რადიო „საქართველოს ხმის“ გადაცემაში გასული ყალბი მტკიცებები პანდემიისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

რადიო „საქართველოს ხმაზე“ გიორგი კორძაძის საავტორო გადაცემაში - „დახმარების ხელს გიწვდით ჟურნალისტი“ - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და პანდემიის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5). რადიოში ყალბ მტკიცებებს ის ანტივაქსერები აჟღერებენ, რომლებიც საზოგადოებას კამპანიურად და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით აწვდიან. „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ სტატიაში რადიოს სხვადასხვა გადაცემაში გავრცელებულ იმ ძირითად მტკიცებებს გთავაზობთ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საზიანოა.

2021 წლის 14 ივნისს გადაცემის სტუმარი კარატის ინსტრუქტორი კახა კაკაბაძე იყო. ის ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ვაქცინით ჩიპიზაციის, სადეზინფექციო ხსნარისა და პირბადეების მავნებლობის, კორონავირუსის პანდემიის აფიორისა და ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. კახა კაკაბაძის მიერ აქამდე გავრცელებულ ცრუ მტკიცებებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება #1: პირბადეები მარგელონების ჭიებს შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანოა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პირბადეებზე ცოცხალი მიკროორგანიზმები, ე.წ. „მარგელონებია“ მოთავსებული. აღნიშნული ინფორმაცია ყალბია.

მარგელონებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გერმანიის არასამთავრობო საგამოძიებო ჟურნალი Correctiv-ის დაკვეთით ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ვიდეოებში პირბადეებზე ნაჩვენები ნაწილაკები არ არიან ცოცხალი არსებები, რობოტები ან მეტალის ძაფები, არამედ ისინი მხოლოდ მუქი ფერის ქსოვილის ბოჭკოებია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არანაირ რისკს არ წარმოადგენს. ისინი არ მოძრაობენ თავისთავად, არამედ მათ მოძრაობაზე გავლენას ელექტროსტატიკური მუხტი ან ჰაერის ნაკადები ახდენს. მაღალი განათების ქვეშ ნაწილაკის მიკროსკოპით დაკვირვებისას, ორგანო, რომელიც ნაწილაკის სიცოცხლისუნარიანობას დაამტკიცებდა, არ გამოკვეთილა.

აღსანიშნავია, რომ მარგელონების ფიზიკური არსებობა მედიცინაში დადასტურებული საერთოდ არაა და ის მეცნიერების დიდი ჯგუფის აზრით, ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელსაც ბოდვითი პარაზიტოზის ვარიანტს უწოდებენ.

მტკიცება #2: აცრებში მასალად აბორტირებული ბავშვების ნაწილებს იყენებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს ვაქცინა აბორტირებული ბავშვების ნაწილებს შეიცავს, ყალბია. AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოების პროცესში ადამიანის ემბრიონის თირკმლის უჯრედების, HEK293 cells, კლონირებული ვერსიები გამოიყენება, რომელიც საბოლოო პროდუქტში აღარ გვხვდება. კონკრეტულად, HEK-293 cells 1970-იან წლებში ნაყოფის უჯრედული ხაზებია და ორსულობა, სამედიცინო მიზნებისთვის, ხელოვნურად არ შეწყვეტილა. ხოლო უჯრედები, რომლებიც ვაქცინის წარმოებისას გამოიყენება (Genetically modified human embryonic kidney (HEK)) არა ორიგინალი უჯრედული ხაზები, არამედ მისგან ხელოვნურად გამრავლებული, კლონირებული ვერსიებია. ერთი უჯრედული ხაზიდან კლონირებული ვერსიების უსასრულოდ მიღება შეიძლება. ვექტორული ვაქცინის შექმნის პროცესში აღნიშნული კლონირებული უჯრედები გამოიყენება, რადგან კონკრეტულ უჯრედებში ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოა. აღსანიშნავია, რომ წარმოების პროცესში პროდუქტი იფილტრება და მის საბოლოო ვერსიაში კლონირებული უჯრედული მასალები აღარ ხვდება.

აღნიშნული უჯრედული ხაზები მედიცინასა და ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით, კიბოს კვლევაში. ის მეცნიერებს დაეხმარა, შეექმნათ წითელა-წითურა-ყბაყურას, ჩუტყვავილას, A ჰეპატიტის ვაქცინები და ისეთი წამლები, როგორიცაა, რევმატიული ართრიტის, ჰემოფილიის და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტები.

2021 წლის 7 ივნისს გადაცემის სტუმარი იყო ჟურნალ „ქვაკუთხედის“ რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი. საგინაშვილი კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე შეთქმულების თეორიებსა და დეზინფორმაციებს აქვეყნებდა. დაუდასტურებელ და ყალბ ამბებზე დაყრდნობით ის რეგულარულად ავრცელებს ანტივაქსერულ მტკიცებებს. „ფაქტ-მეტრის“ გადამოწმებული სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

მტკიცება #1: ვაქცინები გენეტიკურ კოდს ცვლის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ვერ ცვლის. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რიგ შემთხვევაში, ინოვაციური ტექნოლოგიით არის დამზადებული. კერძოდ, Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები mRNA ტექნოლოგიას ეყრდნობა. იმუნური პასუხის შესაქმნელად, ბუნებრივი ქიმიური ნივთიერების ასლი - რნმ მატრიცაა გამოყენებული. უჯრედში მოხვედრის შემდეგ, რნმ ვაქცინა ფუნქციონირებს, როგორც რნმ მატრიცა და უჯრედს ასწავლის, უცხო ცილა ან მხოლოდ პროტეინის ნაწილი შექმნას, რომელიც იმუნური პასუხის გამომუშავებას იწვევს. mRNA ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ვირუსული ვექტორის ვაქცინაც გამოიყენება. ასეთია AstraZeneca-ს ვაქცინა. ამ შემთხვევაში სხვა ვირუსის მოდიფიცირება ხდება. კერძოდ, კორონავირუსის გენის, ე.წ. სპაიკ ცილის გადატანა სხვა ვირუსთან (ადენოვირუსთან), მოდიფიცირებული ვირუსის (ვექტორის) გამოყენებით ხდება. იმუნური სისტემა COVID-19 ის წინააღმდეგ აქტიურდება და ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ვექტორული ტექნოლოგია აპრობირებული მეთოდია, ის ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელადაც გამოიყენეს. COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები ტრადიციული ტექნოლოგიებით შეიქმნა (ცილოვანი ვაქცინები, ვირუსის ფრაგმენტების შემცველი ვაქცინები).

COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები ამ პრინციპით არ მოქმედებს.

მტკიცება #2: ვაქცინები მუტაგენობაზე, კანცეროგენობასა და ფერტილობაზე გამოცდილი არ არის, ამიტომ საშიშია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ინფორმაცია, რომ ახალი ვაქცინები მუტაგენობასა და კარცეროგენობაზე გამოცდილი არაა, დეზინფორმაციულ მტკიცებებს წარმოადგენს. არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ COVID-19-ის ვაქცინა სხვადასხვა, მათ შორის ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებულ დაავადებას იწვევს. გლობალურად ი-რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, მათ შორის, ანაფილაქსია. ძალზედ იშვიათ შემთხვევაში, ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბთან კავშირიც (მილიონიდან 4 შემთხვევა) გამოიკვეთა.

აღნიშნულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კვლევების დროს ნებისმიერი ვაქცინის ყველანაირი (მათ შორის ონკოგენობაზე) შემოწმება ხდება. კოვიდვაქცინების მიერ მსგავსი დაავადების გამოწვევის თეორიული შანსიც კი არ არსებობს. ამასთან, ვაქცინების გამოყენება ადამიანებზე მისი წინასწარი შესაბამისი შემოწმების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ ხდება.

რაც შეეხება უნაყოფობის თემას, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. ჩინეთში, გერმანიასა და ისრაელში ჩატარებული სამედიცინო კვლევების თანახმად, კორონავირუსის ინფექციას მოკლევადიან პერსპექტივაში, სპერმის ხარისხისა და ნაყოფიერების უნარის შემცირება ან მამაკაცის ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის გამოწვევა შეუძლია. ამდენად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირიქით, მამაკაცებში ამ შესაძლო გართულების (კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში) თავიდან აცილება შეუძლია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 14 მაისს CDC-მ განაახლა რეკომენდაციები ორსულობისას ან ლაქტაციისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შესახებ. CDC-ის ახალი რეკომენდაციების თანახმად, ორსული ადამიანები უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19– ით. „თუ ორსულად ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ COVID-19 ვაქცინა. ორსულობის დროს COVID-19 ვაქცინის მიღებამ შესაძლოა, დაგიცვათ COVID-19-ისგან გამოწვეული მძიმე დაავადებიბისგან“. CDC-ის განახლებული რეკომენდაციები ასევე ფერტილობასაც ეხება. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ რაიმე ვაქცინა, მათ შორის COVID-19 ვაქცინები, ნაყოფიერების პრობლემებს იწვევს. თუ თქვენ დაორსულებას ცდილობთ, არ გჭირდებათ ორსულობის თავიდან აცილება COVID-19 ვაქცინის მიღების შემდეგ.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს საქართველო დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც (NCDC). NCDC-ის თანახმად, ამ საკითხის ირგვლივ ბევრი მითი არსებობს, თუმცა, რაიმე კავშირი ვაქცინაციასა და შვილოსნობის ფუნქციას შორის, არც ქალების და არც მამაკაცების შემთხვევაში, მეცნიერულად დადასტურებული არ არის - „ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში იმუნური სტიმულაცია ხდება იმ კონკრეტული სპაიკ ცილის ან ანტიგენის (უცხო სხეული) წინააღმდეგ. შესაბამისად, გამორიცხულია ქალისა თუ მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობის რაიმე შეფერხება“.

2021 წლის 31 მაისს გადაცემის სტუმარი იყო ზვიად გოგიაშვილი, რომელიც წამყვანმა უჯრედის ბიოლოგის სტატუსით წარადგინა. გოგიაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინების შესახებ არაერთ მცდარ და დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

მტკიცება #1: ვაქცინები გამოუცდელია. მათ მხოლოდ ავტორიზაცია აქვთ მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ კვლევის ყველა ეტაპი სრულყოფილად გავლილი არ აქვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის ვაქცინები (ამ დროისთვის COVID-19-ის ვაქცინებზე საუბრისას, ვგულისხმობთ ვაქცინებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო მარეგულირებლების ავტორიზაცია - BioNTech/Pfizer, Moderna, Oxford/AstraZeneca, Johnson & Johnson, Sinopharm, Sinovac) შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში ვაქცინას, კვლევების საფუძველზე (რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება), შესაბამისი სააგენტო ამტკიცებს. ვაქცინის მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დამტკიცების შემდეგაც გრძელდება. ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ მან კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა და მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დამტკიცებულია. დამატებითი ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება #2: PCR ტესტის შემქმნელმა თქვა, რომ ეს ტესტები არ არის შექმნილი რაიმე დაავადების დიაგნოზის დასასმელად

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გადაცემის სტუმარი ზვიად გოგიაშვილი კორონავირუსის დიაგნოზის PCR ტესტით განსაზღვრას სტატისტიკის გაყალბების მცდელობად აფასებს. მტკიცებულების დამადასტურებლად ამ ტესტის შემქმნელი კერი მულისის სიტყვები მოჰყავს - თითქოს მან განაცხადა, რომ ეს ტესტები რაიმე დაავადების დიაგნოზის დასასმელად არ არის შექმნილი.

PCR მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ამერიკელმა კ. მულისმა (1983) აღმოაჩინა, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. ის სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მაგალითად, PCR მეთოდით ხდება: გენების ფუნქციური ანალიზი, მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირება, გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაცია (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას), ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირება.

PCR-ის გამომგონებელს არ უთქვამს, რომ ის არ იყო შექმნილი ინფექციური დაავადებების დასადგენად. მსგავსი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება, იხილეთ ამ თემაზე Fullfact-ის და Reuters-ის მიერ გადამოწმებული მასალები. აღნიშნული დეზინფორმაცია ეფუძნება 1996 წლის სტატიას აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ, სადაც საუბარია, რომ PCR განსაზღვრავს ნივთიერებების არსებობას თვისებრივად და არა რაოდენობრივად. თუმცა არც მულისს და არც სტატიის ავტორს არ უთქვამს, რომ PCR-ით ვირუსის გამოვლენა არ ხდება.

დღეს, მედიცინაში PCR მეთოდით გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება ხორციელდება. COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად ასევე PCR მეთოდი მიიჩნევა, რომელსაც რეკომენდაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) უწევს.



2021 წლის 24 მაისს გადაცემის სტუმარი იყო ლევან ჩხიკვაძე, რომელიც თავის თავს მიკრობიოლოგად მოიხსენიებს. მიუხედავად ამისა, მისი მტკიცებები მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებულია და კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინების შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ლევან ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ სხვა დეზინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება #1: ეპიდემიები და პანდემიები ბუნების კანონებში არ არის. ეპიდემიები და პანდემიები სპეციალურად გამოწვეული, შეგნებული დივერსიებია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ეპიდემია არის ერთ პოპულაციაში ინფექციური დაავადების სწრაფი გავრცელება, მაგალითად ერთ ქვეყანაში ან რეგიონში. პანდემია გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მსოფლიოში ინფექციური დაავადებების აფეთქებით გამოწვეული ეპიდემიის თუ პანდემიის არაერთი შემთხვევაა ცნობილი.

ვირუსები მუდმივად განიცდიან ევოლუციას და ბუნებაში ახალი ვირუსები წარმოიქმნება. ადამიანების ახალი ვირუსით დაინფიცირების წყარო ხშირ შემთხვევაში ცხოველებია. ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მის წინააღმდეგ ადამიანებს იმუნიტეტი არ გააჩნიათ, ვირუსს სწრაფად გავრცელების უნარი აქვს და შესაძლოა, ეპიდემიები და პანდემია გამოიწვიოს. საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ ეპიდემიები და პანდემიები ბუნებრივი პროცესი არ არის და სპეციალური დივერსიებია. თუმცა, რა თქმა უნდა, ვირუსის ხელოვნურად შექმნა და/ან მისი ლაბორატორიიდან გაჟონვაც შესაძლებელია.

ლევან ჩხიკვაძის მტკიცება #2: რამდენიმე კვირის წინ Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ, რომელიც ისრაელში აუცრელობის გამო არ შეუშვეს, მისცა ინტერვიუ ისრაელის ტელევიზიას. ტელევიზიაში პირდაპირი თქვა, რომ ისრაელის პრემიერი არწმუნებდა, საცდელ ქვეყანად ისრაელი გამოეყენებინათ

ვერდიქტი: მანიპულირება

მარტში Pfizer-ის გენერალური დირექტორის და მისი დელეგაციის ვიზიტი ისრაელში დროებით გადაიდო, რადგან სრულად იმუნიზებული არ იყვნენ COVID-19-ის წინააღმდეგ, ალბერტ ბურლასა და დელეგაციის რამდენიმე წევრს ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. მტკიცება, რომ ალბერტ ბურლა არ იყო აცრილი და ამიტომ ისრაელში არ შეუშვეს, არის მანიპულირება. Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ ერთ-ერთ ინტერვიუში მიზეზები განმარტა, რის გამოც კომპანიამ ვაქცინის საკვლევ ქვეყნად ისრაელი შეარჩია. კერძოდ, ისრაელი შედარებით მცირე სახელმწიფოა და მოქალაქეების 99%-ზე ჯანმრთელობის ელექტრონულ მონაცემებს ფლობენ. ალბერტ ბურლამ ერთ-ერთ მთავარი მიზეზად, რის გამოც Pfizer-მა ისრაელი შეარჩია საკვლევ ქვეყნად, სწორედ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დაჟინებული მცდელობა დაასახელა.

საკვლევ ქვეყანად არჩევა არ ნიშნავს, რომ ვაქცინა გამოუცდელია. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, ვაქცინის დამტკიცებისა და ვაქცინაციის დაწყების შემდგომაც გრძელდება კვლევები, რომლის მიზანია ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის პარამეტრების მონიტორინგი. კვლევები ასევე მოიცავს ახალ შტამებზე ვაქცინის ეფექტიანობის დადგენას.

ინფორმაციისთვის განვმარტავთ, რომ ვაქცინამ დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიანი და დეტალური შემოწმების რამდენიმე ფაზა უნდა გაიაროს, რომლის საფუძველზეც მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება. COVID-19-ის ვაქცინები, მათ შორის Pfizer შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი (იხილეთ ბმული 1; ბმული 2). ისრაელში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის და მძიმე გართულებების წინააღმდეგ დაახლოებით 97%-ით ეფექტიანია.

2021 წლის 14 მაისს გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ლილუაშვილი, რომელსაც წამყვანი სამხედრო ექიმად წარადგენს. ლილუაშვილი საზოგადოებას კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ მცდარ და მანიპულაციურ ინფორმაციას აწვდის, რასაც ვრცლად შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

მტკიცება #1: საზოგადოებას არ უხსნიან, თუ რა საფრთხეს შეიცავს პირბადეები. ისინი კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს და ჟანგბადის უკმარისობას იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სინამდვილეში, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის სწორად გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა, არაკომფორტული იყოს, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს. პირბადის ტარებისას დისკომფორტი სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით არის გამოწვეული. პირბადეები პნევმონიის გამომწვევადაც არაერთხელ დასახელდა, რაც ასევე ყალბი მტკიცებაა.

დღეისათვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნის ზრდასა და პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას.

„დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“ (CDC) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას და აცხადებს, რომ პირბადის ტარება გვიცავს, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენ ირგვლივ მყოფებს. CDC-ის რეკომენდაციების თანახმად, პირბადე სრულად ვაქცინირებულმა პირმაც უნდა ატაროს იმ შემთხვევაში, თუ ის დახურულ სივრცეში რისკჯგუფთან ერთად იმყოფება ან ხალხმრავალ შეკრებებს ესწრება. ანალოგიურ რეკომენდაციებს გასცემს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (NCDC) - გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ ვიცით, გვიცავს, თუ - არა ვაქცინა ვირუსის მსუბუქი ფორმისგან ანუ უსიმპტომო ინფიცირებისგან და ვართ, თუ - არა ამ დროს ვირუსის გადამტანი, აუცილებელია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ზედმიწევნით დავიცვათ. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე მუდმივად მოუწოდებს.

მტკიცება #2: მთავრობა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მანიპულირებს. სინამდვილეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გასულ წლებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე პანდემიისას

ვერდიქტი: მანიპულირება

2020 წელს გარდაცვლილთა ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ, ნათლად ჩანს, რომ გარდაცვალების მკვეთრი ზრდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ეპიდაფეთქების პიკურ პერიოდთან თანხვედრაშია. 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარდაცვლილთა რიცხოვნება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 4 717-ით აღემატება. ოქტომბერ-დეკემბერში COVID-19-ით გარდაცვალების 2 466 შემთხვევა აღირიცხა. ამ პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალება შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეგისტრირებული მონაცემები. გარდაცვლილთა მაჩვენებლით მანიპულაციები აქამდეც გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა.

გამომდინარე აქედან, მტკიცება, რომ მთავრობა გარდაცვლილთა რიცხვებით მანიპულირებს და ამ მონაცემებით ყალბ პანდემიას გვახვევენ თავს, ყალბი ამბავია.

აღნიშნული გადაცემის სტუმარი 2021 წლის 20 აპრილს ჰომეოპათი თინათინ თოფურია იყო, რომლის ყალბი მტკიცებების შესახებ ვრცელ ინფორმაციას „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში იხილავთ.

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი