რომანოზ გერლიანი: მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 68% არის სიღარიბის ზღვარს მიღმა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომანოზ გერლიანის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: რომანოზ გერლიანი განცხადებისას სოციალურად დაუცველებზე საუბრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს მონაცემებით, მესტიის რაიონში 6,380 მოქალაქე (1,754 ოჯახი) არის ფულადი სოციალური დახმარების მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 68.6%-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით, სხვა რაიონებთან შედარებით, მესტიის რაიონში სოციალურად დაუცველთა პროცენტული წილი რაიონის მთლიანი მოსახლეობასთან შეფარდებით ყველაზე მაღალია.

ანალიზი

„გირჩის“ მესტიის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა რომანოზ გერლიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 68% არის სიღარიბის ზღვარს მიღმა“.

რომანოზ გერლიანი განცხადებისას ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა წილზე საუბრობს. სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. შესაბამისად, ის აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს მონაცემებით, მესტიის რაიონში 6,380 მოქალაქე (1,754 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 68.6%-ს შეადგენს. რეგიონებისა და რაიონების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მესტიის რაიონში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის პროცენტული წილი (რაიონის მთლიანი მოსახლეობასთან შეფარდებით) ყველაზე მაღალია.

ქვეყნის მასშტაბით საარსებო შემწეობის მიმღები არის 622,923 მოქალაქე (168,798 ოჯახი), რაც მთლიანი მოსახლეობის 16.7%-ია.

2020-2021 წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა [საარსებო შემწეობის მიმღებთა] რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისი პირდაპირ აისახა შინამეურნეობების კეთილდღეობაზე, რასაც ჰქონდა გამაღარიბებელი ეფექტი. მეორეს მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდაზე გავლენა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებამ იქონია (ამ თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრი სტატია).

პანდემიამდე პერიოდშიც მესტიის რაიონში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი იყო. 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, მესტიის რაიონში მოსახლეობის 55%-ზე მეტი საარსებო შემწეობას იღებდა.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკი ასახვას, 2017-2021 წლებში, ერთ წლიან მონაკვეთში როგორ იცვლებოდა მესტიის რაიონში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა (საანგარიშოდ აღებულია აგვისტოს თვის მონაცემები).

აქვე აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა მუდმივად განახლების რეჟიმშია და ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობაც იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება, ოჯახის შემოსავლების ან დემოგრაფიული ცვლილებების გამო, 4 წელიწადში ერთხელ კი სოციალურად დაუცველი ოჯახების გეგმური შემოწმება ხორციელდება. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ცვლილებაზე გავლენა აქვს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებას. რიგ შემთხვევაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს პროგრამის გაფართოებას.

გრაფიკი 1: 2017-2021 წლებში, მესტიის რაიონში ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა და პროცენტული წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი