იტვირთება

ჯუანშერ ბურჭულაძე: აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ მათ აშანტაჟებდნენ

ვერდიქტი: მანიპულირება

რეზიუმე

თავის განცხადებაში თავდაცვის მინისტრი 13 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ სასულიერო პირების თვალთვალისა და მოსმენა-მიყურადების შედეგად შექმნილ მასალას წარმოადგენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ი სასულიერო პირებს უთვალთვალებდა და წერდა. შექმნილი იყო მათი თვალთვალის განყოფილება, იწერდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მათ შორის - პედოფილიის შემთხვევებს, აოქმებდა მათ და ინახავდა.

განცხადებაში მინისტრი მოვლენების კონტექსტს ამახინჯებს და მათ იმგვარი ფორმით წარმოაჩენს, რომ მოახდინოს გაჟონილ ინფორმაციაში აღწერილი სავარაუდო დანაშაულების ნიველირება, მაშინ, როდესაც ინფორმაციიდან, მისი ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ტოტალური კონტროლისა და თვალთვალის საფრთხეები იკვეთება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მინისტრის განცხადება არის მანიპულირება.

ანალიზი

13 სექტემბერს ინტერნეტში ინფორმაცია გავრცელდა, რომ სუს-იდან მასალებმა „გაჟონა.“ საიტზე ატვირთული იყო ათეულ ათასობით დოკუმენტი, რომელშიც სასულიერო პირების მიყურადება და ჩაწერაა აღწერილი. დოკუმენტებში შევხვდებით „თვალთვალის“ დეპარტამენტის შექმნის ბრძანებას, სხვადასხვა მაღალიერარქისა თუ რიგითი სასულიერო პირის საუბრის კრებსითებს, ინფორმაციას მათი სექსუალური ცხოვრების, კორუფციული სქემებისა თუ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან კავშირების შესახებ. უფრო დეტალური აღწერა სუს-იდან გაჟონილი ინფორმაციის, თუ რა დგინდება, დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იხილეთ „ტაბულას“ სტატიაში.

მოცემულ დოკუმენტებში, რომელთა ავთენტურობა ჯერ დადასტურებას საჭიროებს, ვხვდებით მითითებებს, მათ შორის, საგანგაშო დანაშაულების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, ჩაიდინეს, როგორც სასულიერო პირებმა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სასულიერო პირების შემთხვევაში ასეთი დანაშაულებია კავშირები და ინფორმაციის მიწოდება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან და კორუფციული სქემები. თითოეულ მათგანს ცალკე ფაილი ეთმობა, რომელიც ათასობით დოკუმენტს აერთიანებს. თუ დოკუმენტების ავთენტურობა დადასტურდა, დგება კონკრეტული სასულიერო პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

დოკუმენტებში ვხვდებით ინფორმაციას ერთ-ერთი მაღალიერარქი სასულიერო პირის მხრიდან არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის შესახებაც. ამ შემთხვევაში, დანაშაულს სჩადის როგორც სასულიერო პირი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რომელიც ნაცვლად დანაშაულზე რეაგირებისა, აოქმებს შემთხვევას, სავარაუდოდ, შემდგომში კომპრომატად გამოყენების მიზნით.

ამასთან, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სუს-ი ახორციელებდა ისეთი საკითხების მიყურადებასა და თვალთვალსაც, რომელიც არ შეიძლება ლეგიტიმური ინტერესის საგანს წარმოადგენდეს. ის იღებდა და აოქმებდა პირთა სექსუალურ ურთიერთობებს, მათ შორის, ტაბულას ინფორმაციით: „ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ „ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს".

ფაილები შეიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე გავლენის მოხდენის მცდელობის შესაძლო დადასტურებასაც.

ამასთან, დღემდე გავრცელებული დოკუმენტები ძირითადად სასულიერო პირების თვალთვალს შეეხება. მათი ორგანიზების სისტემა, ოქმების აღწერის დეტალურობა და გამოყენებული რესურსების მასშტაბი, აჩენს გონივრულ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ტოტალური მიყურადება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სასულიერო პირებით და ამგვარი დოკუმენტები სხვა საჯარო თუ ხელისუფლებისთვის საინტერესო ფიგურების შესახებაც შესაძლოა არსებობდეს. 15 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მოსმენებისა და თვალთვალის სამიზნე, შესაძლოა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იყვნენ.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემდგომ, მათ შორის სწორედ იმიტომ, რომ მოქალაქეები ამგვარ ფაქტებს, რომლებზეც მინისტრი საუბრობს, არ ეგუებოდნენ. მეტიც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ ამგვარი ფაქტების ერთი მხრივ - აღკვეთის, ხოლო მეორე მხრივ - გამოძიების, პირობა დადო. ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფაილები (ჯამში 144), რომელიც კომისიამ გამოავლინა, ჟურნალისტების თანდასწრებით გაანადგურა და ფარულ მიყურადებაში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ „უმკაცრეს რეაგირებას“ დაგვპირდა. მან თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა უკანონობა და გამოძიების დაწყების აუცილებლობა. საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთეული პირები დაისაჯნენ, სისტემა კი იგივე დარჩა.

ფარული ჩანაწერების შემდგომ, 2013 წლიდან დღემდე, მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი არაერთი ჩანაწერის გამოყენება. ეს ჩანაწერები, ძირითადად, ეხებოდა საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და სხვა. ამ შემთხვევაშიც, რეალური გამოძიება არ მომხდარა და დამნაშავეები არ დასჯილან.

საყურადღებოა, რომ მართალია ოფიციალურად საუბრების, კრებსების ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა სხვადასხვა დოკუმენტში ასახული დიალოგების ნამდვილობას დიალოგის მონაწილე პირები ადასტურებენ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისა და საგანგებო სხდომის მოთხოვნით უკვე გამოვიდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ფაილების ნამდვილობის ვარაუდს ამძაფრებს ისიც, რომ მმართველი პარტიის წევრები თავის განცხადებებში, ნაცვლად ამგვარი ფაქტის გამორიცხვისა, ირიბად ფაილების ავთენტურობას ადასტურებენ და პასუხისმგებლობის ისრების სხვისკენ მიმართვას ცდილობენ. მაგალითად, გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ ამის „გამკეთებელი“ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. თავდაცვის მინისტრის ეს განცხადებაც ამის ერთ-ერთი მცდელობაა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარსულში სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული, იგივე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისგან ვერ გაგათავისუფლებს.

ამგვარად, მინისტრის მხრიდან მომხდარის ნიველირება და წინა ხელისუფლების დროს მომხდარ სხვა ფაქტებთან შედარება, მანიპულირებას წარმოადგენს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3361 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი