„საქართველო და მსოფლიო“ ევროკავშირში ბავშვების შესახებ ჩატარებულ კვლევაზე ყალბ ამბავს ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 2 ივნისს პრორუსულმა გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „ბევრს არ სჯეროდა… სულ ტყუილუბრალოდ: ევროკავშირში ბავშვებზე აღმაშფოთებელი ექსპერიმენტი ჩაატარეს“. სტატია რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tsargrad.tv-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვითაა მომზადებული.

„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ 2020 წელს ევროკავშირის 19 ქვეყანაში ბავშვებზე „აღმაშფოთებელი“ ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის დოკუმენტებშიც ასახულია. ავტორის თანახმად, დოკუმენტში, სახელწოდებით - „კონტროლის ინსტრუმენტები ციფრულ საუკუნეში და ბავშვთა ონლაინუფლებები მსოფლიოში“ - აღნიშნულია, რომ დაუდგენელია, ვნებს, თუ - არა პორნოფილმების ყურება ბავშვებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვების უმეტესობას, ვინც სექსუალური სცენები ნახა, არც წყენა და არც სიხარული არ განუცდია. სტატიის ბოლოს გაკეთებულია დასკვნა, თითქოს ბავშვებს სექსუალურ სცენებს განზრახ აყურებინებდნენ, რათა მათი რეაქცია გაეზომათ.

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია. კვლევის განმავლობაში ბავშვებს სექსუალურ სცენებს არ აყურებინებდნენ. კვლევა გამოკითხვის მეშვეობით ბავშვთა წარსულ გამოცდილებას აღწერდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2020 წლის დოკუმენტში - „Digital Age Assurance Tools and Children’s Rights Online across the Globe“ - მოყვანილია მრავალეროვნული კვლევითი ქსელის - EU Kids Online - ანგარიშის მონაცემები. EU Kids Online-ის მიზანია ევროპელი ბავშვების ონლაინ შესაძლებლობები, რისკები და უსაფრთხოება გამოიკვლიოს. ამ მიზნით, 2020 წელს ქსელმა კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 19 ქვეყნის შედეგებია მოცემული, რომელიც ევროპაში მცხოვრები 9-16 წლის ბავშვების ინტერნეტთან წვდომას, ონლაინ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, ონლაინ რისკებსა და შესაძლებლობებს ეხება. კვლევა 2017 წლის შემოდგომიდან 2019 წლის ზაფხულამდე ტარდებოდა, რომელშიც მონაწილეობა 25 101-მა ბავშვმა მიიღო. ანგარიშში მოცემული ყველა მიგნება კითხვარზე დაფუძნებითაა გაკეთებული. რაც ნიშნავს, რომ კვლევის პროცესში ბავშვებს რაიმე შინაარსის მასალას არ აყურებინებდნენ.

მაგალითისთვის, ბავშვებისთვის დასმულ ერთ-ერთ კითხვას წარმოადგენდა შემდეგი: „გასული წლის განმავლობაში ოდესმე გინახავთ, თუ - არა სექსუალური ხასიათის გამოსახულება?“ გამოკითხვაში მონაწილეებს შეეძლოთ შესაძლო 4 პასუხიდან - „არა“, „კი“, „არ ვიცი“, „მირჩევნია არ ვუპასუხო“ - ერთ-ერთი აერჩიათ. აღნიშნულ კითხვას მოჰყვებოდა კითხვები, რომლებიც მსგავსი გამოსახულების ნახვის შემთხვევაში ბავშვთა ემოციურ მდგომარეობას ადგენდა.

აღნიშნულ კითხვას მოჰყვებოდა კითხვები, რომლებიც მსგავსი გამოსახულების ნახვის შემთხვევაში ბავშვთა ემოციურ მდგომარეობას ადგენდა:

სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ პორნოგრაფიული შინაარსის მასალის ნახვის შესახებ „საქართველო და მსოფლიოს“ მანიპულაცია, კვლევის პროცესში ბავშვებისთვის დასმული კითხვებს უკავშირდებოდეს.

კითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდათ სექსუალური შინაარსის გამოსახულების ნახვისას ბავშვებს, პასუხები სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით განსხვავდებოდა, რაც მოცემულ ცხრილშია ასახული:

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი სექსუალური შინაარსის მასალის ნახვის შემდეგ შესაძლოა, თავს ცუდად არ გრძნობდეს, არის საფრთხე, რომ მას რაიმე სახის ზიანი მაინც მიადგეს. კვლევაც სწორედ მსგავსი დასკვნების გაკეთებასა და რეკომენდაციების გაცემას ემსახურება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „საქართველო და მსოფლიოს“ მტკიცება, რომელიც, თავის მხრივ, რუსულ წყაროს ეფუძნება, ყალბია. ბავშვებს კვლევისთვის პორნოგრაფიის ყურებას არავინ აიძულებდა. კვლევა კითხვარის საშუალებით ბავშვთა წარსული გამოცდილების დადგენას და შედეგად, მათზე სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი გავლენების შეფასებას ისახავდა მიზნად. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ მსგავსი შინაარსის ყალბი ამბის გამოქვეყნება ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის შექმნას ისახავს მიზნად.

წყაროს შესახებ

გაზეთს „საქართველო და მსოფლიო“ ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“ გამოსცემს, რომლის საბჭოს წევრიც ალექსანდრე ჭაჭიაა. იგი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. გაზეთი მკვეთრად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. რედაქცია მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსის“ ცრუ ნეიტრალიტეტის ინიციატივას, საქართველოს დასავლელი პარტნიორების, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციას კამპანიურად ავრცელებს და რუსეთის საგარეო პოლიტიკის გამართლებას ცდილობს. „საქართველო და მსოფლიო“ არაერთხელ ყოფილა შემჩნეული ყალბი ამბებისა და პროპაგანდის გავრცელებაში, მაგალითად „გრუს“ მიერ საქართველოზე გავრცელებული კიბერშეტევის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, რუსული ვაქცინის, დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების, ანაკლიის პორტის, აშშ-საქართველოს ურთიერთობების, ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ.

გამოცემის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი