2020 წლის ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების ობიექტურობა დღემდე დავის საგნად რჩება. ოპოზიცია ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა, სახელისუფლებო გუნდი კი მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზების არსებობას აღიარებს.

მხარეებს შორის დებატებისას რამდენჯერმე გაჟღერდა საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციისა და კომპეტენციის კრიტიკა. სწორედ ამ მიზეზით ცდილობენ შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსის ახსნას ისინი, ვინც არჩევნების შედეგების გაყალბებას გამორიცხავს, მაგრამ ოქმებში შეუსაბამობების არსებობას აღიარებს.

საოლქო და საუბნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლებისა და წარმომადგენლების, არჩევნებთან დაკავშირებული სხვა პირებისა და ზრდასრული ასაკის მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კი არაერთი ტრენინგი და სხვა აქტივობა ტარდება. „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, გაგაცნოთ, რამდენი პირი გადამზადდა ამ პროგრამების ფარგლებში და რა მოცულობის თანხა დაიხარჯა მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ინფორმაცია ცესკო-სგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

როგორც ირკვევა, 2014-2020 წლებში, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ტრენინგებსა და სხვა სახის აქტივობებს 285 482 პირი დაესწრო. სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, ჯამში 3 846 201 ლარი დაიხარჯა (დანართი 1).

ცხრილი 1. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის განხორციელებული აქტივობები

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ტრენერთა ტრენინგი კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის საკითხებში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით განხორციელდა, ხოლო ტრენინგი საარჩევნო დავების საკითხებზე საქართველოში ევროპის საბჭოს (CoE) ოფისთან თანამშრომლობით ჩატარდა.

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით კიდევ არაერთი აქტივობა განხორციელდა (დანართი 2). კერძოდ: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ინდოეთის საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით, სხვადასხვა დროს, ტრენინგები ჩაუტარდა აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების 1 996 თანამშრომელს. ასევე განხორციელდა საორიენტაციო პროგრამები და სემინარები სხვადასხვა თემაზე. ამ აქტივობებისთვის, 2014-2020 წლებში, ჯამში, 41 072 ლარი გაიხარჯა.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი