ვახო სანაიას ციტატა სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი სათაურით ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

რეზიუმე

სოციალურ ქსელში 2021 წლის 10 სექტემბერს ვახო სანაიამ, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა. აღნიშნული მოსაზრება სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომ დამახინჯებული სათაურით გაავრცელა. სააგენტოებმა ვახო სანაიას Facebook- სტატუსიდან სათაურად ის ნაწილი გაიტანეს, რომელშიც ვახო სანაია რევოლუციაზე საუბრობს და შექმნეს შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტი მოქალაქეებს რევოლუციისკენ მოუწოდებს.

მართალია, თავად სტატიებში საინფორმაციო სააგენტოებმა ვახო სანაიას სრული ციტატა გამოაქვეყნეს, მაგრამ თანამედროვე ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, სათაური განიხილება, როგორც ცალკე ჟურნალისტური მასალა. ამ შემთხვევაში, სათაური იყო შეცდომაში შემყვანი, განზრახ ამახინჯებდა კონტექსტს, ახდენდა სტატუსის ავტორის დისკრედიტირებას. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მოცემული დეზინფორმაცია შეფასდა ვერდიქტით - მანიპულირება.

ანალიზი

ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში, საკუთარ facebook-გვერდზე, 2021 წლის 10 სექტემბერს არჩევნების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. სტატუსში ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რატომაა არჩევნებზე მოქალაქეთა აქტივობა აუცილებელი, რატომ არ შეიძლება არჩევნების მიმართ მოქალაქეებში უნდობლობის დათესვა და ნიჰილიზმის ხელშეწყობა.

ვახო სანაია საკუთარ სტატუსში რევოლუციის შესახებაც საუბრობს. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომ სტატუსის სწორედ ეს ნაწილი კონტექსტიდან ამოგლიჯა და სათაურად გაიტანა („რევოლუციის გარდა გამოსავალი რომ არ რჩება...“ - ვახო სანაია). კონტექსტის ამგვარად შეცვლით, სააგენტომ შექმნა შთაბეჭდილება, რომ ვახო სანაია მოქალაქეებს რევოლუციისკენ მოუწოდებს, აცხადებს, რომ სხვა გზა არ რჩება.

საკუთარ სტატუსში ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რევოლუცია მხოლოდ მაშინაა „გზა,“ როცა „ხელისუფლება სხვა გზას არ ტოვებს“ და ოპოზიციას მოგებულ არჩევნებს „პარავს.“ სტატუსის მთელი შინაარსი კი იმას ეხება, რომ ადამიანები არჩევნებზე მივიდნენ.

სათაურის კონტექსტი იმგვარად ამახინჯებს ჟურნალისტის მოსაზრების შინაარსს, რომ Facebook-მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. აღნიშნული პოსტის ქვეშ მომხმარებლების კომენტარებშიც ჩანს.

თანამედროვე მედიასტანდარტების მიხედვით, სათაური შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ცალკე მედიაპროდუქტი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქმეზე „ანა გაბელაია მართა ლაბაძისა და Reportiori.ge-ს, kvira.ge-ის, digest.pia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ (2018 წელი)“ მსჯელობაში განმარტავს: „ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში“.

ამგვარად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საინფორმაციო საშუალებების მიერ ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსაზრებისთვის სათაურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზის გატანა, მანიპულირებას წარმოადგენს და Facebook-მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი