მედ-ძმის თორნიკე ნონიაშვილის მანიპულაციური და ყალბი მტკიცებები კოვიდვაქცინებზე

ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის უმცროსი მედპერსონალი, მედ-ძმა თორნიკე ნონიაშვილი სოციალურ ქსელში კოვდივაქცინებზე მანიპულაციურ და ყალბ მტკიცებებს ავრცელებს (იხილეთ ბმული 1, ბმული 2).

მტკიცება: ვაქცინაცია არ გვიცავს არათუ ინფიცირებისგან, არამედ ლეტალობისგან... ვაქცინაცია არ მოქმედებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. მსოფლიოში დელტა ვარიანტი დომინანტური ხდება და ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მათ შორის - ვაქცინირებულ მოსახლეობაშიც. ახალ შტამებზე ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა ვაქცინები არის ერთადერთი გზა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან თავის დასაცავად.

სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ფაიზერის [2 დოზა] ეფექტურობა 88%-ია. ასტრაზენეკას ვაქცინა კი [ორი დოზა] - 67%-ით ეფექტურია.

ისრაელის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იცვლება, რაც სწორედ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა. საშუალოდ, დღიურად, გარდაცვალების დაახლოებით 1 ან 2 შემთხვევა ფიქსირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფაქტ-მეტრთან“ განაცხადა: „ყველა ავტორიზებული ვაქცინა (მათ შორის სინოფარმი და სინოვაკი) გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ტრენდს თუ დავაკვირდებით ვაქცინირებულ მოსახლეობაში, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის უმცროსი მედპერსონალის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა და კლინიკის სახელით გაკეთებულ ანტივაქსერულ განცხადებას მკაცრად გაემიჯნა. „აღნიშნული განცხადება არის არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ და ამაზე არა ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩატარებული. ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, კლინიკის სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომელიც რთულ გლობალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული... ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებლად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას“.

მტკიცება: 25 ივნისის მდგომარეობით, ორჯერადად აცრილ ინფიცირებულთაგან 43% ბრიტანეთში გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აღნიშნული მანიპულაციური მტკიცება, ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (PHE) 25 ივნისის ანგარიშს ეფუძნება ( უფრო კონკრეტულად, მონაცემებს დელტა შტამზე). მტკიცება, რომ ორჯერადად აცრილ ინფიცირებულთაგან 43% გარდაიცვალა, აბსურდულია. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1 თებერვლიდან 21 ივნისის ჩათვლით, COVID-19-ის დელტა შტამით დაინფიცირებულთაგან ორჯერადად აცრილი 7 235 პირი იყო, მათგან 0.7% (50 ადამინი) გარდაიცვალა.

PHE-ის ანგარიშის თანახმად, 1 თებერვლიდან 21 ივნისამდე, დელტა ვარიანტით სულ 117 ინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან 50 პირი (დაახლოებით 44%) ორჯერადად იყო ვაქცინირებული. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი 50+ ასაკობრივი ჯგუფიდან იყო, სადაც კოვიდით გარდაცვალების რისკი ისედაც მაღალია. PHE-ის ანგარიში ნათლად აჩვენებს, თუ ვაქცინაცია გარდაცვალების რისკს რამდენად ამცირებს. 50+ ასაკობრივ კატეგორიაში ინფიცირებული იყო 2 დოზით ვაქცინირებული 3,546 პირი, მათგან მხოლოდ 1.4% გარდაიცვალა. ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ინფიცირებული იყო 976 არავაქცინირებული პირი, მათგან 3.9% (38 პირი) გარდაიცვალა. შესაბამისად, ფაქტია, რომ დელტა შტამით გარდაცვალების მაჩვენებელი არავაქცინირებულ ადამიანებში გაცილებით მაღალია, ვიდრე 2 დოზით ვაქცინირებულ ადამიანებში. (ამავე თემაზე იხილეთ Fullfact.org-ის სტატია). აქვე აღსანიშნავია, რომ 50+ ასაკობრივ კატეგორიაში დელტა შტამით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ვაქცინირებულ ადამიანებში (ვიდრე არავაქცინირებულებში), იმით აიხსნება, რომ იმუნიზაციის პროცესში ხანდაზმული მოსახლეობა იყო პრიორიტეტი და აღნიშნულ კატეგორიაში არავაქცინირებულთა წილი ძალიან მცირეა. 2021 წლის ივნისის ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის ხანდაზმული მოსახლეობის (60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფი) 90% და მეტი არის ვაქცინირებული.

PHE-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დელტა ვარიანტის შემთხვევაში ვაქცინის ორი დოზა ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 96%-ით ეფექტურია.

თორნიკე ნონიაშვილს ასევე მოჰყავს CDC-ის მონაცემები ვაქცინირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციაზე და სიკვდილიანობაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ მუშაობს. Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე გარდაცვალების რისკს, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ნულოვანი არ არის.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი