16 სექტემბერს, „ალტ-ინფოს“ ეთერში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ COVID-19-ის დიაგნოსტირებაზე და მოზარდების ვაქცინაციაზე მანიპულაციური და ყალბი ინფორმაცია გააჟღერა.

მტკიცება: PCR ტესტებზე CDC-მა პირდაპირ განაცხადა და კლინიკებს 31 დეკემბრამდე მისცა ვადა, მონახონ სხვა ალტერნატიული საშუალება. იმიტომ, რომ ეს ტესტები ვერ არჩევს კორონავირუსს ენტეროვირუსისგან და ჩვეულებრივი სეზონური გრიპებისგან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) არ განუცხადებია, რომ PCR ტესტები ერთმანეთისგან ჩვეულებრივ გრიპსა და კორონავირუსს ვერ არჩევს. მან რეკომენდაცია გასცა ისეთი ტესტირების მეთოდისთვის, რომელიც კორონავირუსთან ერთად, გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებასაც შეძლებს.

2021 წლის 21 ივლისს, CDC-მა ახალი პროტოკოლი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ლაბორატორიებმა SARS-CoV-2- ის იდენტიფიცირებისთვის PCR ტესტების გამოყენება წლის ბოლომდე უნდა შეწყვიტონ და ალტერნატიულ მეთოდზე უნდა გადავიდნენ. 2021 წლის 31 დეკემბრამდე CDC ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) PCR ტესტის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოთხოვნის გაუქმებით მიმართავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით COVID-19-სა და გრიპის დიფერენცირება ვერ ხდება. CDC ისეთი ტესტების გამოყენებას უწევს რეკომენდაციას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია, ერთდროულად SARS-CoV-2, ასევე გრიპის ვირუსების გამოვლენა.

Covid-19-ის დიაგნოსტირებისთვის სხვადასხვა ტიპის ტესტები გამოიყენება, ყველა მათგანი ორგანიზმში SARS-COV-2-ის ვირუსის არსებობას იკვლევს და მტკიცება, რომ ტესტები კორონავირუსს და სეზონურ გრიპს ან/და ენტეროვირუსს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, აბსურდულია.

მტკიცება: არაერთი კვლევა გამოქვეყნდა, რომ [ვაქცინა ბავშვებზე] ძალიან ცუდად მოქმედებს და არანაირი აუცილებლობა ბავშვების ვაქცინაციის არ არსებობს

ვერდიქტი: მანიპულირება

COVID-19-ის ინფიცირებისა და გართულების შედარებით ნაკლები რისკი აქვთ ბავშვებსა და მოზარდებს, ვიდრე უფროსი ასაკის მოსახლეობას. თუმცა, ვირუსის მუტაციის შედეგად, კორონავირუსის დელტა შტამი ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები. გაზრდილია როგორც ბავშვთა ინფიცირება, ასევე ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური შემთხვევები.

პედიატრიის ამერიკული აკადემიის, 9 სექტემბრის მონაცემებით, აშშ-ში COVID-19 პანდემიის დაწყებიდან თითქმის 5.3 მლნ ბავშვს დაუდგინდა. ორი კვირის განმავლობაში (26/08-9/09), ბავშვთა კუმულაციური შემთხვევების 10%-იანი ზრდა (495 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა) დაფიქსირდა. 9 სექტემბრის მონაცემებით, ერთ კვირაში ბავშვთა ინფიცირების 243,000-ზე მეტი შემთხვევა იყო, რაც COVID-19-ით ინფიცირების ყოველკვირეული შემთხვევების 28.9%-ია.

აშშ-ში, პანდემიის დაწყების დღიდან, ბავშვებმა ინფიცირების მთლიანი შემთხვევების 15.5% შეადგინეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გაზრდილია, ივნისის მონაცემებით ინფიცირებულებში ბავშვებისა და მოზარდების წილი 14% იყო.

COVID-19-ით ბავშვთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მონაცემები შტატების მიხედვით განსხვავებულია. საერთო ჯამში, პედიატრიის ამერიკული აკადემიის მონაცემებით:

• ჰოსპიტალიზაცია - ბავშვებმა საერთო კუმულაციური ჰოსპიტალიზაციის 1.6%-4% შეადგინეს. ბავშვებს შორის COVID-19-ის ჯამური შემთხვევების 0.1%-1.9%-ში საჭირო გახდა მათი ჰოსპიტალიზაცია.

• სიკვდილიანობა - COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის ბავშვების წილმა 0.00%–0.27% შეადგინა, ხოლო შვიდ შტატში ბავშვთა სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. ბავშვებს შორის COVID-19-ის შემთხვევების 0.00%-0.03% ლეტალურად დასრულდა.

ჯანდაცვის საერთაშორისო უწყებები და მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბავშვები და მოზარდები, განსაკუთრებით ვისაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ (ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები), COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან. რადგან, სამეცნიერო მტკიცებულებით, ბავშვებსა და მოზარდებში (12 წლის და ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში) ვაქცინის სარგებელი პოტენციურ რისკს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA), ევროპის მარეგულირებელმა (EMA) და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის Pfizer/BioNTech-ის 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოყენების ნებართვა გასცა. (აქამდე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იყო დასაშვები). ავტორიზაციას საფუძვლად დაედო აშშ-ში ჩატარებული კლინიკური კვლევა, სადაც 2000-ზე მეტი 12-15 წლის ასაკის პირი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტიანობამ 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 100%-ს მიაღწია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) 12 წლის და უფროსი ასაკის პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის რეკომენდაციას გასცემს. CDC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ასაკის მოსახლეობასთან შედარებით ბავშვებს ნაკლები რისკი აქვთ, ბავშვები და მოზარდები ავადდებიან COVID-19-ით და არიან ვირუსის გამავრცელებელნი. ვაქცინებს შეუძლია დაიცვან ბავშვები COVID-19-ისგან, ინფიცირების შემთხვევაში კი დაიცვას ისინი დაავადების გართულებისგან. ამასთან, ადრეული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ვაქცინებს შეუძლია COVID-19-ის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

მიმდინარე წლის მაისში, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 ასაკობრივ კატეგორიაში mRNA ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. EMA-ს დასკვნით, 12-15 ასაკის ბავშვებში ვაქცინაციით მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც კორონავირუსის გართულების რისკის ქვეშ არიან.

ამჟამად, 12 წლის ასაკის ქვემოთ ბავშვებში ვაქცინაცია ჯერჯერობით დასაშვები არ არის, რადგან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის.

ბავშვებში კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე „ფაქტ-მეტრს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ესაუბრა. მისი, განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსი ყოველთვის მარტივად არ მიმდინარეობს და გართულებები ახასიათებს. მათ შორის, ჰოსპიტალიზაცია, კრიტიკული შემთხვევები და ლეტალობაც. „როცა ვსაუბრობთ ვაქცინაციაზე, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ ბავშვები ისეთივე რისკის ჯგუფია, როგორც 65-70 წელს გადაცილებული ადამიანები, რადგან მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ლეტალობის განმაპირობებელი არა მხოლოდ ასაკი, არამედ უამრავი თანმხლები ქრონიკული დაავადებაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კორონავირუსით გარდაცვალების პიკი მაღალასაკობრივ ჯგუფებზე მოდის. თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ბავშვებში კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციას და ლეტალურ შემთხვევებს არ იწვევს“.

ავტორიზაცია თავისთავად ნიშნავს, რომ ვაქცინით მიღებული პოტენციური სარგებელი პოტენციურ რისკებს მკვეთრად აღემატება. 12-17 წლის მოზარდებში კვლევის პროცესში ვაქცინასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ვაქცინის გვერდითი ეფექტები ძირითადად მსუბუქი და ზომიერი იყო, უპირატესად ინექციის ადგილას ტკივილი, დაღლილობა და თავის ტკივილი. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მასზე დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს. Pfizer-BioNTech ვაქცინით აცრის შემდეგ, 12-17 წლის მოზარდებში ხშირი იყო მსუბუქი რეაქციები, ხოლო სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათი (მათ შორის, დაფიქსირდა მიოკარდიტის შემთხვევები). მოზარდებში ვაქცინაციის შემდეგ ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. CDC-ის ცნობით, COVID-19 დაავადების ცნობილი რისკები და მასთან დაკავშირებული შესაძლო მძიმე გართულებები, როგორიცაა: ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიც კი, ბევრად აღემატება ვაქცინაციაზე იშვიათი გვერდითი რეაქციის პოტენციურ რისკებს, მათ შორის, მიოკარდიტის ან პერიკარდიტის რისკს.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი