. ამასთან, 2014 წლის 20 ოქტომბრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკანონო აბორტზე სანქციები გამკაცრდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი