თორნიკე რიჟვაძე:„ჩაქვში უკვე მიმდინარეობს ძალიან აქტიურად ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა. ამ პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ვერდიქტი: თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: დაბა ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულმა შპს „სტადიონმა“ 2019 წლის მაისში შეისყიდა. შემსყიდველმა პროექტი 2020 წლის ივნისში ჩაიბარა. იმავე წლის ოქტომბერში შპს „საბა კონსტრაქშენთან“ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 4,406,083 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტი 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიმდინარეობის პროცესში, გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორების გამო, ვადის გაგრძელება გახდა საჭირო. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის მიერ შემსყიდველისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ შემაფერხებელი გარემოებები რეალურია. ბოლო ცვლილებით, სამუშაოები 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.

ამ ეტაპზე კომპანიისთვის თანხა მხოლოდ ერთხელ, სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებისთვის არის გადარიცხული და ის 192,567 ლარს შეადგენს. პირველი ეტაპი კი, როგორც მიმდინარე წლის 8 აპრილით დათარიღებულ ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, მხოლოდ მიწის სამუშაოებს მოიცავს. პროექტი გრძელდება და უკვე მომდევნო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, არსებული მდგომარეობით, ჩაბარებული არ არის. ადგილობრივი არჩევნების წინ, როგორც წესი, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის. თუმცა მანამდე სპორტული დარბაზის მშენებლობის ვადა გახანგრძლივდა და ის თავდაპირველი გეგმა-გრაფიკისაგან ჩამორჩენით მიმდინარეობს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ სამუშაოების აქტიურად მიმდინარეობაზე საუბარი გადაჭარბებულია. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას მეტწილად სიმართლედ მიიჩნევს.

ანალიზი

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ჩაქვში უკვე მიმდინარეობს ძალიან აქტიურად ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა. ამ პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

„ფაქტ-მეტრი“ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

დაბა ჩაქვში მდებარე სპორტული დარბაზი, რომელშიც ძალოსნები წლების განმავლობაში ვარჯიშობდნენ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. სპორტსმენებს არ ჰქონდათ წყალი, გათბობა, სხვა ყველაზე ელემენტარული პირობებიც კი.

2019 წელს შპს „სტადიონმა“ დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა №2-ში მდებარე 3 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ამხანაგობა „ინჟარქიტექსისგან“ 96 700 ლარად შეისყიდა. მიმწოდებელთან ხელშეკრულება 17 მაისს გაფორმდა. კომპანიას სამუშაოები სამ ეტაპად უნდა განეხორციელებინა, საიდანაც პირველი ეტაპი 30 კალენდარულ დღეს მოიცავდა, მეორე ეტაპი - 150 კალენდარულ დღეს, ხოლო მესამე ეტაპი გულისხმობდა სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობას შენობის ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდის ჩათვლით.

მოგვიანებით, ტოპოგრაფიული და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შედეგად, აღმოჩნდა, რომ შერჩეულ ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები მდებარეობდა, რის გამოც დასაპროექტებელი ლოკაციის ცვლილება გახდა საჭირო. შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფამდე, სამუშაოები დროებით შეჩერდა. იმავე წლის 10 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებით, გადაწყდა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მეგენეიშვილის ქუჩის №17-ში მდებარე 2 256 კვ. მ ტერიტორიისთვის მომზადდებოდა, ანუ იქ, სადაც ძველი დარბაზი იყო განთავსებული.

საბოლოოდ, 2020 წლის 17 ივნისს, შემსყიდველმა სამუშაოები ჩაიბარა და მიმწოდებელს საკუთარი შემოსავლებიდან 87,791 ლარი გადაუხადა.

2020 წლის 1 სექტემბერს შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ (ყოფილი შპს „სტადიონი“) ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი (NAT200013369) გამოაცხადა, რომელშიც მხოლოდ შპს „საბა კონსტრაქშენი“ მონაწილეობდა. კომპანიასთან 4,406,083 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2020 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა (მართალია, საპარლამენტო არჩევნების წინ, თუმცა დარბაზის მშენებლობა დიდი ხნით ადრე გადაწყდა). სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან თოთხმეტი თვე განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ დარბაზის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.

თუმცა სახელშეკრულებო პირობები შეიცვალა. ცვლილება სამუშაოების გეგმა-გრაფიკს შეეხო. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ „აჭარის პროექტების მართვის კომპანიისთვის“ გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ მშენებლობის ვადის გაზრდას ობიექტური მიზეზები აქვს.

ხელშეკრულების პირველ ვარიანტში წერია, რომ მთლიანად პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებული იყო 442 დღე. აქედან, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის - 60, ქვაბულის დამუშავებისთვის - 47, ხოლო საძირკვლის მოწყობისთვის 46 დღე განისაზღვრა. 2021 წლის ივლისის შეთანხმებით, ქვაბულის დამუშავებისთვის საჭირო პერიოდი გაიზარდა და 60 დღე შეადგინა, საძირკვლის მოსაწყობად საჭირო დღეების რაოდენობამ კი 136 შეადგინა. შესაბამისად, აღნიშნული ეტაპი - 2021 წლის იანვრის ჩათვლით, ხოლო მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა მარტის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივდა. სამაგიეროდ, შემცირდა სხვა კონკრეტული სამუშაოებისთვის განკუთვნილი დღეების რაოდენობა და საერთო ჯამში, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პერიოდმა 524 დღე შეადგინა.

ამ ეტაპზე (17.08.2021-ის მდგომარეობით), არსებობს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მხოლოდ ერთი დასკვნა, რომლის თანახმადაც კომპანიამ შეასრულა პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც მიწის დამუშავებას გულისხმობს. განხორციელებული სამუშაოების ღირებულება 204,602 ლარს შეადგენს. აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კომპანიისთვის გადარიცხულია 192,567 ლარი და ეს ჯერჯერობით ერთადერთი გადახდაა, რომელიც განხორციელდა.

სპორტული ბაზის მშენებლობა გრძელდება. ხელშეკრულების თანახმად, ობიექტის დასრულების შემდეგ, პროექტის თანახმად, დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები არჩევნების წინ განსაკუთრებულად აქტიურად ფაზაში შედის. თუმცა მანამდე პროექტის განხორციელება შეფერხდა და ვადაც გახანგრძლივდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი