აგილ მუსტაფაევი: მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში შევიტანეთ 500-600 საჩივარი, არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აგილ მუსტაფაევის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში, №21 გარდაბნისა და №22 მარნეულის საარჩევნო ოლქებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით შეტანილი იყო 111 საჩივარი. აქედან ერთი გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა, ხოლო 110 - მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დარეგისტრირებული საჩივრების ჯამური რაოდენობიდან, ოთხმოცდათექვსმეტი საჩივარი განუხილველი დარჩა, თოთხმეტი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა, ხოლო ერთი - №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ. არც ერთი განხილული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ვინაიდან პოლიტიკოსმა აქცენტი გააკეთა არა საჩივრების რაოდენობაზე, არამედ იმაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა ისინი განუხილველად დატოვა ან არ დააკმაყოფილა, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების შეფასებისას სწორედ ამ ფაქტს ეყრდნობა და ასკვნის, რომ განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: 2021 წლის 24 აპრილს, მედიაპლატფორმა 24news.ge-ს პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევმა განაცხადა: „მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში შევიტანეთ 500-600 საჩივარი, არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ინფორმაცია №21 გარდაბნისა და №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში, პარტია „ნაციონალური მოძრობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ 110 საჩივარია შეტანილი. აქედან ერთი, გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა. დარეგისტრირებული საჩივრების ჯამური რაოდენობიდან, 14 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 96 საჩივარი განუხილველი დარჩა. დანართი 1

რაც შეეხება №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიას, „გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით სულ 2 საჩივარი შევიდა. აქედან 1 საჩივარი, №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა, ხოლო მეორე - №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ. მათგან არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დანართი 2

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქებში ჯამში შეტანილი იყო 111 საჩივარი და არა 500-600, როგორც ამას პოლიტიკოსი ასახელებს. ნებისმიერ შემთხვევაში, არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აგილ მუსტაფაევის განცხადების მთავარი აქცენტი ფოკუსირებული იყო სწორედ ამ გარემოებაზე და არა საჩივრების რაოდენობაზე. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, აგილ მუსტაფაევის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისიებში, სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ, სულ 2 091 საჩივარი შევიდა. მათ შორის, პოლიტიკურმა პარტიებმა/საარჩევნო ბლოკებმა - 1 425, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა - 629, საინიციატივო ჯგუფებმა - 33 (ორი საინიციატივო ჯგუფი), საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა - 2 და მედიაორგანიზაციებმა 2 საჩივარი წარადგინეს. საერთო ჯამში, დაკმაყოფილდა/ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 270, არ დაკმაყოფილდა 698, ხოლო გასაჩივრების ვადისა და წესის დარღვევის გამო, განუხილველი დარჩა 1 117 საჩივარი. გარდა ამისა, 4 საჩივარი გაითხოვეს, ხოლო 2 საჩივარი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი