ვასილისა ჯაბახიძე: გორის მერიამ 23 სასამართლო დავა წააგო, შედეგად 110 000 ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

2017 წლიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც მხარემ, მონაწილეობა 152 სასამართლო დავაში მიიღო. ამ დროისთვის ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს ინტერესების სასარგებლოდ 73 პროცესი დასრულდა. მერიის ინტერესების საწინააღმდეგოდ დასრულებული პროცესებიდან, 6 შემთხვევაში, საბიუჯეტო დაწესებულებას ფულადი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ამ თანხის ჯამურმა მოცულობამ 108 726 ლარი შეადგინა. ერთი დავის შემთხვევაში, გორის მერიას კომპენსაციის სახით სახლის რეკონსტრუქცია დაეკისრა, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 000 ლარია.

ანალიზი:

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, გორის მერია წაგებული სასამართლო დავების გადასახადებში ბიუჯეტიდან ასობით ათას ლარს ხარჯავს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ბოლო 4 წელში მერიამ 23 სასამართლო დავა წააგო და შედეგად 110 000 ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა.

„153 საქმე აღიძრა 2017 წლიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის წინააღმდეგ, ამ საქმეებიდან 96 უკვე დასრულებულია და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე გორის მერიას დაეკისრა, რომ კომპენსაცია გადაეხადა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა სამსახურიდან. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე დავებიც, იმ ადამიანების სასარგებლოდ დასრულდება, რომლებიც უსამართლოდ გამოუშვეს სამსახურიდან", - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

გორში, 2017 წლის ოქტომბერში, ორი მუნიციპალიტეტის (ქალაქი და თემი) გაერთიანების შედეგად, ერთი სტრუქტურული ერთეული ჩამოყალიბდა, რომელიც მანამდე არსებული საბიუჯეტო დაწესებულებების (მერია დ გამგეობა) სამართალმემკვიდრე გახდა. შესაბამისად, ამჟამინდელ გორის მუნიციპალიტეტის მერიას პასუხისმგებლობა, როგორც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, ისევ მანამდე არსებული ქმედებების განხორციელებისთვის, ეკისრება.

კომპენსაცია ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, რომელიც რომელიმე პირის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას უკავშირდება. იურისტების განმარტებით, ის შეიძლება მოიცავდეს, სამსახურში აღდგენასთან ერთად განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ან სამსახურიდან თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას თანხით.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული საკითხით დაინტერესდა.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლიდან დღემდე მონაწილეობა 152 სასამართლო დავაში მიიღო, საიდანაც 96 უკვე დასრულებულია. დასრულებულ პროცესებს შორის 23 მათგანი მერიის ინტერესების საწინააღმდეგოდ დასრულდა და 6 საქმეზე მუნიციპალიტეტს ფულადი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. უფრო კონკრეტულად, მერიისთვის დაკისრებული კომპენსაციის ჯამური მოცულობა 108 726 ლარითაა განსაზღვრული. ერთ დავაზე მერიას სახლის გარემონტება-რეკონსტრუქცია დაევალა, რომლის ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით, 29 373 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საადვოკატო მომსახურებაში გადახდილ თანხას, მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული მიზნით, 2017 წლიდან დღემდე თანხა არ დახარჯულა.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიას ბიუჯეტში წაგებული სასამართლო პროცესებისთვის თანხა ცალკე მუხლში აქვს გაწერილი.

წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისთვის მერიას წელს 861 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ცხრილი1: წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა 2017-2020 წლებში

როგორც ცხრილიდან ჩანს, დავალიანებების და კომპენსაციებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები 2017 წლიდან დღემდე მზარდია.

აღნიშნულ მუხლში თანხების განსაზღვრისას, მომავალი წლის ბიუჯეტში, გორის მუნიციპალიტეტის მერიას რესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრთან წაგებული პროცესის შედეგად დაკისრებული კომპენსაციის გათვალისწინებაც მოუწევს. 48 000 ლარის გადახდა სასამართლომ გორის მერიას მიმდინარე წლის მარტში დააკისრა, რაზეც იმ პერიოდში „ფაქტ-მეტრიც“ წერდა.

ჩვენ მეირ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას 56 მიმდინარე დავა აქვს. სასამართლოს მიერ უკვე დაკისრებულმა კომპენსაციის თანხამ კი (სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულებასთან ერთად) ჯამში 138 099 ლარი შეადგინა, რაც განცხადების ავტორის მიერ დასახელებულ რიცხვთან მიახლოებულია. 23 სასამართლო პროცესი გორის მერიას 2017 წლიდან დღემდე ნამდვილად აქვს წაგებული, თუმცა ფულადი კომპენსაციის გადახდა, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული, მხოლოდ 6 შემთხვევაში დაეკისრა.

აქედან გამომდინარე, ვასილისა ჯაბახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი