2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტრო „ვარკეთილის“ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი (SPA160025748) 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერის საწყისი ღირებულება 396 600 ლარი იყო. ტენდერში ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ყვარელრემმშენმა“ მიიღო მონაწილეობა. სამრაუნდიანი ვაჭრობის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ყვარელრემმშენს“ შორის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა.

ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 347 852 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 220 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო. საბოლოოდ, მეტროსადგური მერიამ ისე ჩაიბარა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შემოწმებული არ იყო. შესაბამისმა საექსპერტო კომპანიებმა - „რეალექსპერტმა“ და შპს „სამშენებლო საექსპერტო ბიურომ“, საექსპერტო დასკვნა ისე გასცეს, რომ სამუშაოების მხოლოდ მოცულობა შეამოწმეს და არა ხარისხი ( დაწვრილებით იხილეთ სტატია). ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია „ყვარელრემმშენი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წელს შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალი სამ პირს წაუყენა. მოგვიანებით, საქალაქო სასამართლომ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ვარკეთილის ჭერის ჩამონგრევიდან ერთი წლის შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებდა: „ერთი წელი გავიდა და საზოგადოება უყურებს, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია. ხან პროექტი არ ვარგა, ხან ტენდერი ვარდება, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რისი გაკეთებაც სირცხვილია“.

2019 წლის მაისში სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული ტენდერი (CMR190092151) გამოცხადა, რომლის ფარგლებში მეტროსადგურების - „გურამიშვილის, ავლაბრის“ და „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის და კაპიტალური შეკეთებისთვის აუცილებელი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო კვლევითი სამუშაოები შეიძინა, ტენდერის ღირებულება 138 000 ლარი იყო.

იმავე 2019 წელს სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვით (CMR190092796) ამჯერად მეტროსადგურების („გურამიშვილი, „ავლაბარი“, „ვარკეთილი“) რეაბილიტაციის და კაპიტალური შეკეთების საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის აუცილებელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევითი სამუშაოები შპს „აბსოლუტ სერვისისგან“ 120 000 ლარად შეისყიდა.

უკვე 2020 წელს სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთი ტენდერი (NAT200008744) გამოაცხადა, რომლის ფარგლებში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინპროექტის შესყიდვა განხორციელდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 190 000 ლარი იყო. ამ შემთხვევაში, ტენდერს სამი პრეტენდენტი ჰყავდა. საბოლოოდ, შპს „TRIA Group“-მა გაიმარჯვა, რომელმაც სატრანსპორტო კომპანიას ყველაზე დაბალი ფასი - 88 888 ლარი შესთავაზა. ხელშეკრულების მიხედვით, „TRIA Group“-ს ესკიზური პროექტი 20 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა. თუმცა, 2020 წლის ივლისში გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის 29 დეკემბერს შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მხარეთა შორის ტექნიკური ექსპლუატაციის საკითხებზე შეუთანხმებლობა დასახელდა.

თბილისის მერის კახი კალაძის მიერ მიმდინარე წლის მაისში გავრცელებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ პროექტი უკვე მზად არის და სამუშაოები ზაფხულში დაიწყება. „ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ. პირველი ეს იყო პროექტზე მუშაობა და არსებული სივრცის მდგრადობის შესწავლა, დღეს უკვე გვაქვს პროექტი ვიზუალური თვალსაზრისითაც და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ზაფხულის თვეებში უკვე დავიწყებთ უშუალო სამუშაოების წარმოებას, რომ მივიღოთ განახლებული ვარკეთილის მეტროსადგური“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახი კალაძე „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულებას 2019 წელსაც ვარაუდობდა, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა. ფაქტ-მეტრი გააგრძელებს ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგს და ამ თემას ზაფხულის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი