სოციალურ ქსელში კორონავირუსის მკურნალობასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და ყალბი ინფორმაციის შემცველი ვიდეომიმართვა ვრცელდება. ვიდეოს ავტორი COVID-19-ის მკურნალობაში ოზონოთერაპიის აუცილებლობაზე საუბრობს და კორონავირუსის მკურნალობის გაიდლაინში ოზონოთერაპიის ჩართვას ითხოვს. ვიდეოს ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ „ვაქცინა არ შველის არაფერს“.

მტკიცება, რომ ვაქცინები არ მუშაობს, არის ყალბი ამბავი. COVID-19-ის ოზონოთერაპიით მკურნალობას რაც შეეხება, მისი ეფექტიანობისა და ასევე მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური მტკიცებულებები არ არსებობს.

COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინის თანახმად, „ზოგიერთი ავტორის მიერ COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ასევე განიხილება ოზონოთერაპიის გამოყენების საკითხიც. თუმცა, ვინაიდან ოზონოთერაპიის ეფექტიანობისა და ასევე მისი გვერდითი მოვლენების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური მტკიცებულებები არ არსებობს, ცალკეულ შემთხვევებში ოზონოთერაპიის გამოყენება შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში“.

აღსანიშნავია, რომ გაიდლაინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIH), ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების (IDSA), აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC), ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის და სხვა ინსტიტუტების COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინებს/პროტოკოლებს და რეკომენდაციებს ეყრდნობა. გაიდლაინში გათვალისწინებულია COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მკურნალობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

გაიდლაინის ერთ-ერთმა ავტორმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგმა - აკაკი აბუთიძემ, „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტა: „მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ინსტიტუტების გაიდლაინებში არსად არ არის ოზონოთერაპია, როგორც COVID-19-ის საბაზისო მკურნალობის მეთოდი. ოზონოთერაპია გამოიყენება მხოლოდ კლინიკური კვლევის დონეზე, ლოკალურად. ჯერჯერობით, არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულებები ოზონით მკურნალობის დადებითი ეფექტის შესახებ.

საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ COVID-19-ის მკურნალობაში ოზონის გამოყენების ნებართვას არ გასცემს. FDA და EMA , სანამ არ დაამტკიცებს ან არ გასცემს ნებართვას გადაუდებელი გამოყენებისთვის, კლინიკური კვლევის გარდა, დანარჩენ შემთხვევაში, მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის/მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები, COVID-19-ით მკურნალობაში ოზონოთერაპიის ეფექტიანობის შესახებ, დაუსაბუთებელია. ამასთან, ოზონოთერაპია ვერანაირად ვერ იქნება ვაქცინის ალტერნატივა, ვაქცინა არის პრევენციის საშუალება და ინფიცირების შემთხვევაში ადამიანს დაავადების გართულებისა და სიკვდილისგან იცავს.

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ამ ეტაპზე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, დელტა ვარიანტია (ე.წ. ინდური შტამი) დომინანტური. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ამასთან, ახალ შტამებზე კოვიდვაქცინები ინფიცირების რისკს, ისევე როგორც ვირუსის გავრცელების რისკებს, გარკვეულწილად ამცირებენ. რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, ვირუსის მუტაციის და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნის ალბათობა, მით უფრო მაღალია.

ისრაელის კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის ვაქცინის სიმპტომური კოვიდისგან დაცვის მაჩვენებელი 40.5%-მდე შემცირდა, თუმცა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 88%, ხოლო დაავადების კრიტიკული მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან დაცვის მაჩვენებელი 91%-ზე მეტია.

აღნიშნულ მანიპულაციასთან დაკავშირებით, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფაქტ-მეტრთან“ განაცხადა: „ყველა ავტორიზებული ვაქცინა (მათ შორის სინოფარმი და სინოვაკი) გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ტრენდს თუ დავაკვირდებით ვაქცინირებულ მოსახლეობაში, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი