მამუკა მდინარაძე: საქართველოში არავინ დევნის მათ [ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს]

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: მიუხედავად ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებებისა (ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა), სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით, რეალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

საქართველოში მცხოვრები ლგბტ+ ადამიანები კვლავ არაერთ სისტემურ პრობლემას აწყდებიან, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია საზოგადოებაში მათ წინააღმდეგ ფესვგადგმული სტიგმითა და გავრცელებული სტერეოტიპებით, ხოლო მეორე მხრივ, არსებულ პრობლემებზე სახელმწიფოს ზედაპირული მიდგომებით.

სამწუხაროდ, ლგბტ+ ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას სიძულვილის ჯგუფების რაოდენობისა და გავლენის ზრდის გამო, კვლავ ხდებიან ძალადობის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი.ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი განიცდიან დაბრკოლებებს შრომითი, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა უფლებების სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით.


ანალიზი

5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჩადენილი თუ დაანონსებული ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების პრაქტიკული უმოქმედობის გამო, ორგანიზატორებმა ღონისძიება ვეღარ ჩაატარეს.

„ღირსების მარშის“ ჩაშლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ, რუსთავი 2-ის ეთერში უმცირესობების უფლებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს არავინ დევნის: „ამ საზოგადოებაში ამ თემის წარმომადგენლებს არავინ არ დევნის, არავინ არ აგდებს მათ სამსახურიდან, არავინ არ დასდევს მათ ქუჩაში, თუ კონკრეტული პროვოკაციული გამოვლინებები არ არის ხოლმე... საქართველოს არაფერი არ აქვს სამდურავი, იცით, რატომ? ამ ქვეყანას თავის ტრადიციებში, დაუწერელ წესებში აქვს, სისხლში აქვს ტოლერანტობა ყველას მიმართ... როდესაც ვიცით, რომ პროვოკაციული მიზნებია - პუტინის მსგავსი სქემები ლაგდება ხოლმე. პუტინი რას აკეთებს, ხომ იცით? პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც, ეს არის გავრცელებული აზრი“.

„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მამუკა მდინარაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც ის პუტინის მიერ ლგბტ+ თემის დაფინანსებაზე საუბრობს, მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მმართველ გუნდს სექსუალური უმცირესობებისადმი. ხელისუფლების წარმომადგენლისგან მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება, შესაბამისი მტკიცებულებისა და არგუმენტაციის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ+ პირების დისკრედიტაციას შეიძლება ემსახურებოდეს მაშინ, როდესაც აღნიშნული თემთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ისედაც არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება და სხვადასხვა ჯგუფები მათ წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ.

რაც შეეხება ლგბტ+ თემის ყოფას საქართველოში, ბოლო წლებში კანონმდებლობამ სექსუალური უმცირესობების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით, სერიოზული გამოწვევები დღემდე რჩება. კერძოდ, ლგბტ+ ადამიანები უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას ვერ ახერხებენ და სიძულვილის ჯგუფების რაოდენობისა და გავლენის ზრდის გამო, კვლავ ხდებიან ძალადობის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ასევე, ისინი განიცდიან დაბრკოლებებს შრომითი უფლებების, ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებთან წვდომისა და განათლების უფლების სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით ( ვრცლად ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) გამო სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ერთიანი და სრულყოფილი სტატისტიკა, რომელიც, ამ კუთხით, გასული წლების სურათს დაგვანახებს, არ არსებობს. თუმცა, არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სისხლისსამართლებრივი საქმეების რაოდენობა და დევნის დაწყების მაჩვენებელი სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე, წლიდან წლამდე იზრდება.

ამასთან ერთად, სამართალდამცველთა მხრიდან დანაშაულებრივ შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება, კვლავ პრობლემად რჩება.


შეკრებისა და გამოხატვის უფლება

ლგბტ+ თემისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება, ასევე, დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია 2013 წლის 17 მაისის მოვლენები [1] და მას შემდეგ, თითქმის, ყოველ წელს „თბილისი პრაიდის“ გამართვასთან დაკავშირებული პრობლემები.

გარდა იმისა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით იგრძნობა ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური ჯგუფების გააქტიურება ლგბტ+ თემის წინააღმდეგ, რომელთა წამქეზებლადაც ხშირად მართლმადიდებელი სასულიერო პირები გვევლინებიან, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ასეთი ჯგუფებიდან წამოსული საფრთხის აღსაკვეთად სახელმწიფო, ძირითადად, უმოქმედოა ან არასათანადოდ მოქმედებს. მაგალითად, 2019 წელს, გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში, სამინისტრომ უარი განაცხადა ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.


ლგბტ+ ადამიანების დისკრიმინაცია სხვადასხვა სფეროში

არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ლგბტ+ პირები სხვადასხვა უფლებების სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრკოლებებს ხვდებიან.

ლგბტ+ პირებისთვის შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაცია წლებია ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ისინი ბარიერებს აწყდებიან განათლების სფეროშიც,

ლგბტ+ პირებისთვის პრობლემურია წვდომა ჯანდაცვის ადეკვატურ ხარისხზეც.

ასევე, კვლევებითაა დადასტურებული, რომ ლგბტ+ პირებისთის უსახლკარობა და დისკრიმინაცია საბინაო სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.


დასკვნა

დასკვნისთვის, კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებებისა (ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა), სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით, რეალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

სა¬ქარ¬თველო¬ში მცხოვ¬რე¬ბი ლგბტქ+ ადა¬მია¬ნე¬ბი კვლავ არაერთ სის¬ტე¬მურ პრობლემას აწ¬ყდე¬ბიან, რაც, ერთი მხრივ, გან¬პი¬რო¬ბე¬ბუ¬ლია სა¬ზო¬გა¬დოე¬ბა¬ში მათ წი¬ნააღ¬მდეგ ფეს-ვგად¬გმუ¬ლი სტიგ¬მი¬თა და გავ¬რცე¬ლე¬ბუ¬ლი სტე¬რეოტი¬პე¬ბით, ხოლო მეორე მხრივ, არსებულ პრობლემებზე სახელმწიფოს ზედაპირული მიდგომებით.

სამწუხაროდ, ლგბტ+ ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას და სიძულვილის ჯგუფების რაოდენობისა და გავლენის ზრდის გამო, კვლავ ხდებიან ძალადობის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი განიცდიან დაბრკოლებებს შრომითი, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა უფლებების სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით. აქედან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ ლგბტ+ თემს საქართველოში არავინ დევნის, არის ტყუილი.

[1] 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ ჩაიშალა, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლგბტ+ ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი