იტვირთება

დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის ყოფილი პრემიერის გუნდში გადასვლას გორში ცვლილებები მოჰყვა. მმართველმა გუნდმა პარტიის გორის ოფისში აღმასრულებელ მდივნად ყოფილი პარლამენტარი, თამაზ შიოშვილი [1] დანიშნა. გორის მერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ ოფისს აძლიერებს და თვითმმართველობის არჩევნებისთვის გუნდის განახლებას ახდენს.

„ცვლილებები, სავარაუდოდ, კიდევ იქნება, მიმდინარეობს გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება. 2020 წელს, როდესაც ხოჯევანიშვილი იყრიდა კენჭს, ვინც ჩათვალა საჭიროდ, ისინი დაიყენა. მეც რომ ვიყრიდე კენჭს, რა თქმა უნდა, მეც ახლებს მივიყვან და ასე ხდება ყოველ არჩევნებზე. ახალი კადრები შედიან, ახალი მოტივაციით და ა.შ. თამაზ შიოშვილის პარტიაში შეყვანაც სწორედ ამ მიზნით მოხდა. დაგეგმილი გვაქვს ზონის უფროსების და აგიტატორების შეცვლაც ზოგიერთ უბანზე",- ამბობს გორის მერი, რომელიც „ქართული ოცნების“ გორის ოფისის თავმჯდომარეა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გორში პარტიის აღმასრულებელი მდივანი, საკრებულოს ფრაქციის (ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის) თავმჯდომარე, მიხეილ გოგინაშვილი იყო. ახლა ის პარტიაში მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს და გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა ყოფილ დეპუტატთან ერთად დაავალეს.

„ცოტა სხვანაირი სიტუაციაა ამ პერიოდში, გუნდის გაძლიერება მიმდინარეობს. ვის, რა ერქმევა, არ ვიცი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და გავაკეთებ იგივეს, რასაც აქამდე. ჩემი ინიციატივაც იყო, რომ ახალი სახეები შემოსულიყვნენ და განახლებულიყო ადგილობრივი ოფისი. თამაზ შიოშვილის შემოსვლა გუნდში დადებით შედეგს მოიტანს, რადგან გორელები მას პატივს სცემენ",- აცხადებს მიხეილ გოგინაშვილი.

„ქართული ოცნების“ გორის ოფისის ახალი აღმასრულებელი მდივანი შიდა ქართლის ახლადდანიშნული გუბერნატორის რეკომენდაციით დაინიშნა. ამას თავად თამაზ შიოშვილიც ადასტურებს და აცხადებს, რომ ვალერიან მჭედლიძესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ამ პოზიციაზე მისი დანიშვნის პროცესშიც მჭედლიძე მონაწილეობდა.

თამაზ შიოშვილი 2012 წლის მოწვევის, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. კოალიცია ,,ქართული ოცნების" დაშლის შემდეგ, 2016 წელს - ირაკლი ალასანიამ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მან ირაკლი ალასანიას პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებას" შეუერთდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან მუშაობა, გორის მაშინდელი მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის მოადგილედ, დაიწყო, რომელსაც მანამდე ღიად აკრიტიკებდა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრიც“ წერდა.

თამაზ შიოშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 9 თვე სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი. მოგვიანებით, თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა. 2019 წელს კი საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

2018 (საპრეზიდენტო) და 2020 (საპარლამენტო) არჩევნების პერიოდში აქტიურობით არ გამოირჩეოდა (ამბობს, რომ არავინ დაუძახა), თუმცა მმართველმა გუნდმა მისი საარჩევნო პროცესებში ჩართვა გორში ახლა გადაწყვიტა. შიოშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს, განიხილება, თუ - არა გორის მერად მისი კანდიდატურა, თუმცა აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ოცნების" ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიესალმება და დასახელებულ კანდიდატს გამარჯვებისთვის მაქსიმალურად დაეხმარება. მისი თქმით, პარტიის გორის ოფისში გუნდის განახლებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ამჟამინდელი ხელმძღვანელის, თამაზ შიოშვილის ინფორმაციით, გიორგი ხოჯევანიშვილმა 2020 წელს, „ქართული ოცნების" რეალური მხარდამჭერების ნაცვლად, გორის ოფისში საკუთარი ახლობლები მიიყვანა, რომლებიც მას პარტიიდან წასვლის შემდეგ გაყვნენ.

„ქართული ოცნების რეალური მხარდამჭერები სახლში სხედან. ისინი გვერდზე გაწია ხოჯევანიშვილმა და თავისი ხალხი დაასაქმა. ძალიან ძლიერი გუნდი ვიკვრებით. ამ არჩევნებზეც დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ. რაც შეეხება გახარიას გუნდს, ჩემი გათვლებით, მათ „ნაციონალური მოძრაობაც" კი აჯობებთ ", - ამბობს თამაზ შიოშვილი.

შიოშვილის მიერ ახალი პოზიციიდან გაჟღერებულ პირველ განცხადებას გიორგი ხოჯევანიშვილი გამოეხმაურა. ხოჯევანიშვილი შიოშვილს ურჩევს ფაქტებით ისაუბროს და უახლოეს წარსულში მისი თანაგუნდელების შესახებ გაკეთებული განცხადებები გაიხსენოს.

„შიოშვილს პიროვნულად წარმატებებს ვუსურვებ ახალ პოზიციაზე, თუმცა ასეთ ჭორაობებს ჯობს, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბროს. ძალიან საინტერესოა, როდის იცრუა, როდესაც ჩემი თანაგუნდელების, ერასტი ელიჯარაშვილის და პაატა ივანიშვილის მიმართ, საქებარ სიტყვებს არ იშურებდა მერის მოადგილეებად მათი დანიშვნისას, თუ მაშინ, როდესაც ისინი გორის მერმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა და მან ეს გადაწყვეტილება მოიწონა", -აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

შიოშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პირების მიმართ შეფასებებს არც ახლა ცვლის, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობებზე განსხვავებული პოზიციებით მათი მუშაობის გაგრძელება არარელევანტურად მიაჩნია და გორის მერის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი განცხადებით, გიორგი ხოჯევანიშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშვნის დღიდან, საკუთარი საახლობლო შემოიკრიბა და მოახლოებულ არჩევნებზეც მათი რესურსის იმედი აქვს. „ოცნების" ახლადდანიშნული აღმასრულებელი მდივანი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნებისგან შექმნილ გახარიას გუნდს, არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, დანარჩენი ოპოზიციაც შეუერთდეს და მმართველ გუნდს გამარჯვებისთვის ბრძოლა ისევ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თუ ამჟამინდელ წარმომადგენლების წინააღმდეგ მოუწიოს.

[1] სტატიის მომზადებისას შიოშვილი მხოლოდ „ქართული ოცნების“ გორის ოფისის აღმასრულებელი მდივნის პოზიციას იკავებდა. მოგვიანებით, გორის მერმა თამაზ შიოშვილი მოადგილედ დანიშნა.


მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი