„ფაქტ-მეტრი“ აგრძელებს კვლევას აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში შტატით და შტატგარეშე (შრომითი ხელშეკრულებებით) დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების შესახებ. გასულ კვირას ჩვენ უკვე გაგაცანით ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მომუშავეთა რიცხოვნობასა და მათი სახელფასო ფონდის თაობაზე. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთა შესახებ ანალოგიურ მონაცემებს შემოგთავაზებთ.

საანგარიშოდ კვლავ 2012-2020 წლები ავიღეთ და ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

როგორც „ფაქტ-მეტრისთვის“ გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 2020 წელს, პანდემიის პირობებში, როცა აჭარაში რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული, ხელფასისთვის მეტი თანხა გაიხარჯა.

კერძოდ, მერიაში 2019 წელს 140 შტატიანი და 7 შტატგარეშე თანამშრომელი იყო და მათზე, შრომის ანაზღაურების სახით, ჯამში 1 511 642 ლარი გაიცა. 2020 წელს კი ერთით მეტ თანამშრომელზე - 1 550 557 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 38 915 ლარით მეტია. შრომის ანაზღაურებისთვის დაგეგმილი თანხის მოცულობა 2021 წელს კიდევ უფრო იზრდება და 1 569 600 ლარს შეადგენს. დანართი 1

გრაფიკი 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურება 2012-2020 წლებში და 2021 წლის გეგმა

წყარო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

გრაფიკი 1-დან ჩანს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის ყველაზე მეტი ოდენობის თანხა 2014 წელს გაიცა. ამის შემდეგ, 2019 წლამდე, თანხის მოცულობა იკლებს. 2019 წლიდან კი კვლავ ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ასე გრძელდება 2021 წლის ჩათვლით.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში როგორც შტატში, ისე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობას, ყველაზე მეტი ადამიანი მერიაში 2018 წელს მუშაობდა, ყველაზე ნაკლები კი - 2015 წელს.

გრაფიკი 2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში დასაქმებულთა რაოდენობა, 2012-2020 წლები და 2021 წლის გეგმა

წყარო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

თვითმმართველობაში 2013 წელს შტატგარეშე თანამშრომელი საერთოდ არ იყო, თუმცა მაშინ შტატში 184 ადამიანი მუშაობდა. ყველაზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი თვითმმართველობას 2018 წელს ჰყავდა, ხოლო შტატში მომუშავეთა რაოდენობა ყველაზე მაღალი 2014 წელს იყო.

საინტერესოა, რომ მაშინ, როცა ხელვაჩაურის მერია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების თანხის მოცულობას ზრდის, სულ უფრო მეტი ადგილობრივი მოსახლის ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან უარესდება. ეს გაუარესება კი მხოლოდ კოვიდპანდემიას არ უკავშირდება. მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 4 622 პირი იღებდა, 2019 წლის დეკემბერში კი მათი რაოდენობა გაიზარდა და 5 422 ადამიანს მიაღწია. 2020 წლის დეკემბერში შემწეობის მიმღები უკვე 6 822 პირი იყო. 2021 წლის ბოლო (მარტის) მონაცემებით, სახელმწიფოსგან მიზნობრივ სოციალურ დახმარებას 7 119 ადამიანი იღებს, 20 412 კი რეგისტრირებულია, ანუ მიიჩნევს, რომ დახმარება სჭირდება. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში მიმდინარე წლის მარტში რეგისტრირებულთა რაოდენობა 2019 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელს - 3 153-ით, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელს 618-ით აღემატება.

შენიშვნა: სტატიაში მოყვანილი მონაცემები არ მოიცავს ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შესახებ.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი