ირაკლი ღარიბაშვილი: საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 3 ათასი ეკომიგრანტი ოჯახი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემებით, ეკომიგრანტთა ერთიან ბაზაში დღეის მდგომარეობით, 6 312 ოჯახი ირიცხება.

2020 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო უწყებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი 2 391 ეკომიგრანტი ოჯახია. 2013 წლამდე, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საცხოვრებლით 1204 ეკომიგრანტი ოჯახი იყო დაკმაყოფილებული. პრემიერის განცხადება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ 3000 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი ფართით 2013-2020 წლებში დაკმაყოფილდა. სინამდვილეში, საანგარიშო პერიოდში, ბინა 1187 ოჯახს გადაეცა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოში 357 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაგან წლის ბოლოს მხოლოდ 50 ოჯახის განსახლება მოხერხდა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი საკმაოდ მწირია. განსახლების მოლოდინში, დაახლოებით, 3 921 ეკომიგრანტი ოჯახია დარჩენილი. ხოლო, მათ დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი ფულადი სახსრები მოთხოვნის შესაბამისი არ არის.

აქედან გამომდინარე, ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელი და მოსაგვარებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერი საცხოვრებლით დაკმაყოფილებული ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობას სწორად არ ასახელებს, მის განცხადებას ვაფასებთ, როგორც მეტწილად მცდარი.

ანალიზი

საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ეკომიგრანტ ოჯახებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 3000 ეკომიგრანტი ოჯახი, 2021 წლის ბოლომდე კიდევ 230 ოჯახი დაკმაყოფილდება“.

ეკომიგრანტების (სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების) განსახლების პროცედურას, განსახლების კრიტერიუმებს და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება (ნორმატიული აქტი) არეგულირებს.

ბრძანების მიხედვით, ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს.

ამავე ბრძანებით, ეკომიგრანტ ოჯახების განსახლების პროცედურაც არის დარეგულირებული, რომლის მიხედვითაც, ეკომიგრანტმა ოჯახმა, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში „საცხოვრებელი სახლის მიღების“ თაობაზე, განცხადებით სამინისტროს უნდა მიმართოს.

ეკომიგრანტი ოჯახები დაზარალების მიხედვით ორ კატეგორიად არიან დაყოფილნი. პირველი კატეგორია ნიშნავს, რომ სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი და ა.შ) გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას. ხოლო, მეორე კატეგორია ნიშნავს, რომ სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემებით, ეკომიგრანტთა ერთიან ბაზაში დღეის მდგომარეობით, 6 312 ოჯახი ირიცხება.

2020 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო უწყებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი 2 391 ეკომიგრანტი ოჯახია. 2013-2017 წლებში სამინისტროს მიერ საცხოვრებელი სახლით 396 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა. 2018 წელს - 240, 2019 წელს - 281, ხოლო 2020 წელს საცხოვრებელი ფართი 270 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. შესაბამისად, 2013-2020 წლებში საცხოვრებელი ფართი ჯამში 1187 ეკომიგრანტმა ოჯახმა მიიღო. 2013 წლამდე, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საცხოვრებლით 1204 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა. პრემიერის განცხადება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ 3000 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი ფართით 2013-2020 წლებში დაკმაყოფილდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გარდა ამისა, სამინისტრო 2004-2012 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების პროცესს ახორციელებს, რომლის შედეგად, ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო ქონება, რომლითაც წლების განმავლობაში მართლზომიერად სარგებლობდა. აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა რეგიონში განსახლებული 1062 ოჯახიდან 2020 წლის ბოლოსთვის მხოლოდ 757 ოჯახს აქვს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცემული, 305 ოჯახი კი განსახლების შემდეგ, სარგებლობაში არსებული ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემის მოლოდინში არის.

ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში მუდმივად ფიგურირებს. 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ამ სფეროში არსებული ძირითადი პრობლემა კვლავ გადაუჭრელია, კერძოდ, დღემდე არ არსებობს ეკომიგრანტთა შესახებ სპეციალური კანონი. ასევე, 2018-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტი, ეკომიგრანტების მიმართულებით მხოლოდ მათ განსახლებაზეა ორიენტირებული და სოციალურ გარანტიებს კვლავ არ ითვალისწინებს. ასევე, სპეციალური სამოქმედო გეგმის არარსებობა, არაერთხელ შეფასდა უარყოფითად.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი საკმაოდ მწირია. განსახლების მოლოდინში, დაახლოებით, 3 921 ეკომიგრანტი ოჯახია. ხოლო, მათ დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი ფულადი სახსრები მოთხოვნის შესაბამისი არ არის.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს, მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოში 357 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობდა. დასახელებულ წელს მხოლოდ 50 ასეთი ოჯახის განსახლება მოხერხდა. 2019 წელს მსგავს გარემოში უფრო ნაკლები - 219 ოჯახი, ცხოვრობდა.

როგორც განხილული მასალიდან ჩანს, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიმართულებით პრობლემები ჯერ კიდევ რჩება, კერძოდ, 3 921 ოჯახი ბინის მოლოდინშია, მათგან 357 ოჯახი მომეტებული საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობს.

2013-2020 წლებში საცხოვრებელი ფართი ჯამში 1187 ეკომიგრანტმა ოჯახმა მიიღო. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრემიერის განცხადება, რომ საცხოვრებელი ფართით 3000 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა არის მეტწილად მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი