დეზინფორმაცია: აშშ-ში COVID-19-ის ვაქცინებით 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აშშ-ში Covid-19-ის ვაქცინით 3000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კონკრეტულად, შანიძე წერს: „აშში 20 დეკემბრიდან 20 აპრილამდე 3000ზე მეტია დაღუპული შხამებისგან!!ლინკი კომენტარში!“, კომენტარებში კი ipress.ge-ის სტატიის ლინკია მოცემული. Facebook-პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

როგორც ipress.ge-ის სტატიაში ვკითხულობთ, „აშშ-ის მინიმუმ 3 362 მკვიდრი გარდაიცვალა ამ წლის 20 დეკემბრიდან 23 აპრილამდე, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ. ასეთი მონაცემები ვაქცინის უარყოფითი მოვლენების გაშუქების სისტემისგან (VAERS ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, Fox News–მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა“. სტატიის მიხედვით, ეს მოსაზრება ტელეწამყვან ტაკერ კარლსონმა გააჟღერა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ქვეყანაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 3722-ს უდრის.

აღნიშნული ამბავი, საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა PolitiFact-ის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა და მათ მიერ ტაკერ კარლსონის განცხადება შეფასდა, როგორც ყალბი.

რეალურად, 2021 წლის 5 მაისს, Fox News-ის წამყვანმა ტაკერ კარლსონმა თავის გადაცემაში „Tucker Carlson Tonight“ კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით, მილიონობით მაყურებლის წინაშე მსგავსი განცხადება ნამდვილად გააჟღერა. მისი თქმით, 2020 წლის დეკემბერ-2021 წლის აპრილის მონაკვეთში, აშშ-ში Covid-ვაქცინის მიღების შემდეგ ჯამურად დაახლოებით 3362 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რეალური რიცხვი კი, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო მეტია.

კარლსონმა ამ ციფრების წყაროდ, VAERS (Vaccine Adverse Event Reporting System) დაასახელა. VAERS ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) მიერ იმართება. PolitiFact-თან საუბარში ექსპერტებმა კარლსონის განცხადება შეცდომაში შემყვანად შეაფასეს, რადგან VAERS-ის მონაცემებზე დაყრდნობით მსგავსი დასკვნების გაკეთება არასწორია. ამასთან მათ განმარტეს, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაცვალება და ვაქცინით გარდაცვალება სრულიად სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, თუმცა ეს არ იყოს ვაქცინასთან დაკავშირებული ან ვაქცინით გამოწვეული. უფრო მეტიც, პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის სამედიცინო სკოლის (University of Pennsylvania’s Perelman School of Medicine) ვაქცინოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა პოლ ოფიტმა, ტელეწამყვანის მიერ მსგავსი თითქოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის შესახებ მინიშნება განსაკუთრებულ უპასუხისმგებლობად შეაფასა და პანდემიის დროს მავნებლური ინფორმაციის მიწოდება ადამიანთა სოცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებად მოიხსენია.

როგორც უკვე აღინიშნა, VAERS ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა და ამ ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით კონკრეტული დასკვნის გამოტანა არ შეიძლება. კონკრეტულად, VAERS-ს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, თუმცა ეს მონაცემები დამატებით კვლევასა და დამუშავებას საჭიროებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა. აქედან გამომდინარე, VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, არასწორია. ამასთან, გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის უშუალო პირდაპირი კავშირის დასადგენად, CDC-და და FDA-ის სპეციალისტების მიერ პაციენტის კლინიკური ინფორმაციის მიმოხილვა, გარდაცვალების სერტიფიკატების, აუტოფსიისა და სამედიცინო ჩანაწერების შესწავლაა საჭირო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2021 წლის 5 მაისის მონაცემებით, 2021 წლის 14 დეკემბერ-2021 წლის 3 მაისის შუალედში, VAERS-ის ბაზაში Covid-19-ზე ვაქცინირებულ ადამიანთა სიკვდილის 4178 შეტყობინება დაფიქსირდა. თუმცა, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გარდაცვალების სერტიფიკატების, აუტოფსიისა და სამედიცინო ჩანაწერების შესწავლის შედეგად, გარდაცვალებებსა და Covid-19-ის ვაქცინებს შორის უშუალო კავშირი არ დადგენილა.

ამრიგად, Facebook-ზე გავრცელებული პოსტის მტკიცება, თითქოს აშშ-ში ვაქცინაციის შემდგეგ ათასობით ადამიანი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

Covid-19-ის ვაქცინით გამოწვეული გარდაცვალების შესახებ, მათ შორის VAERS-ისა და CDC-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გავრცელებულ ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდე აქტიურად წერდა, შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ, შემდეგ ბმულებზე ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7) გაეცნოთ.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი