დეზინფორმაცია: პანდემიის შესახებ ჟაკ ატალი 1981 წელს წერდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 11 მარტს, Facebook-მომხმარებელმა Ninu Nemsveridze Art რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჯაკ ატალის წიგნიდან „Verbatim” ამონარიდია მოყვანილი, რომლის თანახმადაც ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ გლობალური პანდემია ჯერ კიდევ 1981 წელს დაიგეგმა და მისი მიზანი მოსახლეობის შემცირება იყო. ვიდეოში გაჟღერებული ციტატა ჟაკ ატალის არ ეკუთვნის და არც მის წიგნში იძებნება, შესაბამისად ვიდეოში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ჟაკ ატალს მთხრობელი ბილდერბერგერის კლუბის წევრად მოიხსენიებს და შემდეგომ მას ამ ციტატას აწერს:

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჟაკ ატალის სახელთან დაკავშირებით კონკრეტული დეზინფორმაცია ფრანგულ და ინგლისურენოვან წყაროებში დიდი ხანია ვრცელდება. ცნობისთვის, ჟაკ ატალი ფრანგი ეკონომისტია და სხვადასხვა თანამდებობასთან ერთად, ის 1981-1995 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის მრჩეველიც იყო. ზემოთ დასახელებული წიგნი „Verbatim“ - მისი მემუარული ნაშრომია, რომელშიც ის მიტერანისა და მსოფლიოს სხვა ლიდერების შორის გამართულ დიალოგებს აღწერს. როგორც ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Snopes წერს, ატალის წიგნში მსგავსი ციტატა არ იძებნება. მეტიც, პანდემიაც კი არსად არის ნახსენები.

ჟაკ ატალის ასევე მიაწერენ ციტატას, რომლის მიხედვითაც, თითქოს ის მოსახლეობის ხანდაზმულების ხარჯზე შემცირებასა და ხელოვნურად განადგურებაზე ჯერ კიდევ 1981 წელს საუბრობდა. ამ ციტატის ნამდვილობის დასადგენად სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ ჟაკ ატალის „Verbatim“-ის გარდა, კიდევ ერთი წიგნი Avenir de La Vie (The Future of Life) შეისწავლეს. აღნიშნულ წიგნი ჟურნალისტ მაიკლ სალმონის ინტერვიუების სერიაა, რომელშიც ჟაკ ატალთან ინტერვიუც შედის. ჟურნალისტი ატალის ერთგან ეკითხება, თუ რამდენად შესაძლებელია და სასურველი 120 წელი სიცოცხლე, რაზეც ატალიმ შემდეგნაირი პასუხი გასცა:

შესაბამისად, ატალიმ შეჯამების სახით განაცხადა, რომ ხანდაზმულთა ევთანაზია მომავლის საზოგადოებებისთვის შესაძლოა, მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს, თუმცა ის ასაკოვანი ადამიანების ევთანაზიის და მასობრივი განადგურების მომხრე არ არის. ამრიგად, გაყალბებული ციტატა შესაძლოა, სწორედ ამ ინტერვიუს მანიპულაციურ და დამახინჯებულ ვარიანტს წარმოადგენდეს.

ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში ჟაკ ატალი ბილდერბერგის კლუბის წევრად არის მოხსენიებული. ბილდერბერგის კლუბს, როგორც წესი, კონსპირატორები და დეზინფორმატორები მასონურ კლუბად მოიხსენებენ. რეალურად, “ბილდერბერგის კლუბი” 1954 წელს დაარსებული ყოველწლიური კონფერენციაა, რომლის მიზანიც თავდაპირველად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დიალოგის ხელშეწყობა იყო. დღეისათვის კონფერენციას ყოველწლიურად დაახლოებით 130 პოლიტიკური ლიდერი და ექსპერტი ესწრება და კონფერენციის დღის წესრიგში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხია მოქცეული. კონფერენციის სახელი იმ სასტუმროს უკავშირდება, რომელშიც კონფერენცია პირველად გაიმართა - Hotel De Bilderberg (ნიდერლანდები). ერთ-ერთ კონფერენციას 1975 წელს ჟაკ ატალიც ესწრებოდა.

თავდაპირველად Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო tik tok-ის პლატფორმაზე გამოჩნდა. რეალურად, ვიდეოში წარმოდგენილი ადამიანი, რომელიც ჟაკ ატალის ციტატას აჟღერებს, ვირტუალური ტელეწამყვანია. mail.ru-ს მიერ შექმნილი ინოვაციური პროქტის - dictor.mail მეშვეობით, ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს საკუთარი ვიდეოკონტენტის მოკლე სიუჟეტად გადაქცევა, სასურველი ვიზუალისა და ხმის წამყვანით, მარტივად შეუძლია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი