COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მანიპულაციური და ყალბი მტკიცებები ტელეკომპანია „ბათუმის“ ეთერში

3 ივნისს ტელეკომპანია „ბათუმის“ თოქ-შოუში „ტალღა“ სტუმრად ანტივაქსერი ლევან ჩხიკვაძე იყო მიწვეული, რომელმაც პირდაპირ ეთერში არაერთი დეზინფორმაციული გზავნილი გააჟღერა. ლევან ჩხიკვაძე ანტივაქსერული მოძრაობის წევრია, რომელიც მუდმივად პანდემიასა და ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. ანტივაქსერული მოძრაობა რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს და მოუწოდებს, არ გაიკეთონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, არ ატარონ პირბადე და უარი თქვან COVID-19-ის ტესტირებაზე. პანდემიის პირობებში, აღნიშნული მოწოდებები საზოგადოებრივ ჯანდაცვას საფრთხეს უქმნის.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა ის მანიპულაციური და ყალბი მტკიცებები, რომელიც ლევან ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „ბათუმის“ ეთერში გააჟღერა.

მტკიცება: ეპიდემიები და პანდემიები ბუნების კანონებში არ არის. ეპიდემიები და პანდემიები სპეციალურად გამოწვეული, შეგნებული დივერსიებია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ეპიდემია არის ერთ პოპულაციაში ინფექციური დაავადების სწრაფი გავრცელება, მაგალითად ერთ ქვეყანაში ან რეგიონში. პანდემია გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მსოფლიოში ინფექციური დაავადებების აფეთქებით გამოწვეული ეპიდემიის თუ პანდემიის არაერთი შემთხვევაა ცნობილი.

ვირუსები მუდმივად განიცდიან ევოლუციას და ბუნებაში ახალი ვირუსები წარმოიქმნება. ადამიანების ახალი ვირუსით დაინფიცირების წყარო ხშირ შემთხვევაში ცხოველებია. ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მის წინააღმდეგ ადამიანებს იმუნიტეტი არ გააჩნიათ, ვირუსს სწრაფად გავრცელების უნარი აქვს და შესაძლოა, ეპიდემიები და პანდემია გამოიწვიოს. საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ ეპიდემიები და პანდემიები ბუნებრივი პროცესი არ არის და სპეციალური დივერსიებია. თუმცა, რა თქმა უნდა, ვირუსის ხელოვნურად შექმნა და/ან მისი ლაბორატორიიდან გაჟონვაც შესაძლებელია.

მტკიცება: რამდენიმე კვირის წინ ალბერტ ბურლამ, რომელიც ისრაელში არ შეუშვეს რამდენიმე თვის წინ აცრილი არა ხარო, მისცა ინტერვიუ ისრაელის ტვ 12-ს, მან პირდაპირ თქვა „ისრაელის პრემიერი მარწმუნებდა, რომ საცდელ ქვეყანად ისრაელი გამოგვეყენებიაო“

ვერდიქტი: მანიპულირება

მარტში Pfizer-ის გენერალური დირექტორის და მისი დელეგაციის ვიზიტი ისრაელში დროებით გადაიდო, რადგან სრულად იმუნიზებული არ იყვნენ COVID-19-ის წინააღმდეგ, ალბერტ ბურლასა და დელეგაციის რამდენიმე წევრს ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. მტკიცება, რომ ალბერტ ბურლა არ იყო აცრილი და ამიტომ ისრაელში არ შეუშვეს, არის მანიპულირება.

Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ ერთ-ერთ ინტერვიუში მიზეზები განმარტა, რის გამოც კომპანიამ ვაქცინის საკვლევ ქვეყნად ისრაელი შეარჩია. კერძოდ, ისრაელი შედარებით მცირე სახელმწიფოა და მოქალაქეების 99%-ზე ჯანმრთელობის ელექტრონულ მონაცემებს ფლობენ. ალბერტ ბურლამ ერთ-ერთ მთავარი მიზეზად, რის გამოც Pfizer-მა ისრაელი შეარჩია საკვლევ ქვეყნად, სწორედ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დაჟინებული მცდელობა დაასახელა.

საკვლევ ქვეყანად არჩევა არ ნიშნავს, რომ ვაქცინა გამოუცდელია. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, ვაქცინის დამტკიცებისა და ვაქცინაციის დაწყების შემდგომაც გრძელდება კვლევები, რომლის მიზანია ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის პარამეტრების მონიტორინგი. კვლევები ასევე მოიცავს ახალ შტამებზე ვაქცინის ეფექტიანობის დადგენას.

ინფორმაციისთვის განვმარტავთ, რომ ვაქცინამ დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიანი და დეტალური შემოწმების რამდენიმე ფაზა უნდა გაიაროს, რომლის საფუძველზეც მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება. COVID-19-ის ვაქცინები, მათ შორის Pfizer შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი (იხილეთ ბმული 1; ბმული 2).

ისრაელში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის და მძიმე გართულებების წინააღმდეგ დაახლოებით 97%-ით ეფექტიანია.

მტკიცება: კერი მულისი პირდაპირ ამბობს, რომ PCR ტესტი სულ სხვა მიზნებისთვის არის შექმნილი და ამ ტესტით სამედიცინო დიაგნოსტირება არ შეიძლება, ვინაიდან ციფრებით მანიპულაციას გამოიწვევსო.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

PCR მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ამერიკელმა კ. მულისმა (1983) აღმოაჩინა, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. ის სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მაგალითად, PCR მეთოდით ხდება: გენების ფუნქციური ანალიზი, მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირება, გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაცია (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას), ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირება.

PCR-ის გამომგონებელს არ უთქვამს, რომ ის არ იყო შექმნილი ინფექციური დაავადებების დასადგენად. მსგავსი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება, იხილეთ ამ თემაზე Fullfact-ის და Reuters-ის მიერ გადამოწმებული მასალები. აღნიშნული დეზინფორმაცია ეფუძნება 1996 წლის სტატიას აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ, სადაც საუბარია, რომ PCR განსაზღვრავს ნივთიერებების არსებობას თვისებრივად და არა რაოდენობრივად. თუმცა არც მულისს და არც სტატიის ავტორს არ უთქვამს, რომ PCR-ით ვირუსის გამოვლენა არ ხდება.

დღეს, მედიცინაში PCR მეთოდით გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება ხორციელდება. COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად ასევე PCR მეთოდი მიიჩნევა, რომელსაც რეკომენდაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) უწევს.

მტკიცება: ეს ვაქცინები საცდელი სითხეებია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ კოვიდვაქცინები, რომლებიც ავტორიზებულია, გამოუცდელია და „საცდელი სითხეებია“, არის ტყუილი.

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

ავტორიზებული ვაქცინა არავითარ შემთხვევაში არ არის „საცდელი სითხე“. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული. ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება, რაც კლინიკური კვლევის სამივე ფაზას წარმატებით გაივლის.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.

კოვიდვაქცინებმა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც მიენიჭათ ავტორიზაცია. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი