პოლიციელის დღეს გამართულ ცერემონიალზე რამდენიმე სამართალდამცველის შეუძლოდ გახდომას ვაქცინებთან მანიპულაციურად აკავშირებენ

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

31 მაისს თბილისში პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.

აღლუმის მიმდინარეობის დროს 5 სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა, მათ გული წაუვიდათ. აღნიშნული ფაქტი ანტივაქსერებმა ვაქცინასა და პირბადის ტარებას დაუკავშირეს. გავრცელდა დეზინფორმაციის შემცველი შემდეგი შინაარსის პოსტები: „პოლიციელები ქუჩაში პირბადის და აცრის გამო ცუდად უხდებათ!“, „იყვნენ თუ არა ეს ახალგაზრდა ბიჭები აცრილი რომელიმე ვაქცინით???? მხოლოდ პირბადის ტარება არ იქნებოდა დღეს ყველას თვალწინ განვითარებული მოვლენებისა!!!!“. მოვლენას ანტივაქსერებმა ფართოდ გავრცელებული კონსპირაცია დაუკავშირეს, თითქოს, ეს კლაუს შვაბისა და ბილ გეითსის მოსახლეობის შემცირების გეგმის ნაწილია.

ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ბოლო ჟამის ქრისტიანები

Zviad Gogiashvili შორე შანიძე

Nona Agdgomelashvili

ცერემონიალის დროს აღლუმის მონაწილეების გულის წასვლის შემთხვევა წელს პირველად არ დაფიქსირებულა. მაღალ ტემპერატურაზე უნიფორმით დიდხანს დგომა ადრეც გამხდარა მონაწილეთა ცუდად გახდომის მიზეზი. მსგავსი შემთხვევა 2018 წლის 26 მაისს თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზეც მოხდა. ცერემონიალის დროს რამდენიმე ჯარისკაცი შეუძლოდ გახდა და მათ პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია.საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა ჯარს დაეტოვებინათ თავისუფლების მოედანი და აღნიშნა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ცხელოდა, რის გამოც რამდენიმე ჯარისკაცმა გონება დაკარგა. მაშინ არც პირბადეების ტარება იყო სავალდებულო და არც კოვიდვაქცინა არსებობდა.

მსგავსი რამ სამხედრო აღლუმებსა თუ დიდი მასშტაბის სხვა ცერემონიებზე საკმაოდ ხშირად ხდება. მაგალითად, 2017 წელს დიდ ბრიტანეთში გამართულ ცერემონიალზე 5 ჯარისკაცი სიცხეში დგომის გამო ცუდად გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ „ცერემონიალის დროს რამდენიმე ჯარისკაცს ნამდვილად წაუვიდა გული იმ დღეს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის გამო“. ბრიტანეთში შემთხვევა 2019 წელსაც განმეორდა. სამეფო არმიის სამედიცინო კორპუსის კარდიოლოგის, იან პარსონის თანახმად, დიდი ხნის მანძილზე ერთ პოზიციაში დგომა ჯარისკაცებში გულის წასვლის რისკს ზრდის. აღნიშნულ ბმულზე მოცემულია გასულ წლებში ინდოეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, მალტაში, კანადაში, ინდონეზიაში და სხვა ქვეყნებში გამართულ ცერემონიებსა და აღლუმებზე ჯარისკაცთა მოულოდნელი გულის წასვლის მაგალითები, რაც ხშირ შემთხვევაში, მაღალ ტემპერატურასთან და ფეხზე დიდხანს დგომასთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული ცერემონიალის მონაწილეებს და მტკიცებას, რომ მათ შორის რამდენიმე მათგანი ვაქცინის მიღების გამო გახდა შეუძლოდ, რეალურ მტკიცებულებებს მოკლებულია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი