სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარი დამახინჯებულად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 20 მაისს საინფორმაციო გამოცემებმა - Digest.pia.ge და Report.ge - გამოაქვეყნეს სტატია, სათაურით - „თუ აცრის შემდეგ ტემპერატურა დაფიქსირდება, მამაკაცის განაყოფიერების უნარი მოიკოჭლებს - ბიძინა კულუმბეგოვი“:

მართალია, სტატიაში ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის, ინტერვიუ სრულადაა წარმოდგენილი, თუმცა სტატიის სათაური სრულ კონტექსტს არ ასახავს, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

სინამდვილეში, კულუმბეგოვმა რუსთავი 2-ის გადაცემის, „დღის კურიერის“, ეთერში განმარტა, რომ მამაკაცების შემთხვევაში, ნებისმიერმა ტემპერატურულმა ვირუსმა, შესაძლოა, სპერმატოზოიდების ფუნქციის 2-კვირიანი დაქვეითება გამოიწვიოს. იქვე აღნიშნა, რომ ანალოგიური ვრცელდება ვაქცინის შემთხვევაშიც - თუ ვაქცინირებულს ტემპერატურა დაუფიქსირდა, შესაძლებელია, სპერმატოზოიდული ფუნქცია 2-3 კვირის განმავლობაში დაქვეითდეს. როგორც სტატიაშივეა განმარტებული, კულუმბეგოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს რეაქცია გამოწვეული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ცხელებით და ტემპერატურული ვირუსებით და არა ვაქცინაციით“.

აღსანიშნავია, რომ სტატია მოცემული სათაურით თავდაპირველად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა, რაც მალევე ჩაასწორა. ამჟამად ტელევიზიის ვებგვერდზე არც პირველადი და არც ჩასწორებული ვერსია აღარ იძებნება.

მიუხედავად ამისა, Digest.pia.ge-ისა და Report.ge-ის სტატიების სათაურები უცვლელია - მათში არ ჩანს, რომ სპერმატოზოიდების ფუნქცია შესაძლოა, ნებისმიერი სიცხის გადატანის შემთხვევაში, თანაც მხოლოდ 2-3 კვირით, დაქვეითდეს, რასაც კავშირი ვაქცინასთან არ აქვს. ამრიგად, საინფორმაციო გამოცემების მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაური მანიპულაციურია, რაც დამატებითი კონტექსტის გარეშე, მომხმარებელს არასწორ ინფორმაციას აწვდის.

არქივირებული ბმულები:

Digest.pia.ge - თუ აცრის შემდეგ ტემპერატურა დაფიქსირდება, მამაკაცის განაყოფიერების უნარი მოიკოჭლებს - ბიძინა კულუმბეგოვი

Report.ge - თუ აცრის შემდეგ ტემპერატურა დაფიქსირდება, მამაკაცის განაყოფიერების უნარი მოიკოჭლებს - კულუმბეგოვი

Rustavi2.ge - "ნებისმიერი ტემპერატურით მიმდინარე ვირუსისას სპერმატოზოიდების ფუნქცია დროებით ქვეითდება" - აქვს თუ არა ვაქცინას გავლენა კაცის ფერტილობაზე

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი