სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ ყალბი მტკიცებები და სახიფათო ანტივაქსერული მოწოდებები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 25 ივლისს Facebook-მომხმარებელმა - Art Georgia Nino - დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. გავრცელებული პოსტის თანახმად, ტელევიზიები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ სწორ ინფორმაციას მალავენ და მხოლოდ დეზინფორმაციას ავრცელებენ. Facebook-მომხმარებელი ირწმუნება, რომ ვაქცინამ „უამრავი ადამიანი დააინვალიდა, უამრავი მოკლა, უამრავი აპარატზეა მიერთებული, უამრავი დაინფიცირდა ისევ მეორედ მეტად რთული ფორმით“. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ჯანმომ ვაქცინის სარგებლობისა და ეფექტურობის შესახებ მყარი არგუმენტები ვერ დადო, შესაბამისად, მისგან ახალგაზრდობა უნდა დაიცვან - ვაქცინის 500 ათასი დოზა დაჯავშნონ, შემდეგ კი ჯავშანი გააუქმონ:

პოსტში გაჟღერებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პერიოდში კოვიდვაქცინების შესაქმნელად, გლობალურად, ტექნოლოგიური, ფინანსური და ადამიანური რესურსების უპრეცედენტო მობილიზება მოხდა. შედეგად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, სტანდარტულ ვადებთან შედარებით, ძალიან მოკლე დროში შეიქმნა. კოვიდვაქცინების ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის უზრუნველყოფილი. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული.

კოვიდვაქცინებს, ისევე როგორც ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს გარკვეული გვერდითი მოვლენები აქვს, თუმცა მისი სარგებელი მკვეთრად აღემატება შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკს. ამასთან, ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და ვაქცინაციის პროგრამა განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს. ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

Facebook-მომხმარებლის მტკიცების თანახმად, როცა ვაქცინირებულს ემართება ვირუსი, ის უფრო ძლიერ ფორმაში მიმდინარეობს. აღნიშნული მტკიცება არის ყალბი, ვაქცინა ადამიანს იცავს დაავადების გართულებისგან და სიკვდილისგან.

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, მით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა. ვირუსისთვის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობის მიცემა, მუტაციების გამოწვევასა და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

ახალ შტამებზე ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა ვაქცინები არის ერთადერთი გზა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან თავის დასაცავად. ისრაელის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იცვლება, რაც სწორედ, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფაქტ-მეტრთა საუბარში განმარტავს: „ყველა ავტორიზებული ვაქცინა (მათ შორის - სინოფარმი და სინოვაკი) გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ტრენდს თუ დავაკვირდებით ვაქცინირებულ მოსახლეობაში, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. გარდა ამისა, მისი მოწოდებები ვაქცინის დაჯავშნისა და შემდეგ გაუქმების შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხის შემცველია, მით უფრო მაშინ, როცა საქართველო კოვიდის წითელ ზონაშია და ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი