იტვირთება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდა. მისი შემცირება ვერც შარლ მიშელის მიერ გაწეულმა მედიაციამ შეძლო. არჩევნებიდან მოკლე დროში „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რომელმაც ხმების პარალელური დათვლის დროს შეცდომა დაუშვა. ორგანიზაციამ შეცდომა აღიარა და მენეჯმენტში ცვლილებები განახორციელა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამ ხარვეზს მუდმივად ახსენებს და როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, ამით „სამართლიანი არჩევნების“ დისკრედიტაციას ცდილობს.

გარდა მადისკრედიტირებელი რიტორიკისა, რა მოლოდინები არსებობს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, რა შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაში და რამდენად შეასრულებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი თავის ფუნქციას, ამის შესახებ „ფაქტ-მეტრს“ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ესაუბრა.

- 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ტარდება მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე გარკვეული ცვლილებები გვაქვს თვითონ საარჩევნო კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე, განსხვავდება საარჩევნო გარემო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულისგან?

- ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ წინასაარჩევნო მონიტორინგი, 1 ივნისიდან ვაკვირდებით. ძირითადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების თვალსაზრისით რაც გამოიკვეთა ისაა, რომ მხოლოდ მმართველი პარტია აქტიურობს და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პასიურობა შეინიშნება. ერთადერთი ყოფილი პრემიერი გახარია აქტიურობდა, რომელიც ძირითადად ოფისების გახსნით იყო დაკავებული. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ამ არჩევნებში მაქსიმალური 43% აეღო, რომელიც აქამდე იყო ჩადებული პირობაში. ამასთანავე, მათ აქვთ მეტი ფინანსური და ადამიანური რესურსი, მეტად მიუწვდებათ ხელი ყველა ტიპის სიახლეებზე და კამპანიის წარმოებაც უფრო ადვილია. პარტიის გარდა, მაღალი თანანმდებობების პირებისგან ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაანონსებას, დაწყებას და ამასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ [საარჩევნო] კამპანიის ნაწილად ვთვლით. შესაძლოა ხელისუფლებამ თქვას, რომ ეს კამპანიის ნაწილი არაა და თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, თუმცა პრემიერ-მინისტრის, მთავრობის განცხადებებში საუბარია სხვადასხვა მასშტაბური პროექტის დაწყებაზე, ჯარიმების ჩამოწერაზე და ა. შ. ჩვენ ამ ნაწილსაც, ცხადია, საარჩევნო კამპანიას ვარქმევთ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ამიტომაც ვამბობთ, რომ მათ როგორც პარტიულად, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციიდან, აქტიურად დაიწყეს საარჩევნო კამპანია.

- ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს ყოველთვის ისე მოხერხებულად იყენებს, რომ ამის მტკიცება რთულია. თუ არის გათვალისწინებული ეს ხარვეზი 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, გვაქვს რაიმე ახალი ბერკეტი ამ დამკვიდრებული პრაქტიკის გადასალახად?

- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კანონმდებლობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. თუ სხვა საკითხები დეტალურადაა გაწერილი საარჩევნო კანონმდებლობაში, აქ ცოტა უფრო სხვაგვარადაა საქმე. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გამოდავება რთულია. სადაც ვხედავთ სამართლებრივ საფუძვლებს, ვასაჩივრებთ. თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ მოსყიდვა გვგონია, მაგრამ ვერ ვაკვალიფიცირებთ, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ გვაძლევს. ერთადერთი, რაც ამ რეფორმის ფარგლებში განხორციელდა, არის საჯარო მოხელეების წრის გაფართოება, ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულ პირთა ჩათვლით, რომლებსაც სამუშაო საათებში აგიტაციაში ჩართვის უფლება არ აქვთ.

- იზრდება, თუ - არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკი, როცა კანდიდატი მოქმედი მერია, ან - თანამდებობის პირი?

- ჩვენ აქ გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემა. ზღვარი ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის დიდი გამოწვევაა. როდესაც ხელისუფლება რაღაც პროექტებს ახორციელებს ან აანონსებს, რაც მისი მოვალეობაა, ამას აკეთებს ისეთი ლიდერი, რომელიც ამასთანავე, პარტიის ლიდერიც არის, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ან კალაძე... ამომრჩევლის თვალში ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირება ან დაწყებული პროექტი. არ აღიქმება ისე, რომ ეს კეთდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს მაინც უნდა კეთდებოდეს ხალხისთვის. სამწუხაროდ, ამ ზღვარს თვითონ არ ავლებენ და რიგითი ამომრჩევლისთვის ძნელად აღსაქმელია. მაგალითად, კალაძე, რომელიც კანდიდატია და თან - მერი, როდესაც პროექტს ახორციელებს, ძალიან რთულია, გაიგო, ამას როგორც მერი აკეთებს (და ამას უნდა აკეთებდეს), თუ ეს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კამპანიის ნაწილია. რა თქმა უნდა, ეს კამპანიის ნაწილიცაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ კიდევ არის რაიმე დამატებითი მექანიზმი საჭირო. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივა იყოს. არსებული მექანიზმები მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებას აძლევს. არჩევნებამდე ორი თვით ადრე არ შეიძლება ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. თუმცა ორი თვით ადრე არა, მაგრამ ივლისის თვეში განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდას ეხება. ანუ კანონი არ დაირღვა, მაგრამ ის სულისკვეთება, რის გამოც კანონი კრძალავს ამ ცვლილებების განხორციელებას დადგენილი ვადის შემდეგ, მაინც გრძელდება. როცა არ არის ზღვარი გავლებული ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის, ეს კოპენჰაგენის დოკუმენტს1 ეწინააღმდეგება. რთულად იდენტიფიცირდება ასევე საჯარო მოხელის მიერ რომელიმე პარტიის სასარგებლოდ სოციალური ქსელების გამოყენება. სოციალური ქსელების გაკონტროლება რთულია დროის თვალსაზრისითაც. შესაძლოა, არასამუშაო საათებში დაპოსტა, მაგრამ ის ხომ მეორე დღესაც ვრცელდება ქსელში და აგრძელებს არსებობას. ვფიქრობთ, ამ მიმართულებითაც სამუშაოა.

- და რა ტიპის ჩანაწერი უნდა არსებობდეს კანონმდებლობაში, რომ წინასაარჩევნოდ სოციალური ქსელების ადმინისტრაციულ რესურსად გამოყენება არ მოხდეს?

- ჩემი აზრით, სჯობს, რომ წინასაარჩევნოდ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, პოლიტიკური პრეფერენციების გამოხატვა შეეზღუდოთ. ჩვენ ჯერ შორს ვართ იმ სახელმწიფოსგან, სადაც ადამიანები ძალიან თავისუფლად გამოხატავენ აზრს. ჩვენთან საჯარო მოხელეებს ამის გაკეთება ყოველთვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ უწევთ და ამიტომ ვამბობ, თორემ თავისუფალ ქვეყანაში ამის საჭიროება არ იქნებოდა.

- როგორ ფიქრობთ, გასულ არჩევნებზე რა დარღვევებიც იყო, იგივე განმეორდება ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები სახეზეა?

- რასაც ვაკვირდებით, წინა არჩევნებზე რაც იყო, ახლაც, ამ ეტაპზეც იგივეა. შარშანაც სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, კოვიდიდან გამომდინარე და წელსაც ამას ვხედავთ. ახლა დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, ხომ არ იქნება კანონდარღვევის ფაქტები: ზეწოლა, მუქარა ამომრჩეველზე... რაღაც ცვლილებები განხორციელდა იქიდან გამომდინარე, რა დარღვევებიც წინა არჩევნებზე ვნახეთ. განსაკუთრებით - შემაჯამებელი ოქმების შესწორებებთან დაკავშირებით. ეს შეიცვალა, ამიტომ უფრო ველოდები, რომ მმართველი პარტიისგან იქნება საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. ვფიქრობ, ოპოზიციური ამომრჩეველი ნაკლებად აქტიური იქნება. თუმცა ბოლო პერიოდში რასაც ვამჩნევ, მმართველი პარტია ცდილობს, რომ კანონმდებლობის დარღვევა არ გამოუვიდეს და ამომრჩევლის გულის მოსაგებად ან მასზე ზემოქმედებისთვის მეთოდები მოიფიქროს. მაგალითად, იმდენი მხარდამჭერი გვერდი აქვთ შექმნილი, რომ ტროლებისა და ბოტების მეშვეობით ნამდვილად ახერხებენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

- როგორც ვიცით, ცესკოს მეტი სანდოობისა და გამჭვირვალობისთვის საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა. საინტერესოა, რატომ დატოვეთ თქვენ ჯგუფის წევრების შესარჩევი პროცესი და რამდენად შეასრულებს ის თავის როლს?

- როდესაც კანონმდებლობაში ჩაიწერა, რომ საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შექმნილიყო, რომელიც ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევდა და რეკომენდაციას მისცემდა, ჩვენ ამას სკეპტიკურად შევხვდით. ცესკოს ისედაც აქვს ამის უფლებამოსილება, საარჩევნო დავების არსებობის შემთხვევაში, პროაქტიულად გამოიძიოს და თუ ფიქრობს, რომ პრობლემაა, აღმოფხვრას. როდესაც ჩვენ საჩივარი შეგვქონდა, ცესკოს მთავარი მონდომება იყო, რომ ან დაეხარვეზებინათ, ან არ განეხილა. ახლა კანონში ჩაიწერა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც ბოლო სამი წელი არჩევნებს აკვირდებიან, დააკომპლექტებენ საკონსულტაციო ჯგუფს. პირველი შეკრება რომ გაიმართა, თხუთმეტი ორგანიზაცია იყო მოწვეული და აქედან ორი თუ სამი ვიყავით ისეთ, რომლებიც არ წარმოვადგენდით რომელიმე მხარის ორგანიზაციას. დანარჩენების ფინანსური გამჭვირვალობა, ანგარიშები და ზოგის სახელებიც კი არ ვიცით... მათი დირექტორები თუ ლიდერები ძირითადად მმართველი პარტიის სასარგებლოდ საუბრობენ ტელევიზიებში. ამ ორგანიზაციების მიუკერძოებლობასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს შეკითხვები. ნამდვილად არ გვინდოდა იმ შემადგენლობაში ყოფნა, რომელშიც ასეთი ორგანიზაციები არიან და გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება. ჩვენ გადაწყვეტილებასაც ვერ მივიღებდით. დავტოვეთ პროცესი, რათა მერე ჩვენი სახელი არ გამოეყენებინათ და არ ეთქვათ, ისინიც აქ იყვნენ, როცა საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შევარჩიეთო. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც იყო მიწვეული და ისიც გამოვიდა. როგორც ვიცი, ჯგუფის წევრები დანარჩენმა ორგანიზაციებმა შეარჩიეს. ამიტომ ვერც ის ორგანიზაციები და ვერც შერჩეული წევრები ვერ უზრუნველყოფენ იმ საფუძველს, რომელიც შემდეგ ცესკოს პროცესების სანდოობაში უნდა დაეხმაროს.

- თქვენი ორგანიზაციის სანდოობაზე როგორ აისახა 2020 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესი, რომელიც საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის დროს დაშვებულ შეცდომას მოჰყვა და ზოგადად, რას ემსახურება ხოლმე ხელისუფლების რიტორიკა, რომელსაც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ იყენებს?

- ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შეცდომა მოხდა. ხელისუფლება ისედაც მუდმივად ცდილობდა არასამთავრო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ახლა თითქოს ხელჩასაჭიდი მიეცა, რომელსაც, ალბათ, ხელიდან არასდროს გაუშვებს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ შეცდომა აღიარა, დირექტორი შეიცვალა, მოადგილე გადადგა.

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ნებისმიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელიც არის ობიექტური და ამ არჩევნებზე კონკრეტულ დასკვნებს დადებს, ამ წამოძახებებით ლეგიტიმაცია გამოაცალოს. ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან ერთხელ შეგეშალათ, თქვენი აღარაფერი არ დაიჯერებაო. არა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე, ჩვენს რეგიონულ ორგანიზაციებსაც შეურაცხყოფას აყენებენ. მოსალოდნელია, რომ ეს თავდასხმები გადაიზრდება დამკვირვებლებზე თავდასხმებში. ჩვენ ვნახეთ, მედიაზე როგორი თავდასხმა იყო. ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირებასა და დამკვირვებლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მას ეკისრება. ამიტომ საშიშია ასეთი ტიპის განცხადებები. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ უნდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაციების არსებობა ქვეყანაში, რაც დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის. ჩვენი დამფინანსებლები არიან ამერიკის და ევროპის ქვეყნები და იმიტომ გვაფინანსებენ, რომ გვენდობიან, ჩვენს ანგარიშებს ენდობიან. ამიტომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ჩვენს დისკრედიტაციას. ამის არ გვეშინია და ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ.

- შარლ მიშელის დოკუმენტზე და „ქართული ოცნების“ ნაბიჯზეც უნდა გკითხოთ, რა მოიგო ამით ხელისუფლებამ და რა შეცვალა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევამ არსებულ რეალობაში?

- ჩემი აზრით, „ოცნებამ“ დაინახა, რომ 43% მისაღებად საკმარისი მხარდამჭერი არ ჰყავს და ეს IRI კვლევამაც აჩვენა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხელშეკრულება დატოვა. ეს ნაბიჯი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იმის თქმა, რომ საერთოდ არ აინტერესებთ მათი აზრი. ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან, რომ დემოკრატია დაინახონ ამ ქვეყანაში და როცა ხედავენ, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, ჩათვლიან, რომ ხალხს არ უნდა დემოკრატია. „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი იყო დასავლელი პარტნიორებისთვის უარის თქმა ამხელა მედიაციაზე და მეორეც, ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობა. ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას ძალიან აზიანებს. მმართველმა პარტიამ ამით შეიძლება მოკლევადიანად მოიგო, მაგრამ ქვეყანამ წააგო.

ამიტომ ეს არის ნიშანი, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება ყველა რესურსის გამოყენებას, თუმცა მას ამის შანსი ნაკლებად ექნება, თუ ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბანზე და ხმას მისცემს სასურველ კანდიდატს. ჩვენ ბევრი დამკვირვებელი გვეყოლება და მაქსიმალურად დავაკვირდებით პროცესს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი