„თავისუფალი არხი“ და სტალინის შვილთაშვილი პანდემიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2020 წლის 10 ივლისს, Facebook-ზე „თავისუფალი არხი ილიონმა“ ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით - „სტალინის შვილთაშვილის მოსაზრება გლობალური პანდემიის შესახებ“. ვიდეოში სტალინის შვილთაშვილი, იაკობ ჯუღაშვილი, კორონავირუსის პანდემიაზე საუბრობს და ამბობს, რომ რეალურად, პანდემია არ არსებობს და ის მედიების შექმნილი პანდემიაა. ვიდეოში ჯუღაშვილი რამდენიმე დეზინფორმაციას ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ივლისიდან აღნიშნული ვიდეო 2021 წლის 17 აპრილის ჩათვლით, Facebook-ზე სხვადასხვა ჯგუფსა და გვერდზე პერიოდულად ზიარდება. ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაციის უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება: კორონავირუსი გრიპზე უფრო სუსტი ვირუსია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე მისი გაიგივება სხვა, აქამდე არსებულ და ხშირად გაცილებით სუსტ ვირუსებთან, დაიწყო. გრიპის და კორონავირუსის სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება, არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ.

COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. ამ ეტაპზე ის გაცილებით საშიშია, ვიდრე გრიპის ვირუსები. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ის პანდემია აქტიურ ფაზაშია, რთულია მისი სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა და ეს მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო ივლისშია ჩაწერილი, არც 2020 წლის ზაფხულში და არც ახლა, Covid-19-ისა და გრიპის ვირუსების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, მით უმეტეს არასწორია იმის მტკიცება, რომ კორონავირუსი გრიპზე უფრო სუსტი ვირუსია. 2021 წლის თებერვალში ვირუსის სიკვდილიანობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ცნობა და კვლევა გახდა ხელმისაწვდომი. მაგალითად, კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემებით, COVID-19-ის სიკვდილიანობა, დაახლოებით, 3.5-ჯერ მაღალია, ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობისა. ინგლისსა და უელსში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ COVID-19 3-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპის ვირუსი ან პნევმონია. საფრანგეთში, დიჟონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გრიპის ვირუსისა და COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებლების შედარებითი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი 3-ჯერ უფრო მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხასიათდება. ამასთან ერთად, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან შედარებით გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

უფრო დეტალურად, ვრცლად გრიპისა და COVID-19-ის განსხვავების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: ჯანმომ ორგანიზება გაუწია ღორის გრიპის პანდემიას და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, რაც გარკვეული პირების სარგებლისთვის იყო გათვლილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

შეთქმულების თეორიის მიმდევრები კორონავირუსის მსგავსად, ღორის გრიპის ვირუსსაც ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნილად აცხადებენ. აღნიშნული კონსპირაციების ნაწილია ისიც, რომ პანდემიის ხელოვნურად შექმნა დაააბრალონ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ამ ინფექციების საწინააღმდეგოდ ვაქცინებსა და მედიკამენტებს ქმნიან და იღებენ ეკონომიკურ სარგებელს. ეს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და შეთქმულების თეორიის ნაწილია.

ცნობისთვის, H1N1 არის გრიპის ვირუსის შტამი, რომელიც, სავარაუდოდ, მექსიკაში 2009 წელს გაჩნდა. ამ ვირუსმა 214 ქვეყანაში გლობალური გრიპის პანდემია გამოიწვია. H1N1-ით 700 მილიონიდან 1.4 მილიარდ ადამიანამდე დაავადდა, ხოლო ჯანმოს შეფასებით ამ ვირუსით ორი წლის განმავლობაში 105 000 – დან 395 000– მდე ადამიანი დაიღუპა. H1N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 11 თვეში დამზადდა. საბოლოოდ კი, H1N1-ის პანდემია 2010 წლის აგვისტოში დასრულებულად გამოცხადდა და ის სეზონურ ვირუსად იქცა.

ღორის გრიპის (H1N1) პანდემია არაერთხელ დაუკავშირებიათ კორონავირუსის პანდემიასთან. Covid-19 და H1N1 ვირუსები ნამდვილად იყო პანდემიის გამოცხადების საფუძველი, თუმცა ამ ვირუსების ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია. ორივე მათგანი, კორონავირუსიც და ღორის გრიპის ვირუსიც რესპირატორული დაავადებებია, მათ შორის, ისინი ზოგიერთი სიმპტომითაც ჰგვანან ერთმანეთს (ცხელება, ყელის და თავის ტკივილი და სხვა), მაგრამ მათ ვირუსებს შორის არსებობს განხვავებაც: COVID-19 უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე 2009 წლის H1N1 გრიპი. ასევე, დღემდე კორონავირუსმა უფრო მეტი სიკვდილი გამოიწვია, ვიდრე ღორის გრიპმა.

მტკიცება: დელ ბიგთრიმ და უმცროსმა კენედიმ ფაუჩის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებს ორგანიზება გაუწიეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

იაკობ ჯუღაშვილი ვიდეოში ერთ-ერთ ამერიკულ არხს და გადაცემას ახსენებს. კონკრეტულად, ის საუბრობს გადაცემაზე „The Highwire with Del Bigtree“ და რომ დელ ბიგთრის ბევრი თანამოაზრე ჰყავს, მათ შორის პრეზიდენტ კენედის ნათესავი. მისი თქმით, დელ ბიგთრიმ და უმცროსმა კენედიმ ენტონი ფაუჩის წინააღმდეგ „სასამართლო პროცესების მსგავსს“ ორგანიზება გაუწიეს. ამის მიზეზად კი ადრე წარმოებული ვაქცინის არაეფექტურობას ასახელებენ. აღნიშნული ინფორმაცია ყალბი ამბავია.

ჯუღაშვილი რეალურ გადაცემაზე საუბრობს. მისი ავტორი ამერიკელი ფილმისა და სატელევიზიო პროდიუსერი დელ მეთიუ ბიგთრია. ბიგთრი ცნობილია ანტივაქსერული განცხადებებითა და განწყობებით. 2020 წლის ივლისსა და ნოემბერში, youtube-სა და Facebook-ზე დელ ბიგთრის არხი/გვერდი გაუქმდა, რადგან ისინი COVID-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციას შეიცავდა. რაც შეეხება, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსს, ამერიკელი იურისტი, გარემოს დაცვის აქტივისტი, ამასთანავე კონსპიროლოგი და ცნობილი ანტივაქსერია.

რეალურად, რობერტ კენედის და დელ ბიგთრის ფაუჩის წინააღმდეგ არავითარი სასამართლო პროცესი არ დაუწყიათ. თავად რობერტ ფრენსის კენედიმ, ფაუჩი რამდენჯერმე დაადანაშაულა, რომ მან კოვიდვაქცინების მწარმოებლებს ვაქცინის კვლევის პროცესში ცხოველებზე გამოცდის ფაზის გამოტოვებისა და ცდების პირდაპირ ადამიანებზე ჩატარების უფლება მისცა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. COVID-19-ის ავტორიზებული ვაქცინები [Pfizer, AstraZeneca, Sinopharm] შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. COVID-19-ის ვაქცინები [Pfizer, AstraZeneca, Sinopharm] მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის ავტორიზებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ვაქცინა პირდაპირ ადამიანებზე დატესტეს, ისე რომ მისი უსაფრთხოება ცხოველებზე არ იყო დადგენილი, ტყუილია. აღნიშნულ დეზინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში ვრცელდებოდა (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, კენედიმ რეალურად აშშ-ს ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დეპარტამენტს (HHS) ინფორმაციის თავისუფლების აქტის დარღვევისთვის უჩივლა. სარჩელი არც ვაქცინების უსაფრთხოებასთან და არც ფაუჩისთან არანაირ კავშირში არ ყოფილა. საქმე ჯანდაცვის დეპარტამენის მიერ კენედის ორგანიზაციისთვის (Informed Consent Action Network) საჯარო ინფორმაციის მიწოდების დაგვიანებას ეხებოდა.

რაც შეეხება მთელი ინტერვიუს მთავარ იდეას და მტკიცებას, თითქოს კორონავირუსი არ არის საშიში და რომ, რეალურად, პანდემია არ არსებობს, მსგავსი დეზინფორაციები „ფაქტ-მეტრმა“ არაერთხელ გადაამოწმა და შეაფასა, როგორც ყალბი ამბავი ( ბმული1, ბმული 2, ბმული 3).

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი