დეზინფორმაცია: კოვიდვაქცინაციამ შესაძლოა უფრო დიდი საფრთხეები შექმნას, ვიდრე თავად Covid-19-მა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 20 მაისს „თვალსაზრისზე“ სტატია გამოქვეყნა, რომელშიც ზურაბ ქუმსიაშვილის ინტერვიუა მოცემული. ერთი და იგივე ინტერვიუ ვებგვერდზე იმავე დღეს ორი სხვადასხვა სათაურით განთავსდა -„ზურაბ ქუმსიაშვილი: მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ისეთ ვაქცინაციაზე, რომელიც მედიცინის სფეროდან გავიდა და პოლიტიკად გადაიქცა!“ და „პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი: ეს არის აშკარა ძალადობა ადამიანზე და მის ძირითად უფლებაზე – თავისუფლებაზე!“. ინტერვიუში ქუმსიაშვილი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ახალ ტექნოლოგიაზე შექმნილი ვაქცინები მოსახლეობისთვის დიდ საფრთხეს წარმაოდგენს. სტატიაში მოცემული ინფორმაცია მცდარია.

მტკიცება: „კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ სასწრაფო წესით დაამზადეს გენმოდიფიცირებული, სრულიად ახალი ტიპის ვაქცინები, შესაბამისად, მათი ორგანიზმზე გავლენა შესწავლილი ჯერ არ არის. მეცნიერები ამ ვაქცინების ორგანიზმზე ზემოქმედებას გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დააკვირდნენ“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Covid-19-ის ვაქცინები ნამდვილად შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა მას კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, Covid-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი.

კოვიდვაქცინებმა შესაბამისი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ კოვიდვაქცინების ტექნოლოგია ნამდვილად ახალია და mRNA ვაქცინები აქამდე არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ წლების განმავლობაში აქტიურად შეისწავლიდნენ.

მტკიცება: კორონავირუსის პრევენციულმა ვაქცინებმა S-ცილა-ანტიგენის მესამეულ სტრუქტურას შესაძლოა პრიონ-ცილის მსგავსი სტრუქტურა მისცეს, რაც სიმსივნეებს და სხვა უკურნებელ დაავადებებს გამოიწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქუმსიაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების მუშაობის მექანიზმზე საუბრისას ახსენებს, რომ კოვიდვაქცინებმა შესაძლოა ორგანიზმში არაეფექტური ცილა-ანტიგენები წარმოქმნას, რომელსაც, თავის მხრივ, შესაძლოა პრიონ-ცილის მსგავსი სტრუქტურა ჰქონდეს, რაც შემდგომში ადამიანს სიმსივნეებთან და სხვა უკურნებელ დაავადებამდე მიიყვანს. უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და პრიონის დაავადებებს შორის კავშირი არ არსებობს. უშუალოდ კოვიდვაქცინების, მათ შორის mRNA ტექნოლოგიაზე შექმნილი ვაქცინების მუშაობის მექანიზმს დეტალურად შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

აღნიშნულ საკითხზე “ფაქტ-მეტრი” ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს დაუკავშირდა. მისი თქმით, კვლევების დროს ნებისმიერი ვაქცინის ყველანაირი (მათ შორის ონკოგენობაზე) შემოწმება ხდება. კოვიდვაქცინების მიერ მსგავსი დაავადების გამოწვევის თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ამასთან, ვაქცინების გამოყენება ადამიანებზე მისი წინასწარი შესაბამისი შემოწმების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ ხდება. ამრიგად, მისი თქმით, პრიონულ დაავადებებსა და კოვიდვაქცინებს შორის კავშირის რაიმე სახის მეცნიერული მტკიცებულება, გარდა ქუმსიაშვილის მოსაზრებისა არ არსებობს.

ცნობისთვის, პრიონული დაავადებები ტვინის იშვიათი დეგენერაციული დაავადებებია, რომელსაც სპეციფიკური ცილის პათოლოგიურ ფორმად – პრიონად გარდაქმნა იწვევს. პრიონული დაავადებები ძირითადად ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. პრიონული დაავადებები, პრიონული გენის მრავალნაირი მუტაციის გამო, სამ ჯგუფად იყოფა: კროიტცფელდტ-იაკობის ოჯახური დაავადება, ფატალური ოჯახური უძილობა და გერშტმან-შტროისლერ-შაინკერის დაავადება. პრიონული დაავადებები ძირითადად სპონტანურად, რაიმე მიზეზის გარეშე ვითარდება, არ იკურნება და ყველა მათგანი სიკვდილით სრულდება როგორც წესი, რამდენიმე თვეში ან წელში.

Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებსა და პრიონის დაავადებებს შორის შესაძლო კავშირზე ვაქცინების mRNA-ის შემცველობის გამო ალაპარაკდნენ. თუმცა, დღემდე არც Moderna-ს და არც Pfizer/BioNTech-ის მწარმოებლებს, მათი ვაქცინებით პრიონული დაავადებების გამოწვევის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მიუღიათ/გამოუქვეყნებიათ. მსგავსი შემთხვევის შესახებ შეტყობინება ვაქცინების გვერდითი მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემაშიც (VAERS) კი არ დაფიქსირებულა.

მსგავს თემაზე შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის სტატიები (Reuters, USATODAY).

მტკიცება: „ავსტრალიაში აცრის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს შიდსის დადებითი სტატუსი დაუდგინდა. ექიმებმა განმარტეს, რომ ეს იყო ორგანიზმის ცრუ პასუხი, მაგრამ დაზუსტებით მხოლოდ ხანგრძლივი დროის – მრავალი წლის შემდეგ შეიძლება განსაზღვრა, ასეა თუ არა“.

ვერდიქტი: მანიპულირება

აღნიშნული შემთხვევა ავსტრალიაში ნამდვილად დადასტურდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ვაქცინა უშუალოდ ავსტრალიის ქვინსლენდის უნივერსიტეტის მიერ მუშავდებოდა და მისი კვლევა პირველივე ფაზაში გაჩერდა, რადგან კვლევაში ჩაბმულ ცდის პირებს აივ ინფექციაზე ტესტირების დროს ცრუ დადებითი პასუხი დაუდასტურდათ. ეს ფაქტი გამოწვეული იყო იმით, რომ ავსტრალიური უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინის ერთ-ერთი ცილოვანი კომპონანტი აივ ვირუსის ერთ-ერთ პროტეინს გავდა, რომლის მიმართაც აცრილ პირებს ანტისხეულები გამოუმუშავდათ. შესაბამისად, ავსტრალიის მაგალითის გამოყენება დღეს ავტორიზებული ვაქცინების (კონკრეტულად Moderna, Pfizer) მუშაობის პრინციპზე საუბრისას არარელევანტური და მანიპულაციურია.

მტკიცება: „უკვე არსებობს რეკომენდაცია, რომ ვაქცინირებულმა ქალებმა 28 დღის განმავლობაში დაორსულების არიდების მიზნით კონტრაცეპტივები გამოიყენონ და ამ 28 დღის შემდეგ რა იქნება – არავინ იცის! საუბარი იმაზეც იყო, რომ მამაკაცებმა, ვისაც გამრავლება სურთ, ვაქცინაციამდე გაყინონ საკუთარი სპერმა, რადგან ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, ჯანმრთელი შთამომავლობის შექმნის უნარი დაკარგონ.“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე კოვიდვაქცინების მოქმედების მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, კოვიდვაქცინებსა და ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას შორის კავშირის არსებობა, 24 მაისს სინგაპურელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებითაც არ დადასტურდა. უშუალოდ მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული მოსაზრებები უარყოფილი და გაქარწყლებულია, თუნდაც ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით. კვლევის დროს შესწავლილ იქნა მამაკაცის სპერმა ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ და მათ შორის არავითარი განსხვავება არ გამოჩნდა.

ხოლო რაც შეეხება ქალის რესპროდუქციულ სისტემაზე ვაქცინების ზემოქმედების საფრთხეს, ამ შემთხვევაში, კულუმბეგოვის თქმით, არსებობდა ჰიპოთეტური შანსი, რომ ვაქცინების მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს პლანცეტაში არსებულ ცილა სინტიცინ 1-ზე მოეხდინათ გავლენა. თუმცა, ეს ეჭვიც გაქარწყლებულია, რადგან დღეისათვის ასობით მილიონი ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის ათასობით ორსული ქალი ამერიკაში, რომლებშიც პლანცენტის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავება არ დადასტურებულა.

აღსანიშანავია, რომ რეკომენდაცია ვაქცინირებული ქალებისთვის 28 დღის განმავლობაში დაორსულებისთვის თავის არიდების შესახებ, არ არსებობს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის (CDC) თანახმად, ადამიანებს, რომლებიც დაოსრულებას ცდილობენ ან მომავალში სურთ დაორსულება, Covid-19-ის ვაქცინის მიღება შეუძლიათ. დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ Covid-19-ის ვაქცინა ნაყოფიერების პრობლემებს იწვევს. ასევე, CDC-ის რეკომენდაციით, Covid-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ ადამიანებს ორსულობის თავიდან აცილება არ სჭირდებათ.

ასევე,დღემდე საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტების მიერ აღიარებული არცერთი ვაქცინის ანოტაციაში, მოწოდება სპერმის გაყინვის შესახებ არ არსებობს (წყარო 1; წყარო 2; წყარო 3; წყარო 4). ამასთან ერთად, არც ერთ მათგანის გვერდით ეფექტებში - პოტენციური უშვილობის საფრთხეები, ნახსენები არაა.

ვაქცინაციის შემდეგ, ქალისა და კაცის ორგანიზმების ნაყოფიერების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ მრავალი დეზინფორმაციის გამო, აღნიშნულ საკითხს „ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოება“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაცია“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) გამოეხმაურა. ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

მტკიცება: „ჯანმოს მხრიდან პანდემიის გამოცხადება არის დიდი ტყუილი, რადგან პანდემიას წინ უძღვის ეპიდემია, როცა მოსახლეობის მინიმუმ, 5 პროცენტი ავადდება. პანდემიად პროცესი ავადობის უფრო მაღალი, 40-50 პროცენტის დროს ფასდება. ამ მიდგომით, მსოფლიოში ეპიდემია და მით უმეტეს, არც პანდემია არ ყოფილა!“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პანდემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემდეგნაირად არის განმარტებული: „ის წარმოადგენს გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას, რომელიც კვეთს საერთაშორისო საზღვრებს და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებაში, რაიმე კონკრეტული რიცხვითი ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც პანდემიის გამოცხადება ლეგიტიმურია - არ ფიგურირებს. ეპიდემია კი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების მიხედვით არის „საზოგადოებაში ან რეგიონში დაავადების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ქცევის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მოვლენების შემთხვევები, რომელიც ცხადად აჭარბებს მოსალოდნელ ნორმებს“.

ვინაიდან და რადგანაც პანდემიის გამოსაცხადებლად რაიმე %-იანი ზღვარი ან ინფიცირებულთა კონკრეტული რიცხვი განსაზღვრული არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს პანდემია მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსის ფაქტები 11 მარტის მონაცემებით დაფიქსირებული იყო დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). ამასთან, ზემოთაღნიშნულ 4 ლოკაციაზე (ჩინეთი, იტალია, ირანი, სამხრეთ კორეა) მთელი შემთხვევების რაოდენობის 90% დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხზე დეზინფორმაცია აქამდეც ხშირად ვრცელდებოდა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები ( ბმული 1 , ბმული2).

მტკიცება: „მსოფლიოში მასობრივი ვაქცინაციის შედეგად, ვირუსმა შეიძლება მოიპოვოს მდგრადობა, განიცადოს ისეთი მუტაციები, რომ შემდეგ გაცილებით მეტი პრობლემა მოუტანოს კაცობრიობას. შეიძლება უკვე აცრილი მოსახლეობა იქცეს საფრთხედ – არავაქცინირებულთათვის.“

ვერდიქტი : ყალბი ამბავი

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე SARS-CoV-2-ის ვირუსმა ნამდვილად განიცადა მუტაცია (ბრიტანეთში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში) და მისი რამდენიმე ვარიანტი განვითარდა- ე.წ. ბრიტანული ვარიანტი((B.1.1.7-ის), სამხრეთ აფრიკული ვარიანტი (B.1.351), „ინდური შტამი“ (B.1.617). მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და შესაძლოა ვირუსის ახალი ვარიანტები ვაქცინების მიმართ უფრო რეზისტენტული გახდეს, ამის გამო დღეს არსებული კორონავირუსის ვაქცინების გამოყენებაზე უარის თქმა არ შეიძლება. აღსანიშნავია ისიც, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის უმრავლესობა ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს. ვაქცინაზე უარის თქმა ვირუსს თავისუფლად გავრცელების შესაძლებობას მისცემს, რაც ახალი მუტაციების გამოწვევას და შესაბამისად უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას ხელს შეუწყობს. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვირუსი უფრო მეტად ცირკულირებს არავაქცინირებულ ადამიანებში, შესაბამისად, ვაქცინაციის შეწყვეტა ხელს შეუწყობს ვირუსის საზოგადოებრივ და პლანეტალურ გავრცელებას, რაც ვირუსის მუტაციის რისკს ზრდის. სწორედ, იმავე მოსაზრებას აჟღერებს ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი დევი შრიდჰარი: „რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რამაც შეიძლება ჩვენი დღევანდელი ვაქცინები არაეფექტური გახადოს“. შესაბამისად, ამ სიტუაციიდან გამოსავალს მეცნიერები საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრაში ხედავენ.

ხოლო რაც შეეხება მტკიცებას, რომ ვაქცინირებული ადამიანები არავაქცინირებულებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან სხვადასხვა სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, ვაქცინირებული ადამიანები ვირუსის გადამტანები ნაკლებად ხდებიან. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინირებული ადამიანი ფაქტობრივად დაცულია ვირუსისგან და მასში ვირუსი ვერანაირ მუტაციას ვერ გამოიწვევს, მუტაციის რისკი სწორედ არავაქცინირებულ ადამიანებს შორის არსებობს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი